Facebook Twitter

საქმე # 330141221004294062

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2381-21 16 მარტი, 2021 წელი

ჯ–ე ი., 2381-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჯ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ი. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წელი განესაზღვრა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით.

- მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ი. ჯ–ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის გამოყენებით, ი. ჯ–ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წელი განესაზღვრა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 (ხუთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ი. ჯ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 აგვისტოდან.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს (№............) გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. ჯ–ს შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. მსჯავრდებული ი. ჯ–ე გათავისუფლდა 3 (სამი) თვითა და 4 (ოთხი) დღით ადრე.

3. 2021 წლის 19 იანვარს ...........ს პრობაციის ბიუროს უფროსმა, პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ჯ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით:

- მსჯავრდებული ი. ჯ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.

- მსჯავრდებულ ი. ჯ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით დადგენილი შეღავათი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ჯ–ემ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ჯარიმის განახევრება.

6. უზენაეს სასამართლოში მსჯავრდებულ ი. ჯ–ს პირადი საქმე შემოვიდა 2021 წლის 16 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ი. ჯ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.“ შესაბამისად, ი. ჯ–ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით მსჯავრდებული პირების მიმართ. ამდენად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი.

5. მსჯავრდებული ი. ჯ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმათ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ჯარიმის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის განახევრებას.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“. ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.“ წარმოდგენილი პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ჯ–ს მსჯავრი დაედო, მიღებულია 2017 წლის 14 სექტემბერს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ი. ჯ–ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმაზე.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ჯ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე