საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №258I -21 თბილისი
ტ-ე ლ-ნ, 258I -21 19 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ტ-ის ადვოკატ გ. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. ტ-ის პირადი საქმე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ტ-ეს, - - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 15 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ორ ეპიზდში შეფარდებული სასჯელი - 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ტ-ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელად.
3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ტ-ის ადვოკატმა გ. ჩ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ლ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მართებულად გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ორ ეპიზოდში მსჯავრდებასთან მიმართებით, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ სასამართლომ ლ. ტ-ეს განუმარტა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისაობაშია მოსაყვანი ამავე კოდექსის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან, რის შემდეგაც განიხილავს სასამართლო ამ ქმედებასთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხს. ამასთან, ადვოკატი საჩივარში უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენის გადასინჯვისა და ლ. ტ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ლ. ტ-ის ადვოკატ გ. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ტ-ის ადვოკატ გ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე