¹ას-493-467-2011 13 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ხ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ... კომიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეროვნული ... კომიტეტის მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ... კომიტეტის 2007 წლის 7 სექტემბრის ¹51 განკარგულებით საქართველოს ... კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ასევე საქართველოს ... კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სამართლებრივ ფორმაში უკეთ მოქცევის მიზნით საქართველოს ... კომიტეტის აპარატში შეიქმნა იურიდიული სამსახური. ამავე განკარგულების მე-2 მუხლით, შექმნილი იურიდიული სამსახურის უფროსად დაინიშნა ი. ხ-შვილი. საქართველოს ... კომიტეტის 2007 წლის 7 სექტემბრის ¹51 განკარგულების თანახმად, 2007 წლის 10 სექტემბერს კომიტეტსა და მოსარჩელეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის, უფლებამოსილების, პასუხისმგებლობისა და ანაზღაურების ახალი პირობების გამო, 2007 წლის 10 ოქტომბრის საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან დაიდო ახალი ხელშეკრულება. საქართველოს ... კომიტეტის 2009 წლის 5 იანვრის ¹1 განკარგულებით ი. ხ-შვილსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის 2007 წლის 10 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება, სამუშაოს მოცულობის სრულად შესრულების გამო, 2009 წლის 5 იანვრიდან შეწყვეტილად გამოცხადდა. მოსარჩელეს 2009 წლის 5 იანვრისა და 15 იანვრის განკარგულებები ჩაბარდა 2009 წლის 27 მაისს. ი. ხ-შვილის განმარტებით, თუ საქართველოს ... კომიტეტის სახელით თ.გ-ძის მიერ დაწერილი 2009 წლის 5 იანვრისა და 15 იანვრის განკარგულებები ჩაითვლება ნამდვილად, საფუძვლიანად, სამართლიანად და იურიდიული ძალის მქონედ, საქართველოს ... კომიტეტის ხელმძღვანელობას შეწყვეტილი აქვს 2007 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება. ამდენად, კანონიერ ძალაშია საქართველოს ... კომიტეტის 2007 წლის 7 სექტემბრის ¹51 განკარგულება იურიდიული სამსახურის შექმნის, მოსარჩელის იურიდიულ სამსახურის უფროსად დანიშვნისა და 2007 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მუშაობდა მოსარჩელე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში და დღემდე ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მოპასუხის განმარტებით, არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ 2009 წლის 5 და 15 იანვრის განკარგულებები მაისამდე არ არსებობდა, რადგანაც საქართველოს ... კომიტეტის ყველა განკარგულებას ენიჭება ინდივიდუალური ნომერი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოსაზრების გაზიარებას, მხარეთა შორის 2007 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით მოიშალა საქართველოს ... კომიტეტის 2009 წლის 15 იანვრის ¹4 განკარგულებით და დამსაქმებლის ცალმხრივი ნება კანონით დადგენილი წესით მიუვიდა სამართლებრივი ურთიერთობის მეორე მხარეს, რაც ასევე გამორიცხავს მოსარჩელის მოსაზრების გაზიარებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ძალაში ყოფნისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ი.ხ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით ი. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის განხილვის დრო მოსარჩელე ი.ხ-შვილს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა და იგი 2010 წლის 27 ოქტომბერს გამოცხადდა კიდეც თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა, პროტესტის ნიშნად, საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ასევე დადგენილია, რომ მოსამართლემ მოსარჩელეს განუმარტა სასამართლო სხდომის დატოვების სამართლებრივი შედეგები. ამდენად, ი.ხ-შვილი მართებულად იქნა მიჩნეული სასამართლოში გამოუცხადებელ მხარედ და მის მიმართ სავსებით კანონიერად იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც სანქცია იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ანდა სასამართლო სხდომის უნებართვოდ დატოვებით არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს და აღნიშნულით ქმნის ვარაუდს, რომ მას არა აქვს ინტერესი არსებული დავის მიმართ. პალატის მითითებით, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული აპელანტის არგუმენტი, რომ მის მიერ სხდომის თვითნებური დატოვება გამოიწვია სასამართლოს მხრიდან არაობიექტურმა დამოკიდებულებამ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის მატერიალური თუ პროცესუალური ნორმების დარღვევით განხილვის შემთხვევაში, ი.ხ-შვილს შეეძლო სასამართლო გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა სააპელაციო საჩივრით. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის, 232-ე და 241-ე მუხლების დანაწესები. სასამართლომ მიუთითა, რომ გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ი. ხ-შვილი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. რაც შეეხება მის მითითებას, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა პაექრობის სტადიაზე, ეს გარემოება სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან მითითებული ფაქტი სასამართლო სხდომის ოქმით არ დასტურდება. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ საქმეში დევს საქართველოს ... კომიტეტის მიერ გაცემული მინდობილობის სახით ყალბი დოკუმენტი, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, კერძოდ, საქართველოს ... კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ბლანკიანი მომართვა, რომელსაც ხელს აწერს სეოკ-ის პრეზიდენტი _ გია ნაცვლიშვილი და, რომლითაც იგი ადასტურებს 2010 წლის 27 სექტემბერს სეოკ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტ რ.გ-ძის მიერ ა. ქ-ძის სახელზე გაცემულ ¹530 მინდობილობას, სადავოდ არ ხდის ამ დოკუმენტის ნამდვილობას, ამდენად, სასამართლომ იგი სათანადო მტკიცებულებად მიიჩნია. შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ მას ხელი შეეშალა სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაში, არ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმე განიხილა ტენდენციურად, მიკერძოებით, რაც დასტურდება იმითაც, რომ მას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ორჯერ ეთქვა უარი, რაც გამოწვეული იყო ხარვეზის გამოუსწორებლობით, ამასთან, სასამართლოს არ სურდა საქმეში მხარედ ჩაბმულიყო საერთაშორისო ... კომიტეტი.
სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლოს ტენდენციურობა დადასტურდა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დასტურდება საქართველოს ... კომიტეტის 2008 წლის 31 ოქტომბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის წარმართვითაც.
საქმის განხილვის დაწყებიდან მოყოლებული, კასატორი მოითხოვდა მოპასუხის წარმომადგენელ ა.ქ-ძის მიერ წარდეგნილი მტკიცებულებების ნამდვილობის გადამოწმებას, ასევე მისი უფლებამოსილების დსამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა, აღნიშნულით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოპდექსის 203-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე დაირღვა 296-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, როდესაც სასამართლომ არ გამოარკვია ი.ხ-შვილის მოთხოვნების მართებულობა, ა.ქ-ძის მიერ ... კომიტეტის სახელით წარდგენილი მტკიცებულებების მართებულობა-კანონიერების შესახებ. სასამართლომ მხოლოდ გაყალბებული მტკიცებულებებისა და ა.ქ-ძის ზეპირი განმარტების საფუძველზე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაც, კასატორის აზრით, სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობისა და პაექრობის სტადიაზე არასათანადო მხარესთან პაექრობაზე უარის თქმის წინაპირობაა. კასატორის განმარტებით, ის საქმის განხილვაში მონაწილეობდა, პასუხობდა მოსამართლის შეკითხვებს და სხვა, თუმცა საქართველოს ... კომიტეტის არაუფლებამოსილ წარმომადგენელთან პაექრობაზე არ იყო თანახმა, აღნიშნული სხდომის ოქმში არ ასახულა, უფრო მეტიც, სხდომის ოქმში არასწორად წერია, რომ ი.ხ-შვილმა უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ასევე არასწორადაა მითითებული მოსამართლის განმარტებისა და სხდომის უნებართვოდ დატოვების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, ი.ხ-შვილმა განმარტა სასამართლო სხდომის ოქმში არსებული არასწორი მონაცემების შესახებ, თუმცა სასამართლომ აღნიშნული უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ა.ქ-ძესთან პაექრობაზე უარის თქმის შემდეგ გამოაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დაუყოვნებლივ დატოვა სხდომის დარბაზი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ... კომიტეტის წესდებისა და სხვა აქტების დაცვით შედგენილი მტკიცებულებების იგნორირებით განაცხადა, რომ დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრებები და არასწორად დაეყრდნო სადავოდ გამხდარ სასამართლო სხდომის ოქმის მონაცემებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად ასახა სხდომის მიმდინარეობა 2011 წლის 23 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმში, რაზეც ი.ხ-შვილმა კანონით დადგენილი წესით შეიტანა შენიშვნები, ამასთან, მოტივირებული შენიშვნებისათვის მოითხოვა სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერი, რაც სასამართლომ მას არ გადასცა. ამავე სხდომაზე აპელანტმა მოითხოვა სადავო რწმუნებულების გამოქვეყნება, რის პასუხადაც სასამართლომ გადადო სასამართლო სხდომა ამავე წლის 9 მარტისათვის. 2011 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმში კი, სასამართლომ მიუთითა, რომ შუამდგომლობა განიხილა და თათბირის შედეგად არ დააკმაყოფილდა იგი იმ საფუძვლით, რომ მხარე ვერ ადასტურებს სადავო მტკიცებულებას დავის საგანთან რა საერთო აქვს.
სასამართლომ სხდომა გადადო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან ისე, რომ სხდომის ეს ეტაპი დასრულებულად არ გამოუცხადებია, ამასთან მხარეს წაერთვა სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის მოთხოვნისა და რეპლიკის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებით ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
2011 წლის 11 აპრილსა და ამავე წლის 14 აპრილს ი.ხ-შვილმა განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები და მოითხოვა მათი საქმეზე დართვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორ ი. ხ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 11 აპრილის ¹ვ-299-11 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 9 ფურცლად და 2011 წლის 14 აპრილის ¹ა-1233-11 განცხადებაზე დართული მტკიცებულება 1 ფურცლად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ი. ხ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. ი. ხ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 11 აპრილის ¹ვ-299-11 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 9 ფურცლად და 2011 წლის 14 აპრილის ¹ა-1233-11 განცხადებაზე დართული მტკიცებულება 1 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.