Facebook Twitter

საქმე # 170141221004281569

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2431-21 18 მარტი, 2021 წელი

გ. ა., 2431-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ს საჩივარი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით ა. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მზია გირგვლიანის 4500 ლარის ნაწილში), გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 220-ე მუხლზე.

ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; სსკ-ის 220-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით ა. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდა ა. გ-ს დაეწყო 2019 წლის 2 ივლისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახლველად.

4. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ა. გ-ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით.

5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

6. მსჯავრდებული ა. გ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. გ. მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვრცელდება მხოლოდ „ბ“ ქვეპუნქტზე, მაგრამ, ვინაიდან მას სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი კანონიერად ვერ გავრცელდა დამოუკიდებლად სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ „ამნისტიის შესახებ“ ხსენებული კანონის ამოქმედების მომენტისათვის ა. გ-ს არ ჰყავდა არასრულწლოვანი შვილი და არ სარგებლობდა სტუდენტის სტატუსით, რის გამოც მის მიმართ ასევე კანონიერად ვერ გავრცელდა მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი