საქმე # 330141221004293114
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2331-21 25 მარტი, 2021 წელი
შ. ი., 2331-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. შ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ი. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით. ი. შ-ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით ი. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63- 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. ი. შ-ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი. შ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენით ი. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი.
- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი.
გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 11 თვითა და 24 დღით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი.
ი. შ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
ი. შ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 იანვრიდან.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. შ. გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 (ერთი) თვითა და 14 (თოთხმეტი) დღით ადრე, 2018 წლის 22 ნოემბრს. ი. შ-ს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ვადა დაუსრულდა 2019 წლის 8 იანვარს.
6. 2021 წლის 21 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში გაიგზავნა მსჯავრდებულ ი. შ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით და ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით:
მსჯავრდებულ ი. შ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე.
მსჯავრდებული ი. შ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით (რაც სრულად შთანთქა 2018 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა).
ი. შ-ს აღუდგა (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
მსჯავრდებულ ი. შ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე და უცვლელად დარჩა საბოლოოდ დანიშნული სასჯელი.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. მსჯავრდებული ი. შ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ს. საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებულ სასჯელზეც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: „ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ი. შ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც არ წარმოადგენს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებულ დანაშაულს, რის გამოც მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი