Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №261I -21 თბილისი

ნ-ი დ-თ, 261I -21 19 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - კ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. ნ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. ნ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. ნ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 1000 ლარი, ხოლო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 3000 ლარი დაემატა მთლიანად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ნ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. დ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 თებერვლიდან იმავე წლის 23 მარტის ჩათვლით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ნ-მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას; მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას; პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და სასჯელისაგან გათავისულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას დ. ნ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების პირველი ნაწილებით (თაღლითობა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

3. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების პირველი ნაწილებით დ. ნ-ის მსჯავრდებასთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა), სასჯელისაგან შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენი პირი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ამ დანაშაულების ჩადენისას დ. ნ-ი წინა განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

4. ამავე დროს, მსჯავრდებულ დ. ნ-ის არგუმენტთან მიმართებით, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მიერ წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შთანთქმის გამო გაუქმდა სასჯელი და მისი ნასამართლობა წინა განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების პირველი ნაწილებით მსჯავრდებისათვის, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, მაგრამ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის №1248აგ-13 განჩინება) და, შესაბამისად, არც წინა განაჩენით მსჯავრდებისათვის ნასამართლობის გაუქმებას.

5. ამასთან, მსჯავრდებულის მოთხოვნასთან მიმართებით, რომ წინა განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 3000 ლარის გადაუხდელობა არ უნდა გახდეს ხელშემშლელი პირობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებისათვის, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია ნასამართლობის გაქარწყლების ვადები, კონკრეტული სასჯელების მოხდის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-40-42-ე მუხლების თანახმად, ჯარიმა არის სასჯელის ერთ-ერთი სახე, რომელიც შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას დ. ნ-ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელი - ჯარიმა - 3000 ლარი არ ჰქონდა გადახდილი, იგი ითვლებოდა ნასამართლევად და, შესაბამისად, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.

6. რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიერ საჩივარში მითითებულ ინფორმაციას, რომ პირობითი მსჯავრის გამო ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ინვალიდი დედა და მამის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ფარგლებში განსახილველ საკითხს.

7. ამდენად, მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ. ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე