ას-910-950-11 17 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ა-ის“ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2010 წლის 13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ე-მა” მოპასუხე შპს “უ. ს-ზე” მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ე-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს “უ. ს-ზე” შპს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2072.50 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შპს “უ. ს-ზე” და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს “უ. ს-ზე” საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “უ. ს-ზე”
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინებით შპს “უ. ს-ზე” სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ა-მა” და მოთხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ა-ის” კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს “ა-მა” გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინება, რომლითაც შპს “უ. ს-ზე” სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებას არ ასაჩივრებს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი ანუ პირი, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია განჩინება. ამ თვალსაზრისით გაუგებარია ამ განჩინების შემხებლობა კერძო საჩივრის ავტორთან. იმ პირობებში, როდესაც განუხილველად დატოვებული საჩივრის ავტორი არ თვლის მის უფლებას დარღვეულად (არ ასაჩივრებს), შეუძლებელია შეილახოს შპს ,,ა-ის’’ უფლება. მისი ამ საქმესთან დაკავშირებული ინტერესის თაობაზე არც საჩივარშია რაიმე მითითებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “ა-ი” ვერ მიიჩნევა განჩინების გასაჩივრებაზე უფლების მქონე სუბიექტად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან შპს “ა-ი” არ წარმოადგენს კერძო საჩივრის შეტანაზე უფლების მქონე სუბიექტს, მისი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ა-ის” კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.