საქმე # 330141221004283695
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2371-21 16 მარტი, 2021 წელი
ს–ე ო., 2371-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ს–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ო. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა, 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა, 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით ო. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ო. ს–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ო. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი ო. ს–ს მიმართ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებთ დაუშვებლად იქნა ცნობილი ო. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი.
5. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ო. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ს–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენებით დანიშნულ სასჯელთა მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ო. ს–ემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.
8. უზენაეს სასამართლოში მსჯავრდებულ ო. ს–ს პირადი საქმე შემოვიდა 2021 წლის 16 მარტს 1 ტომად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ო. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ო. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა, 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ¼-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის, პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე, სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე, სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ო. ს–ეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, იგი კანონმდებლის მკაფიო მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ ისარგებლებს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათით.
4. საკასაციო სასამართლო არ მსჯელობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, რომლის მოუხდელი ნაწილიც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რადგან, როგორც წარმოდგენილი პირადი საქმის მასალებით ირკვევა, სასჯელი დღეის მდგომარეობით აღსრულებულია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი ო. ს–ს მიმართ, რომლის თანახმადაც, ო. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ¼-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მე-2 პუნქტის მიზნებისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
6. წარმოდგენილი პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ო. ს–ე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო საქართველოს სსკ-ის XXX თავით (საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი. შესაბამისად, კანონმდებლის მკაფიო მოთხოვნა მსჯავრებულის ნასამართლობის არქონის თაობაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო ო. ს–ს მიმართ ზემოაღნიშნული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საფუძველი, არ არის გამოკვეთილი.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. ს–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე