Facebook Twitter

ბს-1277-1080-კ-04 17 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 26 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურორმა გ. პ.-მ სარჩელი აღძრა ს., თ., ა. და ა. გ.-ების მიმართ ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი მოპასუხეებისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით და მიუთითა შემდეგზე:

2004წ. 25 აგვისტოს ს. გ.-ს აჭარის ა/რ პროკურორის მიერ ბრალი წაეყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 189-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

მოსარჩელის თქმით, მას უკანონო ქონების შეძენის დასაბუთებული ეჭვის საფუძველს ის გარემოება აძლევდა, რომ ს. გ.-ე წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა, კერძოდ, 1994-1997 წლებში აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 1997-2004 წლებში კი აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილედ და მას 1994 წლიდან ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 1994-1997 წწ-ში 760047790 კუპონი და 4041,82 ლარი, ხოლო 1997-2004 წწ-ში _ 14800 ლარი. მოსარჩელე აქვე განმარტავდა, რომ ს. გ.-ის ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს სადავო ქონების მოსაპოვებლად საჭირო ფულადი სახსრები არ გააჩნდათ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩლე ითხოვდა ს. გ.-ესა და მის ახლო ნათესავებს: ა., ა. და თ. გ.-ებს ჩამორთმეოდათ შემდეგი დაუსაბუთებელი ქონება:

1. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი (საერთო ფართი 67კვ) ;

2. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი;

3. ბათუმში, ... მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული;

4. ქობულეთში, ... მდებარე სასტუმრო “სანაპიროში” არსებული წილი;

5. ავტომანქანა “მერსედესი”;

6. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი;

ა. გ.-ს (რომელიც არის ს. გ.-ის ოჯახის წევრი):

1. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა;

2. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა(საერთო ფართი 152 კვ);

3. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა;

4. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი;

5. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი

ა. გ.-ს ქობულეთში, ... მდებარე სასტუმრო

თ. გ.-ს _ ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი.

მოსარჩელის მითითებით, ზემოხსენებული ქონების მთლიანი ღირებულება, აუდიტის დასკვნის შესაბამისად, შეადგენდა 1053000 ლარს.

2004წ. 7 სექტემბერს მოქალაქე ნ. უ.-ის წარმომადგენელმა დ. გ.-მ შუამდგომლობით მიმართა სასამართლო კოლეგიას და, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, მისი მარწმუნებლის საქმეში მესამე პირად ჩართვა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მას და არა ს. გ.-ს და, ამდენად, აღნიშნული სახლის ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა უკანონო იყო.

2004წ. 6 სექტემბერს ს. გ.-ის მეუღლის _ ვ. ა.-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩართვის მოთხოვნით და მიუთითა, რომ ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ა. გ.-ის გარდა, დედამისს, რუსეთის მოქალაქე _ ვ. ა.-საც ეკუთვნოდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ნ. უ.-ი საქმეში მესამე პირად ჩაება, ხოლო ვ. ა.-ს სასამართლოს მიერ უარი ეთქვა საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე. ამასთან, საოლქო სასამართლომ, სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მოპასუხე ს. გ.-ე შეცვალა სათანადო მოპასუხით ა. გ.-ით დაუსაბუთებელი ქონების _ ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ქ. ქობულეთში, ... მდებარე სასტუმრო “ს.-ში” არსებული წილის _ ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევაზე, რომელიც ა. გ.-ს ეკუთვნოდა, ასევე ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებლი სახლის ჩამორთმევაზე, რომელიც ნ. უ.-ს ეკუთვნოდა, აქვე მოსარჩელეს უარი ეთქვა თ. გ.-ის სახელზე რიცხული სახლის მდებარე ქობულეთში, ..., ჩამორთმევაზე. ამასთან, თ. გ.-ეს დაეკისრა 25000 ლარი კომპენსაცია სახლის დაუსაბუთებელი ქონებით გაუმჯობესებისათვის. დანარჩენ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. როგორც დაუსაბუთებელი, ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა:

მოპასუხე ს. გ.-ის შემდეგი ქონება:

1. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ..., ღირებული 50000 ლარად;

2. 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული ქ. ბათუმში, ...;

3. ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი”.

ს. გ.-ის ახლო ნათესავის _ ა. გ.-ის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:

1. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ..., ღირებული 25000 ლარად;

2. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებული 90000 ლარად;

3. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ..., ღირებული 18000 ლარად;

4. საცხოვრებელი სახლი ..., ღირებული 60000 ლარად;

5. საცხოვრებელი სახლი ქ. ქობულეთში, ..., ღირებული 250000 ლარად.

ს. გ.-ის ახლო ნათესავის _ ა. გ.-ის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:

1. სასტუმრო ქ, ქობულეთში, ..., ღირებული 180000 ლარად;

2. 20%-იანი წილი სასტუმრო “ს.-ში” ქ. ქობულეთში, ...

ზემოხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვ. ხ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც თ. გ.-ს დაეკისრა 25000 ლარის გადახდა და უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნას ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევაზე.

მითითებული გადაწყვეტილება 2004წ. 22 ოქტომბერს საკასაციო წესით ა. გ.-ის წარმომადგენელმა ჯ. ს.-მ გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ა. გ.-ის სახელზე რიცხული ქ. ქობულეთში, ... მდებარე სასტუმრო და დაექვემდებარა ჩამორთმევას.

საკასაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ვ. ა.-მ და მიუთითა, რომ, რადგან აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ მისი შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ დააკმაყოფილა, მას შეელახა კანონიერი უფლებები ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, რის გამოც საქმეში მესამე პირად ჩართვა მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება 2004წ. 3 ნოემბერს საკასაციო წესით ს., ა., თ. და ა. გ.-ეების წარმომადგენლებმა: ჯ. ს.-მ და კ. კ.-მ გაასაჩივრეს და სადავო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს იმ ნაწილში, რომლითაც აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ს., ა., თ. და ა. გ.-ების წარმომადგენლებმა: ჯ. ს.-მ და კ. კ.-მ საკასაციო სასამართლოში დამატებითი საკასაციო საჩივარიც წარადგინეს.

2004წ. 24 ნოემბერს 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს “მ.-ის” პარტნიორებმა: თ. ი.-მა, ზ. კ.-მა და ო. ხ.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს იმ ნაწილში, რომლითაც ჩამორთმევას დაექვემდებარა ა. გ.-ის საკუთრებაში აღრიცხული შპს “მ.-ის” 20%-იანი წილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 13 დეკემბრის განჩინებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, დარჩა განუხილველად.

2004წ. 3 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოქ. ს. ჭ.-მ და მიუთითა, რომ მას ს. გ.-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი ბათუმში, ... მდებარე სახლზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და მოითხოვა, რომ, რადგან სადავო ქონებას ყადაღა ჰქონდა დადებული, ამ ნაწილში საქმის განხილვა სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, მისი სარჩელის გადაწყვეტამდე, ამ საქმის განხილვა უნდა შეჩერებულიყო. მისი განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოშიც ჰქონდა წარდგენილი, მაგრამ სასამართლომ ამ საკითხზე არ იმსჯელა.

2004წ. 15 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს კვლავ მიმართა ს. ჭ.-მ და წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმში, ... მდებარე სახლი მის საკუთრებად გამოცხადდა და ამ ნაწილში პროკურატურის სარჩელის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ა. გ.-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; ს., თ. და ა. გ.-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ქონების _ ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის (ღირებული 50000 ლარად) _ ს. გ.-ისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილ ტერმინთა განმარტებაზე და მიიჩნევს შემდეგს:

ხსენებული მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ ითვლება ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლებიც თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო დაუსაბუთებლად მიიჩნევა ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნიათ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ სარჩელში მითითებული ქონება თავისი არსით დაუსაბუთებელია, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში გამოყენებულ უნდა იქნეს ტერმინი: “დაუსაბუთებელი ქონება”, რადგან, როგორც “უკანონო ქონების” დეფინიციიდან იკვეთება, ქონების უკანონო გზით მოპოვება-მითვისება დადგენილი უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით _ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხეთა მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა თავისი არსით კონფისკაციას უტოლდება, ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და, როგორც არაკონსტიტუციური, უნდა გაუქმდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, ს. გ.-ის წარმომადგენელმა კ. კ.-მ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, მაგრამ, ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხსენებული კონსტიტუციური სარჩელი არ განხილულა, ხსენებული ნორმები Dდღეისათვის გაუქმებული არ არის, არც შეჩერებულია და კვლავ მოქმედებენ, ამდენად, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, წარმოდგენილი საქმე განიხილოს მოქმედი კანონის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების კონფისკაციასა და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას იდენტურ ცნებებად ვერ განვიხილავთ და მივიჩნევთ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა ქონების კონფისკაციას, არამედ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას, რადგან “კონფისკაციის” ცნება იურიდიულ ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც სანქციის სახე კონკრეტული სამართალდარღვევისა თუ დანაშაულისათვის და კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დანაშაულის საგნები, არ ხდება დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისას.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ, მართალია, ს., ა., თ. და ა. გ.-ეების წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ იქნება მიჩნეული სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რადგან კასატორს არ დაუსაბუთებია დამატებითი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და არ განუმარტავს, რა გარემოებებით იყო განპირობებული მოცემული დამატებითი მტკიცებულებების აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის წარუდგენლობა. მაშინ, როცაAსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ დამატებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულიც უნდა იყოს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ს. გ.-ე 1994-1997 წლებში აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 1997-2004 წლებში აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილედ მუშობდა და მას 1994 წლიდან ხელფასის სახით მიღებული აქვს 1994-1997 წწ-ში 760047790 კუპონი და 4041,82 ლარი, ხოლო 1997-2004 წწ-ში _ 14800 ლარი. ს. გ.-ის ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს კი სადავო ქონების მოსაპოვებლად საჭირო ფულადი სახსრები არ გააჩნდათ. “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-12 მუხლი უკრძალავს თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს საჩუქრის მიღებას, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოცმაგ ოდენობას. ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით თანამდებობის პირს უფლება არ აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ს. გ.-სა და მის ახლო ნათესავებსEარ ჰქონდათ მათ საკუთრებაში რიცხული ქონების კანონიერი საშუალებებით მოპოვების შესაძლებლობა.BO

2004წ. 25 აგვისტოს ს. გ.-ს აჭარის ა/რ პროკურორის მიერ ბრალი წაეყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 189-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). სარჩელი სასამართლოში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის საფუძველზე იქნა წარდგენილი.

სასამართლომ დაადგინა, რომ ა., ა. (შვილები) და თ. გ.-ეები (ძმა) ს. გ.-ის ახლო ნათესავებს წარმოადგენდნენ.

საკასაციო სასამართლო ს. გ.-ის ქონებასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო ქონება მას შეძენილი აქვს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, როცა მას, გარდა ხელფასისა, სხვა ოფიციალური შემოსავალი არ გააჩნდა. საჯარო მოხელის ხელფასი კი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ს. გ.-ს ხსენებული ქონება შეეძინა, სწორედ აღნიშნული არგუმენტი აძლევს სასამართლოს მითითებული ქონების დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველს, რადგან თვითონ მოპასუხეებიც ვერ ასაბუთებენ ქონების შეძენის ფინანსური სახსრების კანონიერ წყაროს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას ს. გ.-ის სახელზე რიცხული ქონების დაუსაბუთებლად ცნობის თაობაზე, გარდა ბათუმში, ... მდებარე სახლის ნაწილისა, რადგან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოქ. ს. ჭ.-მ წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოცემულ ქონებაზე მისი საკუთრება იქნა დადგენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს ბათუმში, ... მდებარე სახლის ჩამორთმევის საკითხიMდა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელიც იმსჯელებს შეაჩეროს თუ არა საქმის განხილვა.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას ა. გ.-ის ქონების დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ მას, როგორც ს. გ.-ის ახლო ნათესავს, არ ჰქონდა შემოსავალი, რათა კანონიერი და დასაბუთებული გზით თვითონ შეეძინა სარჩელში მითითებული ქონება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი ქონება დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს ვ. ა.-ს განცხადებაზე და ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რადგან ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მისი სახსრებითაც არის შეძენილი, იგი სავალდებულო მესამე პირის სტატუსით უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხსენებული სახლის ერთადერთი მესაკუთრე ა. გ.-ა, ვ. ა.-ს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სადავო სახლი მისი სახსრებით არის აგებული, მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან ვ. ა.-ო შვილის _ ა. გ.-ის თანამესაკუთრე არ არის, ხოლო მას მეუღლის _ ს. გ.-ის ქონებაზე თანასაკუთრების საკითხი სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია, ამდენად, ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი საქმეში მესამე სავალდებულო პირად არ უნდა ყოფილიყო ჩაბმული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ა. გ.-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას ქობულეთში, ... მდებარე სასტუმროს თაობაზე და მიიჩნევს, რომ ა. გ.-მ ხსენებული ქონების შეძენის ფინანსური წყაროს დასაბუთება ვერ შეძლო, რის გამოც საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სასამართლო კოლეგიის განმარტებას ხსენებული ქონების დაუსაბუთებლად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას და თვლის თ. გ.-ის ქონების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ქონების შეძენის წყარო, მისი კანონიერება, ან დასაბუთებულობა ნაწილობრივ დასტურდება, სახელმწიფოს უბრუნდება მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის კანონიერებას, ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა კომპენსაციის სახით 25000 ლარი სახლის დაუსაბუთებელი ქონებით გაუმჯობესებისათვის.@

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, აუდიტის დასკვნები, სასამართლომ არ გაიზიარა, რის გამოც ვერ დაეთანხმება მოპასუხეთა მტკიცებას სადავო ქონების დასაბუთებულად ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ქონების დასაბუთება მოპასუხეებმა ვერ შეძლეს, რის გამოც სადავო ქონება მართებულად იქნა მიჩნეული დაუსაბუთებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ა. გ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. ს., თ. და ა. გ.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ქონების _ ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის (ღირებული 50000 ლარად) _ ს. გ.-ისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ს. გ.-ეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.