ას-1110-1137-2011 20 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.კ-ე
წარმომადგენელი _ ა.კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 04 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ლ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თ.კ-ეს არასრულწლოვანი შვილის, 2000 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ი.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, 550 ლარის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2011 წლის 11 იანვრიდან შვილის სრულწლოვანებამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2011 წლის 04 აპრილის განჩინებით თ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ს.ლ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ.კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 04 აპრილის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტ თ.კ-ის წარმომადგენელი ა.კ-ე (ს.ფ. 161-163). თ.კ-ის მიერ ა.კ-ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობით დასტურდება, რომ რწმუნებული მარწმუნებელს წარმოადგენს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და იგი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი (ს.ფ. 42-43). ასეთ შემთხვევაში თ.კ-ე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართა არა უგვიანეს 2011 წლის 04 მაისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავს. კერძოდ, თ.კ-ემ გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მხოლოდ 2011 წლის 19 მაისს (ს.ფ. 180). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 1-თვიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2011 წლის 04 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 06 ივნისს, ვინაიდან 04 ივნისი იყო დასვენების დღე – შაბათი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2011 წლის 06 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2011 წლის 29 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 189-197).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან თ.კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.