საქმე # 050141121004265600
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2701-21 26 მარტი, 2021 წელი
ჩ. ბ., 2701-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ს საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბ. ჩ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარი.
ბ. ჩ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
2. 2021 წლის 15 იანვარს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ბ. ჩ-ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ბ. ჩ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის - პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ჩ-ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრებისა და დანარჩენ ნაწილში - დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული ბ. ჩ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ფ. საჩივრით ითხოვენ ბ. ჩ-ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას იმ მოტივით, რომ იგი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, გათავისუფლებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის - პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან, ხოლო ჯარიმის სახით შეფარდებული სასჯელი სრულად აქვს გადახდილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა)“.
3. მოცემულ შემთხვევაში ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებული ბ. ჩ. კანონიერად გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის - პირობითი მსჯავრის და გამოსაცდელი ვადის მოხდისგან, ხოლო რაც შეეხება ჯარიმის სახით შეფარდებულ დამატებით სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ჯარიმის დაკისრების ნაწილში ზემოაღიშნული განაჩენი კანონიერად დარჩა უცვლელად.
4. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბ. ჩ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე სასჯელისაგან სრულად არ გათავისუფლებულა, ვინაიდან მას ჯარიმის სახით შეფარდებული დამატებითი სასჯელი დარჩა უცვლელად, მის მიმართ ასევე კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შეღავათი და არ აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
5. ვინაიდან, ბ. ჩ-ს ჯარიმის სახით შეფარდებული სასჯელი სრულად აქვს გადახდილი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობა გათვალისწინებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი