Facebook Twitter

ას-249-234-2011 21 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ლ-ო” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ლ-ოს” მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2006 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის _ 103900 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას 81483,30 ლარის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ლ-ოს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 81483.30 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” 2004 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებით, შპს “ლ-ომ” (მიმწოდებელი) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემსყიდველი) წინაშე იკისრა ქ. თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციისა და გამრიცხველიანების სამუშაოების ჩატარების ვალდებულება 3 500 000 ლარის ფარგლებში. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დაასრულა 2004 წლის 30 დეკემბერს.

საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის წერილით დადგენილია, რომ შპს “ლ-ომ” სამუშაოთა დასრულების შემდეგ, სს “თ-ს” ჩააბარა 103900 ლარის ღირებულების მორჩენილი პოლიეთილენის მილები, ფიტინგები და გაზის მრიცხველები.

2006 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს “თ-სა” და შპს “ლ-ოს” შორის დაიდო შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2004 წლოს 30 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე. კერძოდ, 2006 წლის 18 დეკემბრის შეთანხმებით დადგინდა, რომ სს “თ-ს” ძირითადი საშუალებებიდან უნდა ამოეღო 103 926 ლარის ღირებულების ზემოთ აღნიშნული საქონელი და გადაეცა შპს “ლ-ოსათვის”, ხოლო შპს “ლ-ომ” ენერგეტიკის სამინისტროს წინაშე იკისრა ვალებულება, 2006 წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაებრუნებინა 103,9 ათასი ლარი და უფლება ჰქონდა, შპს “...” საწყობში არსებული ამ ღირებულების ქონება განეკარგა საკუთარი შეხედულებისამებრ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2007 წლის 25 იანვრის წერილით შპს “ლ-ოს” მოსთხოვა 2006 წლის 18 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 103 900 ლარის გადახდა. მოპასუხემ 103 900 ლარიდან სარჩელი ცნო 81 483,30 ლარის გადახდის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მოპასუხის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ, კერძოდ, 22 416,7 ლარის შესრულების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 132-ე მუხლებსა და სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე მითითებით კანონიერად უთხრა უარი მოსარჩელეს 22 416,7 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტროს უარი ეთქვა 22416,7 ლარის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემეობა, რომ მხარეთა შორის 2006 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულება ცალსახად აკისრებს შპს “ლ-ოს” 103900 ლარის გადახდის ვალდებულებას და არა რაიმე გადასახადის გადახდას. მოპასუხეს ვალდებულება ნაწილობრივაც კი არ შეუსრულებია და შპს “ლ-ოს” მიერ გადასახადების გადახდა ასეთად ვერ ჩაითვლება.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ კასატორის წარმომადგენელმა საქმის განხილვისას დაადასტურა სადავო თანხის ნაწილში შპს “ლ-ოს” მიერ ვალდებულების შესრულება, ვინაიდან კასატორმა სასამართლო სხდომაზე საწინაარმდეგო დააფიქსირა და განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს 103900 ლარის გადახდა სრულად უნდა დაეკისროს. ის გარემოება კი, რომ სამინისტროს წარმომადგენელმა იმსჯელა შპს “ლ-ოს” მიერ დღგ-ს გადახდის ფაქტზე საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, არ ნიშნავს სარჩელის ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2004 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებით, შპს „ლ-ომ“ (მიმწოდებელი) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემსყიდველი) წინაშე იკისრა ქ.თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციისა და დგამრიცხველიანების სამუშაოების ჩატარების ვალდებულება, ჯამური თანხით 3 500 000 ლარი; მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დაასრულა 2004 წლის 30 დეკემბერს;

საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის წერილით დადგენილია, რომ შპს „ლ-ომ“ სამუშაოთა დასრულების შემდეგ, სს „თ-ს“ ჩააბარა 103 900 ლარის ღირებულების მორჩენილი პოლიეთილენის მილები, ფიტინგები და გაზის მრიცხველები.

2006 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს „თ-სა“ და შპს „ლ-ოს“ შორის დაიდო შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2004 წლის 30 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე. კერძოდ, 2006 წლის 18 დეკემბრის შეთანხმებით დადგინდა, რომ სს „თ-ს“ ძირითადი საშუალებებიდან უნდა ამოეღო 103 926 ლარის ღირებულების ზემოთ აღნიშნული საქონელი და გადაეცა შპს „ლ-ოსათვის“, შპს „ლ-ომ“ კი ენერგეტიკის სამინისტროს წინაშე აიღო ვალდებულება 2006 წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაებრუნებინა 103,9 ათას ლარი. ამასთან მას უფლება ჰქონდა შპს „...“ საწყობში არსებული ამ ღირებულების ქონება განეკარგა საკუთარი შეხედულებისამებრ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2007 წლის 25 იანვრის წერილით შპს „ლ-ოს“ მოსთხოვა 2006 წლის 18 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 103 900 ლარის გადახდა.

მოპასუხემ 103 900 ლარიდან სარჩელი ცნო 81 483,30 ლარის გადახდის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მოპასუხის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ, კერძოდ 22 416,7 ლარის შესრულების შესახებ. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის სასამართლო სხდომაზე, სადაც მან დაადასტურა მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 22 416,70 ლარის გადახდის ფაქტი და მიუთითა, რომ ეს თანხა შედიოდა სარჩელის მოთხოვნილ 103 900 ლარში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გააჩნია დასაბუთებული საკასაციო პრეტენპზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ შპს „ლ-ოს“ 22 416,7 ლარის ვალდებულება შესრულებული აქვს ბიუჯეტის სასარგებლოდ აღნიშნული თანხის გადახდის გზით.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო დაეყრდნო მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდის ფაქტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტობრივი გარემოების დადგენა შეუძლებელია მოხდეს ახსნა-განმარტების მეშვოებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იურიდიული პირის მიერ დამატებითი ღირებულების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში ხდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. გადახდის დროს დგება ამავე კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რაც წარმოადგენს მტკიცებულებას მოცემული დავის გადაწყვეტისათვის. ასეთი სახის მტკიცებულებები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. სასამართლოს ამ ინფორმაციის მიწოდების წყაროც კი არ გაურკვევია, ისე მიიჩნია დადგენილად შპს ,,ლ-ოს’’ მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, მოპასუხის მიერ 22 416,70 ლარის სახელმწფო ბუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ფაქტი დაადგინოს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულების და არა მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში საპროცესო ნორმების დარღვევითაა გამოტანილი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს შპს ,,ლ-ოს’’ მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უარი ეთქვა 22416,7 ლარის ანაზღაურებაზე და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.