საქმე # 330141221004287542
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2401-21 19 მარტი, 2021 წელი
ბ–ე გ., 2401-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განაჩენით გ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - სსკ-ის) 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- სსკ-ის 18,260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეიკრიბა და სასჯელად დაენიშნა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის განაჩენი, რომლითაც გ. ბ–ეს დანიშნული ჰქონდა სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და მოსახდელი დარჩა 6 თვე, რასაც დაემატა დანიშნული 27 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ბ–ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2009 წლის 18 ივნისიდან 2009 წლის 19 ივნისამდე დაკავებულად ყოფნის დრო.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გ. ბ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ბ–ს განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის განაჩენით გ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 10 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთას, ასევე ჯარიმას - 10 000 ლარს დაემატა ახალი განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ–ეს განესაზღვრა 11 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 10 000 ლარი. გ. ბ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 3 დეკემბრიდან.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე.
10. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა ვ. დ–მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ბ–ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
13. მსჯავრდებულმა გ. ბ–ემ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
14. მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 18 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.“ ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.“
4. მოცემულ შემთხვევაში გ. ბ–ე სხვადასხვა დროს მსჯავრდებულია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2010 წელს მოქმედი რედაქცია), 18,260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2010 წელს მოქმედი რედაქცია) და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ბ–ე სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მასვე სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და 18,260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით. 2010 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გ. ბ–ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდება გულისხმობდა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მოქმედი რედაქციით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონო გასაღებისათვის, იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 14 წლამდე (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული).
6. სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან გ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნიშნით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება მასზე არ ვრცელდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს გ. ბ–ს საჩივარი.
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ასევე არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ბ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე