Facebook Twitter

ას-207-194-2011 14 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “... უნივერსიტეტის” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ... ტელევიზია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ “... უნივერსიტეტის” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აჭარის ტელევიზიის მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის, საჯაროდ ბოდიშის მოხდისა და მორალური ზიანის _ 30000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ტელევიზიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაში დოკუმენტების გაყალბებაზე საუბარი არ ყოფილა. გამოცხადდა ფაქტი, რომ უნივერსიტეტის შესაბამისმა კომისიამ ნ. გ-ძეს არ ჩაუთვალა მის მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დაუმოწმებელი დოკუმენტები და მათში არსებული გადასწორებები, ნაცვლად ნ. გ-ძის კანდიდატურის მოხსნისა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:L

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 6 ოქტომბერს სსიპ “... უნივერსიტეტის” აკადემიური საბჭოს ¹116 დადგენილებით განმეორებით გამოცხადდა კონკურსი უმაღლეს სასწავლებელში 23 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ანალიზური ქიმიის მიმართულებით სრული პროფესორის თანამდებობაზე სამი კონკურსანტი – ნ. კ-ძე, ნ. გ-ძე და ა. კ-ია იღებდა მონაწილეობას. კომისიამ უპირატესობა მიანიჭა ა. კ-იას.

სსიპ “... უნივერსიტეტის” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით ნ. გ-ძის მიერ წარდგენილი საჩივარი განიხილა 2010 წლის 28 იანვარს და დაადგინა, რომ პირველადი გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა და კონკურსის შედეგები ნ. გ-ძის მიმართ დარჩა უცვლელად.

2010 წლის 23 თებერვალს, ... ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება “დ-ში” გაშუქდა სსიპ “... უნივერსიტეტის” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის ბრიფინგი, სადაც Hსაინფორმაციო გამოშვების წამყვანმა აღნიშნა შემდეგი: “აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე ნ. გ-ძეს ბათუმის ... უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიამ დღეს ბრიფინგით უპასუხა. ნ. გ-ძემ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ვერ დააკმაყოფილა საკონკურსო კომისიის მოთხოვნები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ანალიზური ქიმიის მიმართულებით იგი სრული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ მოხვდა. კომისიის წევრების განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან 12 გაყალბებული იყო. გ-ძემ კომისიის დასკვნა არაობიექტურად მიიჩნია და უნივერსიტეტის ღირსება ეჭვქვეშ დააყენა. კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა კონკურსანტის გაყალბებული დოკუმენტაცია საჯარო გაეხადა.”

აღნიშნულ საინფორმაციო გამოშვებაში საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა შემდეგი განმარტება: “მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამსჯავროზე გამოვიტანოთ მისი საკონკურსო დოკუმენტაციის ზოგიერთი დეტალები, კომისიას შეეძლო მოეხსნა ქალბატონ ნ. გ-ძის კანდიდატურა, რადგან მის დოკუმენატაციაში აღმოჩენილ იქნა რიგი უზუსტობები და ეჭვის საფუძველს ქმნიდა რამდენიმე დოკუმენტი, ზუსტად, რომ გითხრათ თორმეტი დოკუმენტი. მასში იყო ხელით გადასწორებული, აგრეთვე ნოტარიულად დაუმოწმებელი და ხანდაზმული დოკუმენტები. ნ. გ-ძე მიიჩნევს, რომ კონკურსანტთაგან მხოლოდ ის არის ანალიზური ქიმიის სპეციალისტი. მას დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1997 წელს. მის საკანდიდატო დისერტაციის დიპლომში მითითებული შიფრი და ავტორეფერატში მითითებული შიფრი არ ემთხვევა ერთმანეთს...”

სასამართლოს მითითებით, საქმეში განთავსებული მტკიცებულებებით, სსიპ “... უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის” საკონკურსო კომისიისათვის ნ.გ-ძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ “ღია საზოგადოება-საქართველოს” სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდის კოორდინატორის, პროფესორ დ.ა-შვილის სახელით გაცემულ ცნობაში აღნიშნულია, რომ 2001-2002 წლებში გამართულ კონკურსში გამარჯვებული ჯგუფის წევრს წარმოადგენდა ნ.გ-ძე, თუმცა ცნობაში პროექტის დასახელებაში გამოკვლევის ნომრის გასწვრივ ციფრი დაფიქსირებული არ არის. გარდა ამისა, ხელმომწერი პირის მიერ დასმული ბეჭედი არ იკითხება.E

სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის, დოცენტ ჯ.ს-შვილის ხელმოწერით 2006 წლის 21 ივლისს გაცემულ ¹... ცნობაში ნ. გ-ძის გასწვრივ ფრჩხილებში მითითებულია “ც...”. ამავე ცნობის ქვედა მარცხენა კუთხეში დადასტურების თარიღი გადასწორებულია და ჩამონათვალში მე-5 ნომრის ტექსტი გადაფარულია თავისუფალი ადგილის აღმნიშვნელი ნიშნით _ ძ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 1969 წლის 5 ნოემბრის ¹589 ბრძანებაში ასპირანტურაში ჩარიცხული ნ. გ-ძის ხელმძღვანელებად მითითებული არიან პროფესორი გ.ს-ძე და დოცენტი გ.ს-შვილი, ხოლო ავტორეფერატში ხელმძღვანელებად დაფიქსირებულია პროფესორი გ.ს-შვილი და დოცენტი გ.მ-ძე.

სასამართლომ იხელმძღვანელა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ა”, “ბ”, “ე” ქვეპუნქტებით, რომელთა შესაბამისად, ცილისწამება არსებობს იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ გავრცელებულია ინფორმაცია, რომელიც შეიცავს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ, პირისათვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ ცნობებს. ამასთან, ცილისწამების შემთხვევაში ინფორმაციის გამავრცელებელი პირი არაორაზროვნად უნდა მიუთითებდეს, რომ განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს ე.ი. განცხადება უნდა ატარებდეს მტკიცებით ხასიათს.

პალატამ გაიზიარა საკონკურსო კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ იგი არ შეიცავდა რაიმე სახის შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას. ნ. გ-ძე როგორც სარჩელში, ისე საქმის განხილვისას მიუთითებდა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტების უზუსტობებზე, თუმცა ხსნიდა, თუ როგორ უნდა შეეფასებინა და რამდენად უნდა მიეღო მხედველობაში კომისიას ეს დოკუმენტაცია. ასევე საქმეში განთავსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზოგიერთი დოკუმენტი ნამდვილად შეიცავს გადასწორებულ მონაცემებს.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უზუსტობების თაობაზე გაკეთებული განცხადება არ იყო არსებითად მცდარი, არარსებული ფაქტის შემცველი და ვერ ჩაითვლება ცილისმწამებლურ გამონათქვამად. კომისიის თავმჯდომარის განცხადება დოკუმენტებში რიგი უზუსტობების არსებობის თაობაზე არ წარმოადგენს პიროვნებისთვის ცილისმწამებლურს, ვინაიდან პირდაპირ ეთერშივე მოკლედ იქნა ახსნილი და განმარტებული, თუ რას წარმოადგენდა უზუსტობები. საჯაროდ მიეთითა, რომ უზუსტობებს წარმოადგენდა ხელით გადაკეთებული, ჩამატებული და სანოტარო წესით დაუმოწმებელი დოკუმენტები. ამ უზუსტობებზე საუბრისას კომისიის თავმჯდომარე არ საუბრობდა მოსარჩელის რაიმე სახის ბრალეულ ქმედებაზე, ის ზოგადად მიუთითებდა უზუსტობებზე და არა უზუსტობების განზრახ შემქმნელ და დამამზადებელ პირებზე.

სასამართლოს მოსაზრებით, ცილისმწამებლურ, პატივისა და ღირსების შემლახველ ინფორმაციას ასევე არ წარმოადგენს დიპლომთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარის მიერ პირდაპირ ეთერში მიცემული შემდეგი განმარტება: “..ნ. გ-ძე მიიჩნევს, რომ კონკურენტთაგან მხოლოდ ის არის ანალიზური ქიმიის სპეციალისტი. მას დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1997 წელს. მის საკანდიდატო დისერტაციის დიპლომში მითითებული შიფრი და ავტორეფერატში მითითებული შიფრი არ ემთხვევა ერთმანეთს...”

მოცემული დავის განხილვისას თვით მოსარჩელის მიერ იქნა განმარტებული, რომ სადავო საკითხს წარმოადგენდა, დიპლომში არსებული შიფრი. დიპლომში დაშვებული იყო აღნიშნული მექანიკური შეცდომა და ამ შეცდომასა და უზუსტობაზე გამოტანილია სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, მითითებული განცხადებებით არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე და ჩათვალა, რომ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. ნ. გ-ძემ კი ვერ წარადგინა კომისიის თავმჯდომარის მიერ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელების დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, მოპასუხე სსიპ “... უნივერსიტეტის” მხრიდან ნ. გ-ძის ცილისწამება არ მომხადარა.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-7, მე-6 მუხლების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ისეთი განმარტებებისა და გამოთქმის უფლებასაც, რომელიც “შეურაცხმყოფელია, აღმაშფოთებელია და შემაწუხებელია”. ამასთან, მიუღებელია, ჟურნალისტს და ტელევიზიას ჩამოერთვას უფლება, გამოხატოს კრიტიკული შეფასებითი მსჯელობები, თუნდაც ვერ შეძლოს მათი ჭეშმარიტების დამტკიცება.

პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ 2010 წლის 23 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება “დ-ში” ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებით, იგი არ ამტკიცებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ნ. გ-ძე არის ყალბი დოკუმენტების დამამზადებელი და ყალბისმქნელი.

“აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე ნ. გ-ძეს ბათუმის ... უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიამ დღეს ბრიფინგით უპასუხა. ნ. გ-ძემ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ვერ დააკმაყოფილა საკონკურსო კომისიის მოთხოვნები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ანალიზური ქიმიის მიმართულებით იგი სრული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ მოხვდა. კომისიის წევრების განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან 12 გაყალბებული იყო. გ-ძემ კომისიის დასკვნა არაობიექტურად მიიჩნია და უნივერსიტეტის ღირსება ეჭვქვეშ დააყენა. კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა კონკურსანტის გაყალბებული დოკუმენტაცია საჯარო გაეხადა.” _ ჟურნალისტი გამოთქვამდა თვალსაზრისს, კომენტარს კონკრეტული ფაქტის მიმართ, კრიტიკულ, შეფასებით მსჯელობას კომისიის წევრთა განცხადებიდან გამომდინარე, რისი უფლებაც, პალატის მოსაზრებით, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას გააჩნდა და ასეთი სახის გამონათქვამი ვერ ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ ცილისწამებად.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება, არამედ ზიანიც. ამასთან, ზიანის არსებობა უნდა დაადასტუროს თავად მოსარჩელემ, კერძოდ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელების შედეგად, შეილახა მისი პატივი, ღირსება, ან საქმიანი რეპუტაცია.

პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი გამორიცხავს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით არ არის დადგენილი. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლისა და “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირს პასუხისმგებლობა პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გავრცელდა მსგავსი ცნობების შემცველი ინფორმაცია.

საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაციით მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი.

“სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირის მიერ გავრცელებული ცნობების საჯაროდ უარყოფის ვალდებულება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მის მიერ სხვა პირის ცილისწამების შემთხვევაში. პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ ცილისწამება არ განუხორციელებიათ, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის თაობაზე უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ.გ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-18 და “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლები, თუმცა არასწორად განმარტა ისინი. პალატამ საერთოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო გავრცელებული ინფორმაციით დაირღვა უდანაშაულობის პრინციპი, ვინაიდან სადავო დოკუმენტების სიყალბე კანონით დადგენილი წესით არ დადგენილა. მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტმა გააკეთა ცილისმწამებლური განცხადება, რომელიც შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს და წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგელობის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის სხდომის ოქმი ნ.გ-ძემ მოიპოვა 2 თვის დაგვიანებით. აღნიშნულ ოქმში ასახული მოვლენები რეალობას არ ასახავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრენული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2010 წლის 23 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება “დ-ში” გაშუქდა სსიპ “... უნივერსიტეტის” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის ბრიფინგი, სადაც Hსაინფორმაციო გამოშვების წამყვანმა აღნიშნა შემდეგი: “აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე ნ. გ-ძეს ბათუმის ... უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიამ დღეს ბრიფინგით უპასუხა. ნ. გ-ძემ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ვერ დააკმაყოფილა საკონკურსო კომისიის მოთხოვნები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ანალიზური ქიმიის მიმართულებით იგი სრული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ მოხვდა. კომისიის წევრების განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან 12 გაყალბებული იყო. გ-ძემ კომისიის დასკვნა არაობიექტურად მიიჩნია და უნივერსიტეტის ღირსება ეჭვქვეშ დააყენა. კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა კონკურსანტის გაყალბებული დოკუმენტაცია საჯარო გაეხადა.”

აღნიშნულ საინფორმაციო გამოშვებაში საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა შემდეგი განმარტება: “მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამსჯავროზე გამოვიტანოთ მისი საკონკურსო დოკუმენტაციის ზოგიერთი დეტალები, კომისიას შეეძლო მოეხსნა ქალბატონ ნ. გ-ძის კანდიდატურა, რადგან მის დოკუმენტაციაში აღმოჩენილ იქნა რიგი უზუსტობები და ეჭვის საფუძველს ქმნიდა რამდენიმე დოკუმენტი, ზუსტად, რომ გითხრათ თორმეტი დოკუმენტი. მასში იყო ხელით გადასწორებული, აგრეთვე ნოტარიულად დაუმოწმებელი და ხანდაზმული დოკუმენტები. ნ. გ-ძე მიიჩნევს, რომ კონკურსანტთაგან მხოლოდ ის არის ანალიზური ქიმიის სპეციალისტი. მას დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1997 წელს. მის საკანდიდატო დისერტაციის დიპლომში მითითებული შიფრი და ავტორეფერატში მითითებული შიფრი არ ემთხვევა ერთმანეთს...”

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება “დ-ს” მეშვეობით გავრცელებული ზემოხსენებული ინფორმაცია ნ. გ-ძემ მიიჩნია თავისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუქტაციის შემლახველად და სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

კანონის აღნიშნული დანაწესის მიხედვით, ფიზიკური პირის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველია მის მიერ სხვა პირის შესახებ ცილისწამებლური ხასიათის, ანუ არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება და მითითებულის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება. აღნიშნული შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისა და ამის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ პირს ეკისრება, რომლის მიმართაც მსგავსი ხასიათის ქმედება განხორციელდა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ისეთი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეიძლება დადგენილიყო ჟურნალისტისა და კომისიის თავმჯდომარის მიერ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მოპასუხეთა მიერ ნ. გ-ძის ცილისწამება არ მომხდარა, კერძოდ:

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამავე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო, ხოლო “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

მოსარჩელე ნ. გ-ძე პრეტენზიას აცხადებს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტის მიმართ და მიიჩნევს, რომ მითითებული გადაცემის წამყვანმა გაავრცელა ინფორმაცია მასზე, როგორც დოკუმენტების გამყალბებელზე, რამაც შეულახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ამდენად, არსებობს ნ. გ-ძისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს ზემოხსენებული კომენტარით მოსარჩელის სადავო უფლებები არ დაურღვევია, რადგან მან იმთავითვე მიუთითა სადავო ინფორმაციის წყაროზე და განმარტა, რომ აღნიშნული კომენტარი ეფუძნება შესაბამისი კომისიის წევრთა განცხადებას. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების გადმოცემას ნ. გ-ძის მიერ სადავო დოკუმენტების გაყალბების ფაქტის მტკიცებითი ფორმა არ გააჩნდა.

რაც შეეხება თავად კომისიის თავმჯდომარის კომენტარს, ამ უკანასკნელმა თავის განცხადებაში განმარტა, რომ ნ. გ-ძის მიერ საკონკურსო კომისიისათვის წარდგენილ დოკუმენტებში არსებობდა ხარვეზები, მათ ტექსტში აღინიშნებოდა ხელით გადასწორებები, დოკუმენტები, კომისიის მოთხოვნისამებრ, არ იყო დამოწმებული სანოტარო წესით, ზოგი მათგანი იყო ხანდაზმული. აღნიშნულ უზუსტობებზე საუბრისას კომისიის თავმჯდომარეს არ მიუთითებია მოსარჩელის რაიმე სახის ბრალეულ ქმედებაზე, უზუსტობების განზრახ შემქმნელ და დამამზადებელ პირებზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ნ. გ-ძემ სასარჩელო განმცხადებაში და საქმის განხილვისასაც დაადასტურა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტების უზუსტობები, თუმცა ახსნა, თუ როგორ უნდა შეეფასებინა და რამდენად უნდა მიეღო მხედველობაში კომისიას ისინი. შესაბამისად, უზუსტობების თაობაზე გაკეთებული განცხადება არ იყო არსებითად მცდარი, არარსებული ფაქტის შემცველი და ვერ ჩაითვლება ცილისმწამებლურ გამონათქვამად.

აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სადავო სატელევიზიო გადაცემაში არც ჟურნალისტისა და არც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებით, გამოთქმული აზრითა და კომენტარით სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული ნ. გ-ძის უფლებები არ შელახულა.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის მე-7 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

ამდენად, ცხადია, რომ სადავო ინფორმაციის გავრცელება მოხდა მართლზომიერად, მოცემულ შემთხვევაში მისი შეზღუდვის კანონით დადგენილი წანამძღვრების არსებობა მოსარჩელე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რის გამოც მის სარჩელს მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლიც, როდესაც მიიჩნია, რომ, ყოველივე ზემოთ მოყვანილის გამო, მორალური ზიანის ანაზრაურების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის უკანონობასთან დაკავშირებით, რადგან ნ. გ-ძის შენიშვნები მითითებულ საპოცესო დოკუმენტზე სააპელაციო პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველად. აღნიშნული სასამართლო სხდომის ოქმი მხარეს ჩაბარდა 2011 წლის 15 იანვარს, ხოლო შენიშვნები მხარემ შეიტანა ამავე წლის 20 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული 3-დღიანი ვადის დარღვევით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.