Facebook Twitter

საქმე # 330141221004288197

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2361-21 19 მარტი, 2021 წელი

ა–ი ე., 2361-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ა–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 28 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ე. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 14 მაისიდან.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 წლისა და 6 თვის ვადით - შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ე. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 7 მაისიდან.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით და თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული, საქმიანობის უფლება აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 - ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 წლის ვადით - შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ე. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 მარტიდან.

ე. ა–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული, საქმიანობის უფლება აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ე. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისისა და 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებებით მსჯავრდებულ ე. ა–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული განსახილველად.

6. 2021 წლის 18 იანვარს N.. პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით N.. პენიტენციური დაწესებულების მოთხოვნა მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

- მსჯავრდებული ე. ა–ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). სხვა ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

- მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე.

- მსჯავრდებული ე. ა–ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). სხვა ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

- მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე.

საბოლოოდ ე. ა–ს მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

მსჯავრდებულ ე. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 მარტიდან.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ა–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

9. მსჯავრდებულმა ე. ა–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება - სასჯელის განახევრება.

10. მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ სასამართლო წარმოების მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 10 მარტს, ხოლო გამოთხოვილი პირადი საქმე - 2021 წლის 18 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

3. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ ე. ა–ი უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისგან. ამასთან, ვინაიდან ე. ა–ი თავისუფლდება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისგან სრულად, მასვე უნდა აღუდგენს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

4. რაც შეეხება იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ე. ა–ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რისთვისაც განესაზღვრა ერთიანი სასჯელი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ამომწურავად განსაზღვრავს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ვრცელდება მისი მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, რისთვისაც ე. ა–ს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება გამოიყენოს იმ შემთხვევის მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).

5. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მოტივაციას მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენთან მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ამასთან, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე, ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

მოცემულ შემთხვევაში თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს ის იყო ნასამართლევი - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის. ანუ არანარკოტიკული დანაშაულისათვის. შესაბამისად, მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი - სასჯელის განახევრება - ვერ გავრცელდება.

ამინისტიის აქტის მოქმედება ასევე არ ვრცელდება ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ ჯარიმაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

6. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მოტივაციას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან გათავისუფლებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა) აღდგენის თაობაზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში სრულად არის დაკმაყოფილებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლისა და მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.

7. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მოტივაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით დადგენილი დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები) ჩადენის დროს ის იყო ნასამართლევი არანარკოტიკული დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი). აღნიშნული კი გამორიცხავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას. ე. ა–ს იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო ასევე მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაავრცელოს ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

8. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, რომელიც შემდგომ, თავის მხრივ, მთლიანად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თუმცა სასჯელის შთანთქმის პრინციპით დანიშვნა არ გულისხმობს, რომ ე. ა–ს მიმართ აღარ არსებობს მითითებული განაჩენით შეფარდებული სასჯელი ( მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N1248აგ-13, N421-21).

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე