Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №251I -21 თბილისი

ო-ი დ-თ, 251I -21 19 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ო-ის საჩივარი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. ო-ის პირადი საქმე.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ო-ის, - - - მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ო-მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ დ. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის - ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეიძლება გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ა“ ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან - ქურდობა დიდი ოდენობით (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დ. ო-ი მსჯავრდებულია ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, კერძოდ: მან ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ჩაიდინა ბინაში უკანონო შეღწევით (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.

2.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დ. ო-ი მსჯავრდებულია:

ü ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ქურდობისათვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ, საცავსა და ბინაში უკანონო შეღწევით, კერძოდ: მან ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ჩაიდინა როგორც ქურდობისათვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევმა პირმა (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება), საცავში უკანონო შეღწევით (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება), ბინაში უკანონო შეღწევით (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც ასევე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით;

ü ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ქურდობისათვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, კერძოდ: მან ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ჩაიდინა როგორც ქურდობისათვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევმა პირმა (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება), ბინაში უკანონო შეღწევით (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც ასევე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და ასევე ერთიანი სასჯელი აქვს შეფარდებული, უფრო მკაცრი ნორმით;

ამავე დროს, დ. ო-ი ნასამართლევია წინა განაჩენით.

3. ამასთან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დ. ო-ი მსჯავრდებულია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელზეც ასევე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. ამდენად, მსჯავრდებულ დ. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაში დაშვებული უზუსტობის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული უზუსტობა აღმოიფხვრა ამავე სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ. ო-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე