საქმე # 160141221004280125
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2441-21 19 მარტი, 2021 წელი
გ. გ., 2441-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით - ჩაეთვალა პირობითად, ორი წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. გ-ს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად გ. გ-ს განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით - ჩაეთვალა პირობითად, ორი წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
გ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 მაისიდან.
2. 2021 წლის 18 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. გ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. მსჯავრდებული გ. გ. საჩივრით ითხოვს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. გ. მსჯავრდებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი), ასევე სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი), რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ვრცელდება მხოლოდ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მაგრამ ვინაიდან, გ. გ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და ასევე - სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელების სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი კანონიერად ვერ გავრცელდა დამოუკიდებლად - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი