Facebook Twitter

საქმე # 330141221004304867

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №245I -21 თბილისი

ბ. ლ., 245I -21 18 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ.ს ადვოკატ ი. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივლისის განაჩენით ლ. ბ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენით ლ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე” პუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები; ლ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 26 სექტემბრიდან 2013 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელი აეთვალა განაჩენის აღსრულებიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ლ. ბ.ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.

4. 2021 წლის 25 იანვარს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ ძებნილი მსჯავრდებულის - ლ. ბ.ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით ლ. ბ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოლეგიის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან; ლ. ბ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, იმის მერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც შეესაბამება 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებს) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით აღსასრულებლად მიქცეული სასჯელი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ.ს ადვოკატმა ი. კ-მ, რომელიც ითხოვს ლ. ბ.ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან იგი პრობაციის სამსახურის ნებართვით გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც დასაქმდა და ვეღარ დაბრუნდა საქართველოში, რის გამოც გაუქმდა პირობითი მსჯავრი და აღსრულდა მისი სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით - ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ.ს მიმართ მართებულად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ხოლო საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივები სცდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებისას სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხებს და, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს მათზე.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. ბ.ს ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი