Facebook Twitter

ას-1120-1147-2011 22 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე _ ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს “ს-ტის”, მ. თ-ძის, ჯ. ჯ-შიას, ლ. ჭ-იას, ნ. ქ-შვილის, გ. ლ-იასა და ნ. გ-ავას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, თბილისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო მოპასუხეების: შპს “ს-ტის” ჯ. ჯ-შიას, ლ. ჭ-იას, ნ. ქ-შვილის, თ. ა-ძის, გ. ლ-იასა და ნ. გ-ავას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ს-ტის”, მ. თ-ძის, ჯ. ჯ-შიას, ლ. ჭ-იას, ნ. ქ-შვილის, გ. ლ-იას და ნ. გ-ავას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორთა წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (ტ.II, ს.ფ. 267). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროისათვის ყველა აპელანტის რწმუნებულება ვადაში იყო. ამდენად, ლ. კ-ძე უფლებამოსილი იყო ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 24 მარტი, ხოლო 30-ე დღე _ 3 აპრილი. ამდენად, კასატორებს შეეძლოთ, სააპელაციო სასამართლოში მისულიყვნენ და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინათ 2011 წლის 24 მარტიდან 2011 წლის 3 აპრილამდე.

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ლ. კ-ძე სასამართლოში გამოცხადდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2011 წლის 30 მაისს (ტ.II, ს.ფ. 3121), გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 3 აპრილს.

საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 3 აპრილს და დამთავრდა 2011 წლის 3 მაისს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი შემოტანილია 2011 წლის 27 ივნისს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 285-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ს-ტის”, მ. თ-ძის, ჯ. ჯ-შიას, ლ. ჭ-იას, ნ. ქ-შვილის, გ. ლ-იასა და ნ. გ-ავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.