Facebook Twitter

ას-1336-1176-2011 29 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ.ს-ო (წარმომადგენელი ნ.ფ-ური)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე.ც-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე.ც-ამ მოპასუხე ნ.ს-ოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის პროცენტის სახით 11737 აშშ დოლარის (ძირი თანხის _ 8266 აშშ დოლარის 2%, ყოველთვიურად, 2004 წლის ივლისის თვიდან 2010 წლის 1 მაისამდე) დაკისრება ამ უკანასკნელის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო (ს.ფ. 2-12).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ე.ც-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2002 წლიდან 2003 წლის აგვისტომდე ე.ც-ამ ნ.ს-ოს სხვადასხვა პერიოდში ნაწილ-ნაწილ უპროცენტოდ ასესხა 8266 აშშ დოლარი, რაზეც ნ.ს-ოს მიერ შედგენილ იქნა ხელწერილები. ნ.ს-ომ ე.ც-ას ნასესხები თანხა არ დაუბრუნა, რის გამოც ე.ც-ამ 2004 წელს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეზე, ნასესხები თანხის, 8266 აშშ დოლარის, ასევე ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დაკისრება;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ნ.ს-ოს მის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის 8266 აშშ დოლარის გადახდა, ამასთან, ე.ც-ას გზარდილი სასარჩელო მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე დარჩა განუხილველად;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 403-ე, 404-ე, 412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებობდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, მათ შორის პროცენტი არ იყო განსაზღვრული. მართალია, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პროცენტის გადახდა თავისი იურიდიული ბუნებით ზიანის ანაზღაურებას განეკუთვნებოდა, მაგრამ ასეთ დროს უნდა დადასტურებულიყო, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მისი მოცულობაც. ამასთან, ზიანი უნდა ყოფილიყო კონკრეტული და რეალურად დამდგარი. ხოლო დამდგარი ზიანის და მისი ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა წარედგინა უტყუარი მტკიცებულებები, თუ რა ზიანი იყო სახეზე და ამ ზიანის აღმოსაფხვრელად შესაბამისი თანხების გაანგარიშებაც.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა 11737 აშშ დოლარის დაკისრება, მაშინ როცა სესხი იყო უპროცენტო და არანაირი მტკიცებულება ზიანის ოდენობის თაობაზე მის მიერ არ წარმოდგენილა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის მიყენების ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებებით (ს.ფ. 79-83).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ც-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 87-98).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.ც-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე.ც-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნ.ს-ოს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურების სახით 5951.52 აშშ დოლარის გადახდა; მას ასევე დაევალა ე.ც-ას სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 416 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მართალია, მოდავე მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო, მაგრამ ნ.ს-ოს სესხის ნაწილი უნდა დაებრუნებინა 2003 წლის ბოლოსთვის, ხოლო ნაწილი მოთხოვნისთანავე;

ნ.ს-ომ დათქმული პირობა არ შეასრულა;

ე.ც-ამ სარჩელი აღძრა 2003 წლის 11 ივნისს;

ე.ც-ა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვდა სესხის ძირი თანხის 8266 აშშ დოლარის და ასევე პროცენტის 7190 აშშ დოლარის ნ.ს-ოზე დაკისრებას;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ე.ც-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნ.ს-ოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15829.3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღრულებამდე სესხის ძირი თანხის 8266 აშშ დოლარის ყოველთვიური 1.5%, რაც თვეში შეადგენდა 123.99 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში; სარჩელის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.ც-ას და ნ.ს-ოს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე.ც-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ნ.ს-ოს ე.ც-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 8266 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ე.ც-ას გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა მხარემ დააყენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც სასამართლომ ცნო და დაკმაყოფილდა მოპასუხის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საპროცესო ნორმა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით ე.ც-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტულება;

საკასაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ ე.ც-ას გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პროცენტის გადახდის შესახებ, თვისობრივად ახალი სარჩელი იყო, რომელიც თავისი იურიდიული ბუნებით ზიანის ანაზღაურებაა და დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს;

დადგენილია, რომ 2010 წლის 6 მაისს ე.ც-ამ აღძრა სარჩელი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პროცენტის გადახდის შესახებ, ნ.ს-ოს მიმართ. ამჯერად, მან მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 11737 აშშ დოლარის დაკისრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ს-ოს მიერ ფულადი ვალდებულება არ შესრულდა დროულად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, თვით ვადის გადაცილების ფაქტი იძლეოდა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ აპელანტის მიერ მითითებული ,,მინიმალური ზიანი" სახეზე იყო. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის მოთხოვნა დაფუძნებული იყო 2004 წელს წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის იმ დროს მოქმედი რედაქცია, გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის დანაწესიდან. მითითებული 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილება უდავოდ დადასტურდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, ნ.ს-ო ვალდებული იყო ე.ც-ასთვის სესხი დაებრუნებინა 2004 წლის 11 ივნისის მდგომარეობით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგინდა, ასევე უდავოდ დადგენილად უნდა მიჩნეულიყო, რომ ე.წ. ,,მინიმალური ზიანი" სახეზე იყო და სხვა რაიმე მტკიცებულებები აღარ იყო საჭირო. ე.ც-ას დროულად რომ მიეღო ნ.ს-ოსგან თანხა, სხვა თუ არა მის საბანკო ანგარიშზე ანაბარის სახით შეტანით ყოველთვიურად მიიღებდა სულ ცოტა 2%-ის სარგებელს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის საფუძველია ის გარემოება, რომ მოპასუხე ს-ომ არ შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად დადგენილ დროში მისი ფულადი ვალდებულება და დაახლოებით 6 წლის მანძილზე უკანონოდ სარგებლობდა ე.ც-ას კუთვნილი 8266 აშშ დოლარით, რის გამოც ე.ც-ამ განიცადა ზიანი, რაც უნდა აუნაზღაურდეს.

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადაცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პროცენტის გადახდევინება დაკავშირებულია არამარტო ვალდებულებითი ურთიერთობის იმ ეტაპთან, როცა ეს ურთიერთობა ნორმალურად ვითარდება, არამედ მისი დარღვევის, კერძოდ, ვადის გადაცილების ფაქტთან. თუ პირველ შემთხვევაში პროცენტი კაპიტალით სარგებლობისათვის დგინდება, მეორე შემთხვევაში, სულ ერთია, მისი გადახდევინებისათვის მოვალე ისარგებლებს ამ კაპიტალით თუ არა. საამისოდ საკმარისია ვადის გადაცილების ფაქტი. ამიტომაც, ვადის გადაცილებისათვის დაწესებული პროცენტი ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქციის მატარებელია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა ისიც, რომ 403-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება ყველა სახის ფულად ვალდებულებებზე. სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს პროცენტის ზღვრულ ოდენობას, მაგრამ ზოგადი კრიტერიუმებით განსაზღვრავს მას. პროცენტის მოთხოვნა არაა დამოკიდებული ზიანის არსებობის მტკიცებაზე. ამდენად, თვით ვადის გადაცილების ფაქტი იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ აღნიშნული ,,მინიმალური ზიანი" სახეზეა. პროცენტის ოდენობა კი კერძო შემთხვევებით განისაზღვრება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგინდა, რომ მხარეებს შორის პროცენტი არ იყო სესხის ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრული, მისი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო იმ დროისათვის არსებული პროცენტის ზღვრული ოდენობით, რაც დადგენილი იყო ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების სახით ყოველვიურად 2%-ის დაკისრება (8266 აშშ დოლარის 2%-ი ყოველთვიურად შეადგენს 165,32 აშშ დოლარს) ვადაგადაცილებისათვის გონივრული და სამართლიანი იქნებოდა.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად ჩათვალა, რომ ნ.ს-ოს მიერ ფულადი ვალდებულება არ შესრულდა დროულად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

რაც შეეხებოდა პროცენტის ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ პროცენტის ზღვრულ ოდენობად გონივრულად მიიჩნია ნ.ს-ოსათვის ყოველთვიურად ძირი თანხის 2%-ის დაკისრება ბოლო სამის წლის განმავლობაში, კერძოდ, 36 თვეზე. მოცემულ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი ფულადი ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კანონიერი და საფუძვლიანი იყო აპელანტის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალე ნ.ს-ოსათვის ზიანის ანაზღაურების (პროცენტის) სახით 2%-ის დაკისრების თაობაზე, მაგრამ არა იმ ოდენობით რასაც აპელანტი უთითებდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნ.ს-ოს უნდა დაკისრებოდა ე.ც-ას სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 8266 აშშ დოლარის ყოველთვიური 2%-ის ოდენობით ზიანის ანაზღაურება (165.32 აშშ დოლარი თვეში), ბოლო სამი წლის განმავლობაში (36 თვის) გადასახდელი თანხის ოდენობით, რაც შეადგენდა 5951.52 აშშ დოლარს (ს.ფ. 143-152).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ს-ომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 395-ე, 404-ე, 412-ე მუხლები. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ 2004 წლის ივნისიდან ს-ომ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა, ვინაიდან მას ბრალი არ მიუძღვის სასამართლო პროცესების გაჭიანურებაში (ს.ფ. 157-163).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ს-ოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (505 ლარი) 70% _ 353.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ს-ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ.ს-ოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (505 ლარი) 70% _ 353.5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.