ას-1052-1082-2011 21 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “... ბანკი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ლ.ჰ.ჯ-ა” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ლ.ჰ.ჯ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “... ბანკის” მიმართ მორიგების პირობების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის _ 487 174 აშშ დოლარისა და 5 758,2 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ლ.ჰ.ჯ-ას” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “... ბანკს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 758,2 ლარისა და 10 366,52 აშშ დოლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4238,20 ლარისა და 7174,52 აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2009 წლის 9 მარტს ¹... საქმეზე _ მოსარჩელე სს “... ბანკი”, მოპასუხეები: შპს “ლ.ჰ.ჯ-ა”, შპს “ფ.ო.ჯ-ა”, კ. ჟ-იანი, შპს “ნ. ქ-ა”, შპს “მ.ლ.ჯ-ა”, შპს “მ.ლ-ა”, მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა.
მორიგების 1.10. პუნქტის შესაბამისად: “სასამართლო მორიგების დამტკიცების დღიდან, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მორიგება არ იქნება მიქცეული იძულებითი წესით აღსასრულებლად, კრედიტორი იღებს ვალდებულებას მოვალეების მიერ დავალიანების კაპიტალის თანხის ნაწილ-ნაწილ ან ერთიანი შემონატანით 160 000 (ას სამოცი ათასი) აშშ დოლარით შემცირების შემთხვევაში გაანთავისუფლოს იპოთეკით დატვირთული ქონება მდებარე ბორჯომი 64, სექტორი ბორჯომი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., დაზუსტებული ფართობი: 2400 კვ.მ. ნაკვეთის წინა ¹640 311 012, მისამართი, ... ქუჩა, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრე: შპს “ლ.ჰ.ჯ-ა”, არა უმეტეს 6 (ექვსი) სამუშაო დღის ვადაში.”
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება 2010 წლის 1 მარტს შემცირდა 160 000 აშშ დოლარით, რის შედეგადაც ბანკს წარმოეშვა საპასუხო ვალდებულება, 2010 წლის 11 მარტამდე იპოთეკისაგან გაეთავისუფლებინა შპს “ლ.ჰ.ჯ-ას” კუთვნილი ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “... ბანკს” აღნიშნული ვალდებულება ბრალეულად არ შეუსრულებია.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბანკისათვის იმთავითვე სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ შპს „ლ.ჰ.ჯ-ას“ კუთვნილ სოლიდური საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ქონებაზე იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციის დაგვიანებით, მოსარჩელეს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ბანკისათვის კარგად იყო ცნობილი მოსარჩელის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული სანოტარო წესით დადასტურებული სესხის ხელშეკრულების, აუდიტის დასკვნის, ამ დასკვნის ავტორის ჩვენებისა და მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით 2010 წლის 30 აპრილს ფიზიკური პირისგან 20 000 აშშ დოლარის თვეში 8% სარგებლის ოდენობით აღებული სესხის დასაფარავად უკვე გადახდილი ჰქონდა 3 200 აშშ დოლარის საპროცენტო ხარჯი, რაც მოწმობდა იმას, რომ შპს „ლ.ჰ.ჯ-ამ“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში განიცადა ზიანი _ 3 200 აშშ დოლარი.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ, რადგან მოსარჩელემ მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ვერ გაასხვისა, ვერ შეასრულა ვერც ვადამოსული ვალდებულება, როგორც სოლიდარულმა მოვალემ სს „...(ა) ბანკის“ მიმართ, რის გამოც მის მიერ 2010 წლის 10 მარტიდან 30 ივნისამდე პერიოდში პროცენტის სახით გადახდილ იქნა 3 797,20 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმების სახით – 177,32 აშშ დოლარი. სულ მთლიანობაში აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 3 974,52 აშშ დოლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს და თუ მოხდებოდა მოსარჩელის მიერ შესაბამისი შემოსავლების მიღება იმავე მარტის თვეში, ბუნებრივია, სს „...(ა) ბანკი“ ამ თანხას მას არ დააკისრებდა. ამასთან, რომ თვით ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ითვალისწინებდა ნასყიდობის საფასურიდან “...(ბ) ბანკის” ვალის გასტუმრებას.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა შპს „ლ.ჰ.ჯ-ას“ მოთხოვნის ის ნაწილი, რომლითაც იგი ითხოვდა 4238,29 ლარის ანაზღაურებას, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა საგადასახადო დავალიანების დროულად გადაუხდელობის გამო გამოწვეულ საურავს და ჯარიმებს. პალატამ ამ ნაწილში უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ თუკი 2010 წლის 11 მარტისათვის მოპასუხე ბანკი შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და სადავო უძრავ ნივთს გაათავისუფლებდა იპოთეკისაგან, ამ უძრავი ნივთის გაყიდვით მიღებული თანხით (480 ათასი აშშ დოლარი) შპს „ლ.ჰ.ჯ-ა“ დაფარავდა ვადამოსულ საგადასახადო ვალდებულებას (დაახლოებით 75 ათასი ლარს), შესაბამისად, მას აღარ დასჭირდებოდა საგადასახადო ორგანოსთან 2010 წლის 23 მარტს შეთანხმების გაფორმება და ვალდებულების შესრულების გრაფიკის შედგენა 2010 წლის 15 ივნისამდე, რის გამოც მოსარჩელეს დამატებით დაერიცხა საურავი 4 238,2 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361.2, მე-400, 401-ე, 394-ე, 408-ე, 412-ე და 992-ე მუხლებზე მითითებით სწორად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება _ 4238.20 ლარისა და 7174.52 (3200+3974.52) აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში სს “... ბანკმა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს სადავო იპოთეკის მოხსნასთან დაკავშირებით მსჯელობისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 369-ე და 362-ე მუხლები, ვინაიდან იპოთეკის მოხსნა დამოკიდებული იყო მოსარჩელის მიერ გარკვეული მოქმედებების განხორციელებაზე. მხარეთა მრავალწლიანი ურთიერთობა ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის მოსაკრებლის გადახდა მოსარჩელეს ევალებოდა.
პალატამ არ გაითვალისწინა, რომ უძრავი ქონებისათვის იპოთეკის მოხსნამდე სს “... ბანკისათვის” უცნობი იყო მოსარჩელესა და თურქულ კომპანიას შორის 2010 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულების არსებობა. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი, რაც მას არ განუხორციელებია.
სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით და გაეზიარებინა კასატორის მოსაზრება, რომ შპს “ლ.ჰ.ჯ-ას” უმოქმედობამ თავად შეუწყო ხელი სადავო ქონების იპოთეკისაგან გაუთავისუფლებლობასა და თურქულ კომპანიასთან გარიგების ჩაშლას.
სასამართლოს უნდა გამოერკვია, რომ მოსარჩელის მიერ აღებულ კრედიტსა და სადავო ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა. ამდენად, პალატამ მოცემული დავა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე და 494-ე მუხლების საფუძველზე არასწორად გადაწყვიტა.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ შპს “ლ.ჰ.ჯ-ას” საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა 2010 წლის 16 თებერვლს, ანუ სადავო მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით სს “... ბანკის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს “... ბანკის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “... ბანკს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 23 ივნისს გადახდილი 809 ლარის 70% _ 566,3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “... ბანკის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ სს “... ბანკს” (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 566,3 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.