Facebook Twitter

საქმე # 330141221004287638

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №246I -21 თბილისი

ს. გ., 246I -21 19 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენით გ. ს., - დაბადებული 19..წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენი გ. ს-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №15 დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ს-ს პირადი საქმე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ს-მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლებას, რომლის ნაწილი დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაცენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის განახევრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი წარსული ნასამართლობები არის გაქარწყლებული, ამასთან, შეუძლია, სასამართლოს წარუდგინოს დაზარალებულის თანხმობა მის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით - ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოტივაციას და აღნიშნავს: მართალია, გ. ს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მაგრამ ამ დანაშაულის ჩადენისას იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განაჩენით იყო ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა; ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განაჩენით გ. ს. მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელზეც „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი საერთოდ არ ვრცელდება; რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენს, რომლითაც გ. ს. მართალია მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც შეესაბამება 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებს), მაგრამ ამ დანაშაულის ჩადენისას იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 მარტის განაჩენით იყო ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები მართებულად არ გავრცელდა.

4. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გ. ს-ს მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ იმსჯელოს იმ საკითხზე, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის აღსრულების წინაპირობებია - მიყენებული ზიანის ანაზღაურება და თითოეული დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე და რამდენად გამოკვეთილია განსახილველ შემთხვევაში ეს წინაპირობები.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი