Facebook Twitter

ას-1056-1086-2011 14 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სსიპ ... ქუთაისის ... ცენტრი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. და ი. ც-ძეები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბავშვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

... ქუთაისის ... ცენტრმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ი. ც-ძეების მიმართ ბავშვის დაბრუნების შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ... ქუთაისის ... ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს არასრულწლოვანი ა. ა-ძის მშვილებლებთან _ ნ. და ი. ც-ძეებთან მისი ყოფნის კანონიერება.

სამოქალაქო კოდექსის 1287-ე მუხლის თანახმად, დავა საოჯახო დავათა კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს აქვს უფლება და ვალდებულიცაა, გასცდეს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და გამოიყენოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რაც საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის მიხედვით, საოჯახო დავათა განხილვისას, სასამართლო ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს მხარეთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვაში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ¹ას-1213-1064-2010) მიუთითა, რომ “მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტისა, რომ მცირეწლოვანი აღზრდისათვის ხელსაყრელ გარემო პირობებში იყოფება, აღნიშნული საკმარისს არ წარმოადგენს ბავშვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ოჯახში დატოვების გადაწყვეტილების გამოსატანად, რადგან სასამართლოს არ გამოურკვევია, კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკეთეს პირობებში ხომ არ მოხდება ბავშვის განთავსება და რა გავლენას მოახდენს ბავშვზე საცხოვრებელი გარემოს შეცვლა”.

ზემოაღნიშნულ ვითარებათა და სამართლებრივი დანაწესის გამო პალატამ უპრიანად მიიჩნია, საქმეზე მოეწვია სპეციალისტი, ბავშვთა ფსიქოლოგი აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად. სპეციალისტს სასამართლოს მიერ ეთხოვა განმარტება იმ საკითხებისა, თუ რა გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკაზე არსებულიდან სხვა გარემოში გადაყვანა და ხომ არ აისახება ეს უარყოფითად მის ფსიქიკაზე.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სპეციალისტის განმარტებაზე, რომ “ბავშვი იბადება ინსტიქტებით, რომლებიც მას ახალშობილობის ასაკში გამძაფრებული აქვს, ეს ინსტიქტი არის სიმბიოზის ინსტიქტი და როცა ირღვევა ეს სიმბიოზი დედასთან, ან ბავშვთან ფიზიკურად ახლო მყოფ პირთან – ბავშვისგან მოდის უარყოფითი ემოცია. თუ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ვფიქრობთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს სიმბიოზი ა. ა-ძესა და ნ. ც-ძეს შორის შედგა. ეს კავშირი ძლიერია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვს განუვითარდა მხედველობა და ჩამოუყალიბდა მოტორიკა. ბავშვი ეხება ყველაფერს, ახლო მყოფ პირებს, ეს სიმბიოზი დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება – მით უფრო დედასთან”. “მას არ შეუძლია იმის უარყოფა, რაც დაინახა, დაინახა გაძლირებული მიჯაჭვულობა ბავშვისა დედასთან, საოცარი მიჯაჭვულობა და რა მოხდება თუ ბავშვი მოინაცვლებს ადგილს? ამას აუცილებლად მოჰყვება ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, იმიტომ რომ მან უკვე იცის რა უნდა, ვისთან უნდა. მისი აზროვნება და მეხსიერება უკვე გამცდარია ახალშობილობის ეტაპს და დაწყებულია მძაფრი ემოციურობის პერიოდი. ბავშვი უკეთ ეცნობა სამყაროს ამ სამყაროსთან და გარემო გამღიზიანებლებთან კი იგი სწორედ მზრუნველის, დედის საშუალებით მიდის. რა თქმა უნდა ადგილმონაცვლეობა უარყოფით შედეგს გამოიწვევს და ეს არ დარჩება უხილავი”. სპეციალისტის განმარტებით, ბავშვის სხვა ადგილას გადაყვანა უფრო გასხვისებაა, ვიდრე ადგილმონაცვლეობა, რადგან ბავშვში უკვე კარგად ასოცირებულია, ვინაა მისი დედ-მამა.

სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე, თუ სად უნდა განთავსდეს ა. ა-ძე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აპელანტმა განმარტა, რომ არსებობს მიმღები ოჯახების ერთიანი ბაზა, რომლებსაც სახელმწიფო ხელფასს უხდის და ბავშვის განთავსება მოხდება სწორედ ერთ-ერთ ასეთ ოჯახში ან უკიდურეს შემთხვევაში ბავშვთა სახლში. იქნება თუ არა ბავშვის განთავსების ალტერნატიულ ადგილას უკეთესი პირობები, აპელანტის წარმომადგენლის პოზიცია ისეთია, რომ ალტერნატიულ ადგილას იქნება კარგი პირობები, გამარტივდება გაშვილების პროცედურა და დაცული იქნება კანონი.

სასამართლომ იხელმძღვანელა “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით და მიიჩნია, რომ, პალატის რწმენით, აპელანტის უფლებამოსილება აუცილებლად განხილულ უნდა იქნეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებთან ერთობლიობაში. ბავშვის ინტერესების დამცველი უპირველესი სამართლებრივი დოკუმენტი კი საქართველოს კონსტიტუცია და ბავშვის უფლებათა კონვენციაა. აღნიშნულზე მითითებას “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლიც შეიცავს. მითითებული კონვენცია აღიარებს ბავშვის უპირველეს უფლებას, რათა იგი უზრუნველყოფილი იყოს მზრუნველი ოჯახური გარემოთი. კონვენციის ძირითადი მიზანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წინარე გადაწყვეტილებით, უკვე მოხმობილ განჩინებაში მიუთითა: “იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული მოქმედების განხორციელებას კონკრეტული ორგანოების მიერ, უპირველესად უნდა გაირკვეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეესაბამება თუ არა ეს მოქმედება ბავშვის ინტერესებს.

“ბავშვთა უფლებების კონვენციის მესამე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იმ საკითხის გასარკვევად, თუ რაში მდგომარეობს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, პალატა მოიხმობს ბავშვთა უფლებათა კონვენციას, საქართველოს კონსტიტუციას, “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონს. მითითებული სამართლებრივი აქტების დათქმა და სულისკვეთება ერთიანია _ ბავშვის დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მისთვის ოჯახური, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

სააპელაციო პალატამ მხოლოდ ბავშვის უსაფრთხო ადგილას განთავსება მისთვის ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს შექმნად არ ჩათვალა, რადგან აღნიშნული მეტს ნიშნავს, ვიდრე ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოება, ან თუნდაც კარგი აღზრდა და კვება.

იმ ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, რომ ბავშვი კრიტიკულ ასაკშია, იგი წელიწადზე მეტია ცხოვრობს ნ. და ი. ც-ძეებთან, სპეციალისტის კონსულტაციით, მისთვის სამყაროს შემეცნებას სწორედ ამ ადამიანების შემეცნებით მიეცა დასაბამი, ბავშვის დაცილება ამ ოჯახური გარემოდან მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს მის ფსიქიკაზე, ამასთან, აპელანტი ვერ ასაბუთებს, რომ ბავშვი უკეთეს საცხოვრებელ პირობებში იქნება განთავსებული. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ა-ძის დაცილება მოპასუხეთაგან ნამდვილად ვერ იქნება უსაფრთხო ბავშვისათვის, უპირველესად კი, მისი ფსიქიკისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ... ქუთაისის ... ცენტრმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მოთხოვნები, სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლი, 1282-ე მუხლის მესამე ნაწილი და, აღნიშნული ნორმების გამოყენების ნაცვლად, გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია არასწორად დააფუძნა საქართველოს კონსტიტუციასა და ბავშვის უფლებათა კონვენციას. სასამართლომ ფაქტობრივად კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დატოვა ა. ა-ძე, რადგან მოწინააღმდეგე მხარე ბავშვის სახელით ვერანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში ვერ გამოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ ... ქუთაისის ... ცენტრის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ... ქუთაისის ... ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ ... ქუთაისის ... ცენტრის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.