Facebook Twitter

ბს-1276-1079-კ-04 17 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 26 აგვისტოს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ პროკურორმა მოპასუხეების _ ჯ. გ.-ის, გ. დ.-ისა და გ. დ.-ის მიმართ ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მოპასუხეებისთვის მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ჯ. გ.-ის მიმართ. საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რაც მოსარჩელეს აძლევდა საფუძველს ვარაუდისა, რომ მითითებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პირის მფლობელობაში იმყოფებოდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა:

1) ჯ. გ.-ის კუთვნილი ქონების:

a) საცხოვრებელი სახლი წედის რაიონის სოფ. ... (საერთო საკუთრება შვილთან ერთად);

b) 1,006 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქედის რაიონის სოფ. ...;

g) დასასვენებელი სახლი ხულოს რაიონის კურორტ ...-ში, საერთო ფართით 50 კვ.მ;

d) ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., საერთო ფართით 0,07 კვ.მ (მიწის ფართობი);

e) 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი სოფ. ...;

v) ავტომანქანა “უაზი 469”;

z) მშენებარე წვენების მიკროქარხანა სოფ. ...

2) გ. დ.-ის, რომელიც წარმოადგენდა ჯ. გ.-ის ოჯახის წევრს (მეუღლეს), კუთვნილი 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მეურნეობის ტერიტორიაზე;

3) გ. დ.-ის, რომელიც წარმოადგენდა ჯ. გ.-ის ახლო ნათესავს, კუთვნილ 164 კვ.მ საცხოვრებელი ბინისა და კომერციულ ფართის, მდებარე. ქ. ბათუმში, ...

დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნობა და სახელმწიფოსთვის გადაცემა იმ მოტივით, რომ მოპასუხეთა შემოსავლების შესახებ მოპოვებული მტკიცებულებები იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ მათი შემოსავლები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა მითითებული ქონების მოპოვებას, კერძოდ, ჯ. გ.-ი 1996წ. 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშუშროების მინისტრის მოადგილედ და ამ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 1732 ლარი და 1140 აშშ დოლარი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს უარი ეთქვა ქედის რაიონის სოფ. ... არსებული საცხოვრებელი სახლისა და 1 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე და მას დაეკისრა 3000 ლარის კომპენსაცია სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით გაუმჯობესებისათვის. მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონ სოფ. ... არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და 0,07 ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე და მას დაეკისრა 8000 ლარი კომპენსაცია სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით გაუმჯობესებისათვის. აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილდა, კერძოდ, ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა ჯ. გ.-ზე რიცხული შემდეგი ქონება:

1) დასასვენებელი სახლი ხულოს რაიონის კურორტ ...-ში, ღირებული 10000 ლარად;

2) 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი სოფ. ...;

3) ავტომანქანა “უაზი”, ღირებული 1500 ლარად;

4) მშენებარე წვენების ქარხანა, მდებარე ქედის რაიონის სოფ. ...

ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადეცა მისი ოჯახის წევრის _ გ. დ.-ის სახელზე რიცხული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მეურნეობის ტერიტორიაზე, ღირებული 5000 ლარად;

უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი, ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა ჯ. გ.-ის ახლო ნათესავის _ გ. დ.-ის სახელზე რიცხული მშენებარე საცხოვრებელი სახლი არასაცხოვრებელი კომერციული ფართით, მდებარე ქ. ბათუმში, ..., ღირებული 105000 ლარად.

სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ჯ. გ.-ის მიერ აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მიღებული შემოსავალი _ 1792 ლარი და 1140 აშშ დოლარი საკმარისი იყო მხოლოდ 5-სულიანი ოჯახის სარჩენად და მას არ შეეძლო სარჩელში აღნიშნული ქონების შეძენა და გაუმჯობესება კანონიერი გზით. მის მეუღლესა და შვილებს დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნდათ.

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიჩნია, რომ ჯ. გ.-ისა და გ. დ.-ის სადავო ქონება _ დასასვენებელი სახლი ხულოს რაიონის კურორტ ..., ღირებული 10000 ლარად, 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაონის სოფ. ..., მშენებარე მიკროქარხანა, მდებარე ქედის რაიონის სოფ. .., ავტომანქანა “უაზი _ 469", ღირებული 1500 ლარად, მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მეურნეობის ტერიტორიაზე, ღირებული 5000 ლარად, შეძენილი ჰქონდათ უკანონოდ, დაუსაბუთებელი შემოსავლით, რადგან მოპასუხეებმა ამ ქონების კანონიერი გზით შეძენაზე რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე და 218-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული ქონება ექვემდებარებოდა ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემას.

სასამართლო კოლეგიამ ასევე ჩათვალა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე ორსართულიანი სახლი 0,7 ჰა მიწის ნაკვეთით, აშენებული 1993 წელს და ქედის რაიონის სოფ. ... მდებარე მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი 1 ჰა მიწის ნაკვეთით ჯ. გ.-ს არ უნდა ჩამორთმეოდა, მაგრამ, ვინაიდან ამ საცხოვრებელი სახლების გაუმჯობესება მოხდა 2002 წელს, როდესაც ეს უკანასკნელი ქედის რაიონის გამგებლად მუშაობდა, მას კომპენსაციის სახით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით აღნიშნული სახლების გაუმჯობესებისთვის უნდა დაკისრებოდა შესაბამისად _ 3000 და 8000 ლარის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ჯ. გ.-ის ახლო ნათესავს, სიმამრს _ გ. დ.-ს, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო სახლი, ღირებული 105000 ლარად, აშენებული იყო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით და ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც ჯ. გ.-ი მუშაობდა აჭარის ა/რ უშიშროების მინისტრის მოადგილედ და ქედის რაიონის გამგებლად. ამ ქონების კანონიერი გზით შეძენისთვის საჭირო ფინანსური შემოსავლებისა და საჭირო სახსრების მოპოვების თაობაზე გ. დ.-მ საკმაო მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო და ეს ქონება ექვემდებარებოდა ჩამორთმევას.

სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯ. გ.-მა გ. დ.-მ და გ. დ.-მ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა საკასაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... არსებული საცხოვრებელი სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის გაუმჯობესებისთვის კომპენსაციის სახით 8000 ლარის დაკისრების ნაწილში სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ მოპასუხეს ამ ქონების კანონიერება და დასაბუთებულობა მაინც უნდა დაესაბუთებინა. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, კერძოდ, თუ რატომ მოხდა მოპასუხისთვის ამ თანხის დაკისრება. კასატორი ითხოვს მოპასუხისთვის ამ ნაწილში თანხის ორმაგი ოდენობის დაკისრებას.

გ. დ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქ. ბათუმში, ... მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლისა და კომუნალური ფართის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ 2000წ. 22 ივნისს მოქ. თ. დ.-ისაგან იყიდა აღნიშნულ მისამართზე არსებული ერთსართულიანი სახლის მიწის ნაკვეთი, რომელიც დაშალა და სახლის მშენებლობა დაიწყო 2001 წელს, მაგრამ არ დაუმთავრებია, სახლის 105000 ლარად შეფასება აუდიტის მიერ კასატორს მიაჩნია უსაფუძვლოდ, რადგან სახლის პროექტის ხარჯთაღრიცხვით მშენებლობის ხარჯი შეადგენს 45490 ლარს. მას გააჩნია ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მამა-პაპისეული სახლი მანდარინის პლანტაციით, ჰყავს ფური, წლიური შემოსავალი შეადგენს 13000 ლარს, გარდა ამისა, 35 წელი მუშაობდა “ს.-ს’’ აჭარის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე, მისი თვიური ხელფასი 250 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სასამართლოს მტკიცება, რომ სახლის მშენებლობას აწარმოებს უკანონო შემოსავლებით, დაუსაბუთებელია, როგორც იურიდიულად, ისე ფაქტობრივად.

ჯ. გ.-ი და გ. დ.-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ, ვინაიდან ჯ. გ.-ი იყო ძებნილი, უწყება ჩაჰბარდათ მის ნათესავებს, რომლებიც მისი ოჯახის წევრები არ არიან და უწყებას, გასაგების მიზეზების გამო, მას ვერ ჩააბარებდნენ. სსკ-ის 280-ე მუხლის “დ" პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ გამოუცხადებელია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი საპროცესო უფლებები დაირღვა და წაერთვა პროცესში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის დაცვის საშუალება.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ჯ. გ.-ი თანამდებობაზე დანიშვნამდე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, გააჩნდა ეკონომიკური კავშირები რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის ბიზნეს-წრეებთან, რომელთა დახმარებით აშენდა წვენების ქარხანა, რომელშიც 100% სახელმწიფოს წილია. აღნიშნული ქარხანა კი ჩამოსართმევ ქონების ნუსხაში იქნა შეტანილი. მიწის ნაკვეთები ქედისა და ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიებზე საკარმიდამოდ ერიცხებოდათ, ხოლო მიწის რეფორმის შედეგად კი საკუთრებაში გადაეცათ უსასყიდლოდ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ შეილახა სარჩელის აღძვრისთანავე მათი კონსტიტუციური უფლებები. მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ განაჩენი არ არსებობს, ხოლო კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. კასატორთა მითითებით, სარჩელში მითითებული ქონება კანონის დარღვევით არ ყოფილა მოპოვებული. მიწები რეფორმის შედეგად გადაეცათ, ქედის რაიონის სოფ. მილისში არსებული 80 მ2 საცხოვრებელი სახლი საერთოდ კეთილმოუწყობელია, ასევე კეთილმოუწყობელია 50 მ2 ფართის დასასვენებელი სახლი კურორტ ...-ში, სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობა 2002 წელს არ მომხდარა, იგი მიმდინარეობდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მათივე ხელით. ამასთან, როგორც მათთვის ცნობილი იყო, აუდიტი არც ერთ სახლში არ ყოფილა და როგორ იქნა ზეპირად შეფასებული ისინი, მათთვის გაუგებარია.

კასატორები ასევე თვლიან, რომ გ. დ.-ს, როგორც ჯ. გ.-ის სიმამრს, არ უნდა ჩამოერთვას სახლი და მაღაზია. გ. დ.-ე სახლის გაუმჯობესებას მთელი 10 წელი აწარმოებდა და ჯ. გ.-ის მიზეზით იგი არ უნდა დაისაჯოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. დ.-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ჯ. გ.-ისა და გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. გ.-ისთვის ავტომანქანა “უაზის", ღირებული 1500 ლარად, ქედის რაიონის სოფ. მახუნცეთში მშენებარე წვენების ქარხნის და გ. დ.-ის სახელზე რიცხული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მეურნეობის ტერიტორიაზე, ღირებული 5000 ლარად, ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ჯ. გ.-ისათვის ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით გაუმჯობესებისთვის კომპენსაციის სახით დაკისრებული 8000 ლარის ნაცვლად ორჯერ მეტი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, რადგან მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული არგუმენტები შესაბამისი მტკიცებულებებით. სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ჩათვალა, რომ მითითებული საცხოვრებელი სახლი, რომლის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და სახელმწიფოსთვის გადაცემას მოითხოვდა მოსარჩელე, ადრე იყო აშენებული და იგი არ უნდა ჩამორთმეოდა ჯ. გ.-ს, მაგრამ გაუმჯობესდა ამ უკანასკნელის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით და ამდენად, კომპენსაცია უნდა დაკისრებოდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურა იყო ვალდებული, წარმოედგინა მტკიცებულებები მათი მოთხოვნის დასაბუთებულად კომპენსაციის თანხის ორჯერ გაზრდის თაობაზე.

საკასაციო პალატა, ასევე უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს გ. დ.-ის მოსაზრებას ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის მისი შემოსავლებით შეძენისა და აშენების თაობაზე. კასატორის მიერ წარმოდგენილ 2004წ. 17 სექტემბერს შედგენილ აქტს და 2004წ. 24 სექტემბრის ცნობას საკასაციო პალატა ვერ განიხილავს გ. დ.-ის შემოსავლების დამადასტურებელ მტკიცებულებებად, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული აქტი და ცნობა კი არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც შეიძლება განისაზღვროს გ. დ.-ის რეალური შემოსავალი. საკასაციო პალატა შესაბამისად ეთანხმება სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა სადავო ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ გ. დ.-ის მიერ სახლი შეძენილ იქნა 19000 ლარად და მის მიერ წარმოდგენილი სახლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული 45000 ლარის გათვალისწინების შემთხვევაშიც, 64 ათასი ლარის კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია.

ამავე დროს საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯ. გ.-ის და გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის რეგისტრაციის სამსახურის 2004წ. 16 ნოემბრის 326 ცნობის თანახმად, სოფ. ... მდებარე გ. დ.-ის სახელზე 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ამ უკანასკნელისთვის გადაცემულია ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1997წ. 30 ივლისის ¹154 გადაწყვეტილებითა და 1999წ. 19 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების ¹22/2-5 აქტით, ანუ სადავო მიწის ნაკვეთი გ. დ.-ის მიერ შეძენილი არ ყოფილა და იგი უსასყიდლოდ იქნა გადაცემული და ამ ქონების უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევა უსაფუძვლოა.

ასევე უსაფუძვლოა ჯ. გ.-ისთვის ქედის რაიონის სოფ. ... მდებარე მშენებარე წვენების მიკროქარხნის ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა, რადგან, როგორც ქედის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების 2004წ. 11 ნოემბრის ¹24 ცნობით ირკვევა, ჯ. გ.-ისა და მისი მეუღლის სახელზე აღნიშნული ქონება არ არის აღრიცხული და რაიმე პრივატიზებული სახელმწიფო ქონება მათ არ გააჩნიათ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯ. გ.-ს მისი შემოსავალი აძლევდა შესაძლებლობას შეეძინა 1980 წელს გამოშვებული ა/მანქანა “უაზი" და ამ ა/მანქანის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევა ასევე უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა ჯ. გ.-ისა და გ. დ.-ის საკასაციო საჩივარს დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება ხულოს რაიონის კურორტ ...-ში მდებარე დასასვენებელი სახლისა და სოფ. ... მდებარე 0,11 ჰა მიწის ნაკვეთის კანონიერი გზით შეძენისთვის საჭირო ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორებს, რომ “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შესახებ” 2004წ. 13 თებერვლის საქართველოს კანონით მითითებულ კოდექსს დაემატა VII2 თავი და 2111-ე მუხლით დადგინდა, რომ თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე წარმოებული საქმეების განხილვისას, როდესაც თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, არ გამოიყენება სსკ-ის 233-ე მუხლი და ამ შემთხვევებში გამოიყენება სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების სსკ-ის VIII თავით დადგენილი წესი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ჯ. გ.-ის ავრტომანქანა “უაზის" და ქედის რაიონის სოფ. ...-ში მშენებარე წვენების ქარხნით, ასევე გ. დ.-ის სახელზე რიცხული, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ვინაიდან საქმის გარემოებები სასამართლო კოლეგიის მიერ საპროცესო წარმოების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს ან ნაწილში გადაწყვეტილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. დ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ჯ. გ.-ისა და გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. გ.-ისთვის ავტომანქანა “უაზის”, ღირებული 1500 ლარად, ქედის რაიონის სოფ. ... მშენებარე წვენების ქარხნის და გ. დ.-ის სახელზე რიცხული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის ...-ის მეურნეობის ტერიტორიაზე, ღირებული 5000 ლარად, ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი ჯ. გ.-ისათვის ავტომანქანა “უაზის”, ქედის რაიონის სოფ. ... მშენებარე წვენების ქარხნის და გ. დ.-ის სახელზე რიცხული ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

6. ჯ. გ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.