Facebook Twitter

საქმე # 010141221004269043

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2541-21 22 მარტი, 2021 წელი

ბ–ე გ., 2541-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით გ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.

გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 11 აპრილიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენში გ. ბ–ს მიმართ შევიდა ცვლილება:

გ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით სასჯელად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი და 6 თვე.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა სადისტრიბუციო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით.

გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 11 აპრილიდან.

3. 2021 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ბ–ს პირადი საქმე.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ბ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

6. მსჯავრდებულმა გ. ბ–მ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის განახევრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.

3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია".

4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ. ბ–ე დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ (არ ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რისთვისაც განესაზღვრა ერთიანი სასჯელი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი ამომწურავად განსაზღვრავს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, რისთვისაც გ. ბ–ეს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტი განავრცოს იმ ქმედებებზე, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ბ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე