ას-177-167-2011 7 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სახელმწიფო ... სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მამის _ ი. მ-შვილის დანაშთი 0.75 ჰა მიწის ნაკვეთის, ასევე ბებიის _ ს. მ-შვილის დანაშთი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 100 კვ.მ შენობა-ნაგებობის მემკვიდრეობით მიღების ვადის გაგრძელება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1996 წლის 21 მარტს, ხოლო ბებია 1997 წლის 6 ივლისს. თ.მ-შვილი დარჩა ინვალიდ დედასთან ერთად და თავად გახდა ავად. ოჯახმა გაჭირვებით მოაგროვა თანხა და ბებიის გარდაცვალებიდან 4 თვეში მოსარჩელე გაემგზავრა გერმანიაში სამკურნალოდ და სწავლის გასაგრძელებლად.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე თ. მ-შვილს გაუგრძელდა კანონიერი მემკვიდრეობის წესით სამკვიდროს მიღების ვადა მამკვიდრებელ ს. მ-შვილისა და ი. მ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე.
სიღნაღის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. მ-შვილმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განჩინება ძალაში დარჩა ს. მ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე კანონიერი მემკვიდრეობის წესით სამკვიდროს მიღების ნაწილში, ხოლო ი. მ-შვილის სამკვიდროს მიღების ნაწილში 2007 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს გაუგრძელდა კანონიერი მემკვიდრეობის წესით სამკვიდროს მიღების ვადა 1997 წლის 6 ივლისს გარდაცვლილ მამკვიდრებელ ს. მ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
1997 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა ს. მ-შვილი, რომელსაც ანდერძი არ დაუტოვებია. ს. მ-შვილის გარდაცვალების შემდეგ, 1997 წლის 6 ივლისს გაიხსნა მისი სამკვიდრო, რაც წარმოადგენს სიღნაღის რაიონის სოფელ ... მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 100 კვ.მ შენობა-ნაგებობას.
ს. მ-შვილის პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრეები: მისი მეუღლე და შვილები გარდაიცვალნენ. მხარეები არიან ერთმანეთის ბიძაშვილები. თ. მ-შვილის მამა _ ი. მ-შვილი გარდაიცვალა 1996 წელს, ხოლო ნ. მ-შვილის მამა _ ლ. მ-შვილი _ 2002 წელს.
თ. მ-შვილს ს. მ-შვილის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და 1997 წლის 6 ივლისიდან, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან კანონით დადგენილ ვადაში _ 1998 წლის 6 იანვრამდე სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს.
სსიპ “... კოლეჯის მიერ” 2007 წლის 22 ივნისით გაცემული ¹133 ცნობის თანახმად, სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტის სტუდენტი, თ. ი.ის ასული მ-შვილი 1997 წლის 20 ნოემბრიდან 1998 წლის 1 ნოემბრამდე იმყოფებოდა აკადემიურ შვებულებაში საზღვარგარეთ მკურნალობის გამო, ხოლო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ 2007 წლის 17 მაისის ¹... ცნობის თანახმად, 1997 წლის 17 ნოემბერს დაფიქსირებულია თ. მ-შვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აეროპორტ “თ-ის” გავლით. აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. მ-შვილს, ავადმყოფობის და ამავე მიზეზით საქართველოში არყოფნის გამო, ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, განეხორციელებინა სამემკვიდრეო უფლებები სამკვიდროს გახსნიდან ექვსთვიან ვადაში. ამასთან, დავის გადაწყვეტისათვის სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მამკვიდრებლის _ ს. მ-შვილის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვა მხოლოდ 2007 წელს გახდა შესაძლებელი და მხოლოდ თ. მ-შვილის ძალისხმევით, მისი ფინანსური დანახარჯებით. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თ. მ-შვილის კმაყოფაზეა მისი მძიმედ დაავადებული დედა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, საჭიროებს მუდმივ ზრუნვას და მეთვალყურეობას, რაც ასევე ხელისშემშლელი აღმოჩნდა სამემკვიდრეო საკითხების დროულად მოგვარებისათვის.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის, 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლების შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეთა შორის არ იწვევს დავას ის გარემოება, რომ თ. მ-შვილს, ს. მ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება წარმოეშვა 1997 წლის 6 ივლისს, ხოლო თ. მ-შვილმა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით სამკვიდრო მიღების ვადის გაგრძელების შესახებ მიმართა 2007 წლის 5 ივლისს, როდესაც ჯერ კიდევ გასული არ იყო ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა და აღნიშნულით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, მართალია, კანონი ზუსტად – თვეებით განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების ვადას, არ ადგენს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მერამდენე დღეს, კვირას ან თვეს შეუძლია მემკვიდრეს თავისი სამემკვიდრეო უფლებების რეალიზაცია. უდავოა, რომ ასეთი დასაშვებია ყოველთვის, მაგრამ კონკრეტული ექვსი თვის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, უფლების ვადაში განუხორციელებლობისას გადამწყვეტი უნდა იყოს ვადის გაშვების მიზეზის საპატიოობა სამკვიდროს გახსნიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში, მიუხედავად შემდგომში უფრო ხანგრძლივი ვადაგადაცილებებისა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გაშვება მოსარჩელის მიერ განპირობებულია საპატიო მიზეზით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე არ ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მას არ მიეცა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა. საქმეში წარმოდეგნილი მასალებით, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მოპასუხე ნ. მ-შვილმა სასამართლოს შეკითხვაზე, სურდა თუ არა საქმის განხილვის გადადება საქმის მასალების გაცნობის მიზნით, განმარტა, რომ მიუხედავად მოპასუხედ ამ სხდომაზე ჩართვისა, იგი კარგად იყო გარკვეული, მისთვის ახალი და გაურკვეველი არაფერი იყო, რის გამოც მიუთითა, რომ არ სურდა საქმის განხილვის გადადება და მოითხოვდა მის განხილვას არსებითად იმავე სხდომაზე. ამავე სხდომაზე მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების, ასევე მოსარჩელის მიერ ახსნა-განმარტების ჩამოყალიბებისას აღინიშნა, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიო გარემოებას წარმოადგენდა მითითებული ცნობა. მოპასუხე მხარეს არც აღნიშნულის შემდეგ მოუთხოვია საქმის განხილვის გადადება, არ გამოუთქვამს ცნობის ნამდვილობის ან მისი შეფასების თვალსაზრისით პრეტენზია და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლოს უნდა გაერკვია, ხოლო თვითონ არ ეთანხმებოდა სარჩელს, ვინაიდან მისმა მამამ გაიღო მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები, იგი ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდროს და მამის გადაცვალების შემდეგ დარჩენილი ვალები მან გადაიხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარემ აღნიშნული ნორმით დადგენილი წესით ვერ დაადასტურა გარემოებები, რაზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინებით თ. მ-შვილს უარი ეთქვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განჩინების იმ ნაწილში გაუქმებაზე, რომლითაც თ. მ-შვილის მოთხოვნა ს. მ-შვილის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი და არ შეწყვიტა მოცემული საქმის წარმოება.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის დანაწესი. ნ. მ-შვილი თავისი მამის _ ლ. მ-შვილის შემდეგ წარმოადგენს ს. მ-შვილის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეს, რაც აღიარებულია და კანონიერ ძალაშია.
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება შეუზღუდავად გაგრძელდეს, რადგან კანონი ითვალისწინებს აღნიშნული ვადის აღდგენის შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ თ. მ-შვილს ს. მ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება წარმოეშვა 1997 წლის 6 ივლისს და იგი ამოიწურა 1998 წლის 6 იანვარს. თ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოს მიმართა 2007 წლის 5 ივლისს. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. მ-შვილს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და არც სანოტარო ორგანოსათვოს მიუმართავს განცხადებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სსიპ ... კოლეჯის მიერ 2007 წლის 22 ივნისს გაცემული წერილის საფუძველზე მიიჩნია, რომ თ. მ-შვილს ავადმყოფობის და ამავე მიზეზით საქართველოში არ ყოფნის გამო ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა სამემკვიდრეო უფლებები. აღნიშნული ცნობაში მითითებული იყო, რომ თ. მ-შვილი 1997 წლის 20 ნოემბრიდან 1998 წლის 1-ელ ნოემბრამდე იმყოფებოდა აკადემიურ შვებულებაში საზღვარგარეთ მკურნალობის გამო. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქართველის საზღვრის პოლიციის მიერ 2007 წლის 17 მაისს გაცემული ცნობაც, რომლის თანახმადაც 1997 წლის 17 ნოემბერს გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი.
ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, თ. მ-შვილმა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო სამკვიდროს მიღება კანონით დადგენილ ვადაში, რაც საფუძველია იმისა, რომ მას გაუგრძელდეს სამკვიდროს მიღების ვადა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამკვიდროს მიღების უფლების ვადაში განუხორციელებლობისას გადამწყვეტი უნდა იყოს ვადის გაშვების საპატიობა სამკვიდროს გახსნიდან პირველი ექვსი თვის განმავლობში, მიუხედავად შემდგომში უფრო ხანგრძლივი ვადაგადაცილებისა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ასეთი სახის განმარტება არ გამომდინარეობს სამართლებრივი ნორმების განმარტებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის ან ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მითითებული ნორმებით გათვალისწინებული არც ერთი მოქმედება არ განუხორციელებია. მან მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების წარმოშობიდან მე-10 წელს მიმართა სასამართლოს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლოს შეფასების საგანია ვადის გადაცილების მიზეზის საპატიოობა, რაც გულისხმობს იმ ვადის საპატიობის შეფასებას, რითაც გადაცილებულია სამკვიდროს მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადა. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს თვითონ ტერმინის ,,ვადაგადაცილების’’ განმარტებიდან. მითითებული ტერმინი გულისხმობს არა რაიმე ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდგომ პერიოდშიც არსებულ მდგომარეობას. ანუ ეს ეხება არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ექვს თვეს, არამედ იმ პერიოდსაც ვიდრე მხარემ მიმარა სათანადო ორგანოებს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ნაცვლად ექვსი თვისა სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი ღონისძიებები გამოიყენა თითქმის 10 წლის შემდეგ ანუ მოსარჩელემ 9-10 წლით გადააცილა სამკვიდროს მისაღებად კანონის გათვალისწინებული ვადას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია საპატიოდ, რაც განაპირობა ამ ნორმის არასწორმა განმარტებამ, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. შესაბამისად, არასწორად განისაზღვრა იმ დასადგენ ფაქტობრივ გარემოებათა წრე, რომლის შესაბამისადაც შეიძლება მიღებული იქნეს გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არასწორად იქნა განმარტებული სასამართლოს მიერ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმის დასადგენად, გადააცილა თუ არა საპატიო მიზეზით მხარემ კანონით დადგენილ ვადას, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსთვის მიმართვის ან ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიოობაც, რომლითაც მან გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ნორმის არასწორმა განმარტებამ განაპირობა ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა არასრული სახით, რის გამოც შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს გარემოებანი, რომელთა გამოც მხარემ ვერ შესძლო სამკვიდროს მიღება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან სასამართლოსათვის მიმართვამდე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.