საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №250I -21 თბილისი
ჩ-ე ბ-ა, 250I -21 19 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის № პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბ. ჩ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბ. ჩ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ბ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 11 თებერვლიდან.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ჩ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სასჯელის განახევრებას. ასევე ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია პრაქტიკისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით აღნიშნავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეიძლება გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ა“ ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან - ქურდობა დიდი ოდენობით (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ბ. ჩ-ე მსჯავრდებულია დიდი ოდენობით ქურდობის მცდელობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, კერძოდ: მან დიდი ოდენობით ქურდობის მცდელობა (19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება), ბინაში უკანონო შეღწევით (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც ასევე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, მისი საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია პრაქტიკისათვის, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა წარმოდგენილ საჩივარს იხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე.
4. ამდენად, მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ დაზარალებულის თანხმობასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის თანხმობა ვერ გახდება ბ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელების საფუძველი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე