ას-1060-1090-2011 21 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “კ. ი-ი-2000” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ... სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “კ. ი-ი-2000-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ... სააგენტოს მიმართ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეხუთე, მე-7, 41-ე პუნქტებით და მიიჩნია, რომ მითითებული კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობას, თუმცა, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, თავისი შინაარსობრივი დატვირთვითა და სამართლებრივი შედეგებით, უთანაბრდება საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვას. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად ტერმინოლოგიური სხვაობისა, აღიშნული მუხლის შესაბამისი პუნქტი სწორედ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხს არეგულირებს შენატანის სრულად ან ნაწილობრივ შეუტანლობის შემთხვევაში.
ნიშანდობლივია, რომ ამავე მუხლით საზოგადოებიდან პარტნიორთა გარიცხვის საკითხის მოწესრიგება საზოგადოების წესდებით დასარეგულირებელ საკითხთა წრეს განეკუთვნება. ამდენად, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვას კანონი ირიბი ფორმულირებით, თუმცა მაინც დასაშვებად მიიჩნევს. იგივე მოწესრიგებას შეიცავს, განსახილველ შემთხვევაში, შპს კ. “ი-ი 2000-ის” წესდება. დღის წესრიგში დგას იმ საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება, თუ რა გზით უნდა მოხდეს საზოგადოების პარტნიორის გარიცხვა, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება სავალდებულო ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი არც აღნიშნულ საკითხზე იძლევა ცალსახა პასუხს, თუმცა, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებასა და პარტნიორს შორის გარკვეულ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა, საჯარო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციას წინ უნდა უძღოდეს არა მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, არამედ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ყველა პარტნიორის ნამდვილი ნებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დაადგენს შპს-დან პარტნიორის გარიცხვის ლეგიტიმურობას.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პარტნიორის გარიცხვის წინაპირობა არის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება გარიცხვის შესახებ, რომელიც პირდაპირ არ იწვევს მის გარიცხვას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და გარიცხული პარტნიორის ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნებისათვის, პალატამ დადგენილად მიიჩნია სასამართლო გადაწყვეტილების საჭიროება, როგორც პარტნიორების გარიცხვის თაობაზე ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობა მითუმეტეს, მაშინ, როდესაც საზოგადოებაში 25 პარტნიორია და საქმე 24 პარტნიორის გარიცხვას ეხება.
რაც შეეხება შპს “ი-ი 2000-ის” არგუმენტს, რომ ყველა პარტნიორი ეთანხმება საზოგადოებიდან გარიცხვას და არავის გაუსაჩივრებია დამფუძნებელთა კრების 2010 წლის 27 ივლისის ოქმი, პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლო სამართალწარმოებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ყველა პარტნიორის თანხმობის პირობებში შესაძლებელს გახდის, სასამართლომ გადაწყვეტილება პარტნიორთა აღიარების საფუძველზე მიიღოს. თუმცა, მიუხედავად სრული თანხმობისა, საჯარო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციას წინ უნდა უძღოდეს პარტნიორთა სასამართლო წესით დადასტურებული ნება და პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის სასამართლოს მიერ დადასტურების ფაქტი.
ამდენად, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ... სააგენტოს უარი შპს “ი-ი 2000-ის” სარეგიტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, სამართლებრივი თვალსაზრისით, დასაბუთებულია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “კ. ი-ი-2000-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ დასაბუთებას. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლზე მსჯელობისას სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რომელი მოთხოვნა დაარღვია უფლებამოსილმა პირმა, ამავე კანონის 9.1 მუხლზე მითითებისას კი არ ირკვევა, რა წესი დაარღვია უფლებამოსილმა პირმა პარტნიორთა კრების მოწვევისას ან საზოგადოების წესდების რომელ მუხლს გაუკეთა იგნონირება.
სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ პარტნიორებმა შენატანის შეტანის ფაქტი ვერ დაადასტურეს, რადგან საქმეში წარმოდგენილი იყო აღნიშნულის ამსახველი მტკიცებულებანი.
სასამართლოს, ისევე, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს არ უმსჯელია, რის საფუძველზე შეიტანა ეჭვი უფლებამოსილი პირის ხელმოწერაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს “კ. ი-ი-2000-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “კ. ი-ი-2000-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “კ. ი-ი-2000-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 28 ივნისს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “კ. ი-ი-2000-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს “კ. ი-ი-2000-ს” (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.