ას-764-1090-07 19 ნოემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. და ბ. მ-ები (მოსარჩელეები; მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-ი (მოპასუხე; მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ე. ჩ-ე და ბ. ჯ-ე
დავის საგანი:
სარჩელში _ გარიგების დადებულად ცნობა
შეგებებულ სარჩელში _ ნივთის უკანონო მფლობელობიდან
გამოთხოვა; ხელშეშლის აღკვეთა და მიღებული სარგებლის
დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. და ბ. მ-ებმა 2002 წლის მარტში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ქ-ს მიმართ და აღნიშნეს, რომ 1997 წელს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნაცვლად ნასესხები თანხის 5420 ლარისა, მოპასუხემ საკუთრებაში გადასცა სოფელ დიღომში მდებარე სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართობით 1000 მ.კვ, აღნიშნულის თაობაზე შედგა ხელწერილი. მოსარჩელეების განმარტებით, ხელწერილის მათთან არსებული ეგზემპლარი დაიწვა ხანძრის შედეგად, ხოლო მეორე პირი ამ ხელწერილის იმყოფება მოპასუხესთან.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და აღნიშნეს, რომ მოპასუხე მ.ქ-ი იმ მოტივით, რომ იაფად გაყიდა მიწის ნაკვეთი არ უფორმებს მათ ნაკვეთს და ცდილობს მის ხელმეორედ გაყიდვას.
მ. ქ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა თ. და ბ. მ-ების უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მიღებული სარგებლის დაბრუნება.
მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ე. ჩ-მ და ბ. ჯ-მ სარჩელით მოითხვეს ბ. და თ. მ-ების უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. და ბ. მ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა მ. ქუცნი-ს შეგებებული სარჩელი და მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა; თ. და ბ. მ-ებს დაევალათ მ. ქ-ს, ე. ჩ-ის და ბ. ჯ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტა. თ. და ბ. მ-ებს დაეკისრათ მ. ქ-ს სასარგებლოდ 6032 ლარის ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს თ. და ბ. მ-ებმა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე 2004 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. და ბ. მ-ების სარჩელი; დაკმაყოფილდა მ. ქ-ს შეგებებული სარჩელი და მესამე პირების - ე. ჩ-ის და ბ. ჯ-ს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა. თ. და ბ. მ-ებს დაევალათ მ. ქ-ის, ე. ჩ-ის და ბ. ჯ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტა და მ. ქ-ს სასარგებლოდ 6032 ლარის ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ბ. მ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით თ. და ბ. მ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. და ბ. მ-ებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი; დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი მ. ქ-სა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების ე. ჩ-ისა და ბ. ჯ-ს სარჩელი; თ. და ბ. მ-ებს დაევალათ მ. ქ-ს, ე. ჩ-ისა და ბ. ჯ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტა. თ. და ბ. მ-ებს დაეკისრათ მ. ქ-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 6032 ლარის ოდენობით; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადღა დაედო მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე მ.ქ-ს, ე.ჩ-ისა და ბ.ჯ-ს თანასაკუთრებაში მყოფ 0,100 ჰ მიწის ნაკვეთს, რომლის მახასიათებლებია: მცხეთა, კოდი-..., სექტორი – დიღომი, კოდი 14, კვარტალი -..., ნაკვეთის ¹-....
თ. და ბ. მ-ებმა საჩივარი შეიტანეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განჩინებით თ. და ბ. მ-ების საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
თ. და ბ. მ-ებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ვინაიდან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამავე პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებით თ. და ბ. მ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. და ბ. მ-ებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თ. და ბ. მ-ებს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. და ბ. მ-ების კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თ. და ბ. მ-ებს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 366-367). აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორებს, რაც მათ ჩაბარდა პირადად 2007 წლის 22 ოქტომბერს (ს.ფ. 368-369). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შეეძლოთ განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინათ 2007 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, თ. და ბ. მ-ებს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. და ბ. მ-ების კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. და ბ. მ-ების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა