Facebook Twitter

საქმე # 020141221004292170

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №256I -21 თბილისი

ა. ვ., 256I -21 19 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში და ვ. ა., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2007 წლის 20 იანვრიდან.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2007 წლის 20 იანვრიდან.

3. 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №15 დაწესებულებიდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ა.ს პირადი საქმე.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ა-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მის ვადად განესაზღვრა - 20 წელი, რომელიც აეთვალა 2007 წლის 20 იანვრიდან.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ა-მ, რომელიც ითხოვს განჩინების ნაწილობრივ შეცვლასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე სასჯელის სახის შეცვლის შემდეგ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებას და განსაზღვრული სასჯელის - 20 წლით თავისუფლების აღკვეთის - ერთი მეოთხედით შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირს, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მის ვადად განესაზღვროს ოცი წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოტივაციას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ. ა-ზე მართებულად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, რომლის საფუძველზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მის ვადად განესაზღვრა - 20 წელი.

4. კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მიხედვით, ამნისტია არის ერთჯერადი აქტი, კერძოდ: ამ კანონის შესავალში აღნიშნულია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.

5. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვ. ა.ს მიმართ უკვე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და შესაბამისად, მითითებული კანონის გამოყენების შემდეგ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სახის შეცვლა არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ხელმეორედ გავრცელების საფუძველს.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ა.ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი