საქმე # 140141121004290222
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2521-21 19 მარტი, 2021 წელი
მ–ი ნ., 2521-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ–ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით ნ. მ–ი - დაბადებული 19.. წელს - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - სსკ-ის) 376-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 8 თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ნ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე და 67-ე მუხლების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ ნ. მ–ს 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ. მ–ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ნ. მ–ი (ნასამართლევი, მათ შორის, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის) ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა: სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით ჩაეთვალა პირობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ. მ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ. მ–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენში. ნ. მ–ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ–ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან პირობით ვადამდე 4 თვითა და 4 დღით ადრე.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ნ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 31 მაისის N....... გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
7. 2021 წლის 12 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
8. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 იანვრის განჩინებით ცვლილება შევიდა მსჯავრდებული ნ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენსა და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში. კერძოდ:
- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნ. მ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. მასვე აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ნ. მ–ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც 8 (რვა) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნ. მ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ნ. მ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, ნ. მ–ისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
- გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ნ. მ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
9. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. მ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
10. მსჯავრდებულმა ნ. მ–მ საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: 260-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლება.
11. მსჯავრდებულ ნ. მ–ის მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 18 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ნ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან გათავისუფლებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა) აღდგენის შესახებ. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, როდის ითვლება ნასამართლობის არმქონედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი. კერძოდ, თუ პირი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მიზნებისათვის ნასამართლევად არ ითვლება. ნ. მ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 376-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისას იყო ნასამართლევი პირი და მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ნ. მ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე