Facebook Twitter

საქმე # 010141221004273805

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2531-21 19 მარტი, 2021 წელი

ხ–ე მ., 2531-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით მ. ხ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა :

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა გამოსაცდელი ვადა - 4 წელი. პირობით სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 24 მარტიდან, 2006 წლის 25 მაისამდე - 2 თვე და 1 დღე. ფაქტობრივად მოსახდელი დარჩა - 3 წელი, 9 თვე და 29 დღე.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 200 დღიური ანაზღაურება, დღიურად 50 ლარის ოდენობით, 10 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განაჩენით მ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლისა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით, 9 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მ. ხ–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 9 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 9 თვითა და 29 დღით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, 2 წლისა და 6 თვის ვადით.

მ. ხ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2008 წლის 30 დეკემბრიდან.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თანახმად მსჯავრდებული მ. ხ–ე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული, რეალურად მოსახდელი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

მასვე აღუდგა ჩამორთმეული უფლება - ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით.

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 9 თვითა და 29 დღის ვადით, შეუმცირდა ¼-ით - 11 თვითა და 14 დღით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, 10 თვე და 15 დღე.

მ. ხ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2008 წლის 30 დეკემბრიდან.

4. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად მ. ხ–ე, რომელიც სასჯელს იხდიდა 2008 წლის 30 დეკემბრიდან, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლდა 2013 წლის 7 მარტს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით მ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 41-44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით.

მ. ხ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 27 მაისიდან - 2016 წლის 29 მაისამდე.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით მ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ. ხ–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

მ. ხ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 30 სექტემბრიდან

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 აპრილის განაჩენით მ. ხ–ს ინტერესების დამცვლის, ადვოკატ ჯ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

9. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ხ–ს პირადი საქმე.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ხ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ხ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

12. მსჯავრდებულმა მ. ხ–ემ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დანიშნული სასჯელის განახევრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მ. ხ–ე გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ასევე, ¼-ით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 10 თვით და 15 დღით, რომელსაც იხდიდა - 2008 წლის 30 დეკემბრიდან. მ. ხ–ე თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლდა - 2013 წლის 7 მარტს.

3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენზე, რასთან დაკავშირებითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 იანვრის განჩინებით არ უმსჯელია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის შთანთქმის პრინციპით დანიშვნა არ გულისხმობს, შთანთქმული სასჯელის გაუქმებას და უფრო დიდი სასჯელისგან გათავისუფლება მსჯავრდებულს ავტომატურად არ ათავისუფლებს შთანთქმული სასჯელისგანაც (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N1248აგ-13, N 421-21).

4. “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მ. ხ–ე, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის მქონე, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დაზარალებულის თანხმობა, “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე.

5. რაც შეეხება იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ მუხლზე რაიმე შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს.

6. “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

7. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ხ. მ-ს 2018 წლის 18 ივნისის განცხადება, რომლის თანახმად, მას მ. ხ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ზიანი ანაზღაურებულია და წინააღმდეგი არ არის, მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი და გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს მ. ხ–ე იყო ნასამართლობის მქონე, რის გამოც მასზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, ვერ გავრცელდება ამავე პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრების წესი.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ხ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე