Facebook Twitter

საქმე # 020141221004316695

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №257I -21 თბილისი

ს. ნ., 257I -21 19 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხევით: სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით ნ. ს., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი; ნ. ს-ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 7 იანვრიდან.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ნ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ნ. ს-ს საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 3000 ლარი.

3. 2021 წლის 26 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან - სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. ს-ს პირადი საქმე.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ს-ზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ს-მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ს. მსჯავრდებულია სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და არცერთი ზემოაღნიშნული დანაშაული, რომელთა ჩადენაშიც მსჯავრდებულია ნ. ს., არ არის გათვალისწინებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, რისი მხედველობაში მიღებითაც, ამ დანაშაულებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მართებულად არ გავრცელდა.

3. საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა), ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად - ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა), ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე - ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს აღუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაცენით ნ. ს-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილთან, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2015 წლის 24 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 26 იანვრის ჩათვლით; გასაჩივრებული განაჩენი სხვა, მათ შორის - ნ. ს-სათვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისი ვადით ჩამორთმევის ნაწილში, დარჩა უცვლელად. ნ. ს. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 აპრილის განკარგულებით შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული საპატიმრო სასჯელების შემდგომი მოხდისაგან.

5. ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულ ნ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელებულა და იგი ამ კანონის საფუძველზე არ გათავისუფლებულა სასჯელისაგან, მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობა გათვალისწინებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი