Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №249I -21 თბილისი

გ-ი ს-ა, 249I -21 19 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ს. გ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ს. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ს. გ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ს. გ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 თებერვლიდან იმავე წლის 22 თებერვლის ჩათვლით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენით ს. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და აღუსრულებელი ჯარიმა - 4555 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. გ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 11 მაისიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4555 ლარი.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ს. გ-ი გათავისუფლდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით დადგენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო ამავე განაჩენით დადგენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენით ს. გ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განსაზღვრული ძირითადი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა - 4555 ლარი დარჩა უცვლელად.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. გ-მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ს. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის - ნასამართლობის არქონა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რაც მოცემულ შემთხვევაში შესრულდა, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენით ს. გ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის შემცირების საფუძველი არ არსებობს.

3. რაც შეეხება ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის - ჯარიმა - 1000 ლარის გადახდისაგან მსჯავრდებულ ს. გ-ის გათავისუფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ამ კანონით გათვალიწინებული სასჯელისაგან გათავისუფლება ან შემცირება არ ვრცელდება ჯარიმის სახით განსაზღვრულ სასჯელზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჯარიმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ს. გ-ს ჯარიმა - 1000 ლარი დაეკისრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით, რის გამოც მსჯავრდების ამ ნაწილში მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ უნდა გავრცელებულიყო.

4. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით დადგენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის - ჯარიმა - 1000 ლარის გადახდისაგან მსჯავრდებულ ს. გ-ის გათავისუფლება დარჩეს უცვლელად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს იხილავს საჩივრის ფარგლებში, ასევე, ამავე კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს, მიიღოს მსჯავრდებულისათვის არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების საკითს, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიღებულია ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ს. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე