Facebook Twitter

ას-264-248-2011 18 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ძ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. თ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და ფ. თ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ძ-შვილის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის მაისში ი. ძ-შვილმა ისესხა 3000 ლარი, 10%-ის სარგებლით 2008 წლის 10 ივნისამდე, რაც დაადასტურა ხელწერილით. ი. ძ-შვილმა გადაიხადა, მხოლოდ 3 თვის პროცენტი, სულ 900 ლარი, დანარჩენი თვეების სარგებელი და არც ძირითადი თანხა 3000 ლარი არ დაუბრუნებია. 2007 წელს ი. ძ-შვილმა ისესხა მ. თ-ძისაგან 1000 (ათასი) ამერიკული დოლარი 6 თვის ვადით, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებია. 2007 წლის 21 ივნისის მ. თ-ძესა და ი. ძ-შვილს შორის სესხის ხელშეკრულება დადასტურებულია ნოტარიულად. მოსარჩელეებმა მოითხოვეს, მოპასუხეს მ. თ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 აშშ დოლარის, ხოლო ფ. თ-ძის სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების 3000 ლარის და სესხზე ვადაგადაცილებული 27 თვის პროცენტის _ 8100 ლარის, სულ 11 100 ლარის გადახდა.

მოპასუხე ი. ძ-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მ. თ-ძეს დედის მეშვეობით დაუბრუნა 500 აშშ დოლარი და დღეისათვის დასაბრუნებელი აქვს მხოლოდ 500 აშშ დოლარი. ფ. თ-ძისაგან სესხის აღების თაობაზე შედგენილ ხელწერილში მითითებული თანხით მას არ უსარგებლია. მან მხოლოდ რეკომენდაცია გაუწია სხვა პირს, ფ. თ-ძემ კი, მოტყუებით დააწერინა ხელწერილი. მას ფ. თ-ძისათვის დაბრუნებული აქვს 2400 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მ. და ფ. თ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ძ-შვილს მ. თ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა. ძირითადი დავალიანების 3000 _ ლარის, პროცენტის, 8100 ლარის, სულ _11 100 ლარის გადახდა ფ. თ-ძის სასარგებლოდ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ძ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ი. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 21 ივნისს მ. თ-ძესა და ი. ძ-შვილს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. თ-ძემ ი. ძ-შვილს ასესხა 1000 აშშ დოლარი სარგებლის გარეშე, ექვსი თვის ვადით 2007 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. 2007 წლის 10 მაისს ხელწერილის თანახმად, ი. ძ-შვილმა ისესხა 3000 ლარი მოქალაქე ფ. თ-ძისაგან 10%-ით და თანხის დაბრუნების ვალდებულების შესრულების პერიოდად განისაზღვრა 2008 წლის 10 ივნისი. ი. ძ-შვილმა ფ. თ-ძეს გადასცა 900 ლარი პროცენტის სახით. ი. ძ-შვილს 2007 წლის 21 ივნისს სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია. მ. თ-ძისათვის 1000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია.ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება ი. ძ-შვილს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ი. ძ-შვილის მიერ სესხის ხელშეკრულებით ფ. თ-ძის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, მის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ სამი თვის პროცენტი 900 ლარის ოდენობით. ი. ძ-შვილმა მიუთითა, რომ მ. თ-ძეს დაუბრუნა თანხის ნაწილი 500 აშშ დოლარი, ხოლო ფ. თ-ძეს 2400 ლარი. 2007 წლის 21 ივნისს მ. თ-ძესა და ი. ძ-შვილს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. თ-ძემ ი. ძ-შვილს ასესხა 1000 აშშ დოლარი სარგებლის გარეშე, ექვსი თვის ვადით 2007 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-ე და 625-ე მუხლების თანახმად, ვინაიდანDდადგენილია ის გარემოება, რომ ი. ძ-შვილის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, იგი ვალდებულია მ. თ-ძეს დაუბრუნოს სესხის ძირითადი თანხა 1000 აშშ დოლარი, ხოლო ფ. თ-ძეს სესხის ძირითადი თანხა 3000 ლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი 27 თვეზე, რაც შეადგენს 8100 ლარს, სულ _11 100 ლარი.

პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, აპელანტ ი. ძ-შვილს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, სასამართლოსთვის მითითებული სამართლებრივი ნორმით დადგენილი წესის თანახმად, არ წარმოუდგენია. პალატამ განმარტა, რომ 2007 წლის 10 მაისს სესხის ხელშეკრულების დადებისას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი, შეიცავდა დათქმას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების მხარეების მიერ დადგენილი პროცენტი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ გონივრულ ზღვრულ ოდენობას, მაგრამ 2007 წლის 10 მაისის სესხის ხელწერილით 3000 ლარის სარგებლობისათვის გათვალისწინებული 10% არ არის შეუსაბამოდ მაღალი, არ ეწინააღმდეგება ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებსა და საჯარო წესრიგს. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას სესხის ხელშეკრულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ხელშეკრულება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სესხის ხელშეკრულების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ძ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 21 ივნისს მას და მარინა თ-ძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მარინა თ-ძემ ასესხა 1000 აშშ დოლარი 2007 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. აუდიოჩანაწერში მ. თ-ძე ადასტურებს 500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს. 2007 წლის 10 მაისს ფ. თ-ძისაგან ისესხა 3000 ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებია 2008 წლის 10 ივნისს, პროცენტი არ იყო განსაზღვრული, 10% არის ჩამატებული. ხელწერილის დედანი სასამართლო პროცესზე არ წარმოუდგენია. ამ საკითხზე ესაუბრა ფ. თ-ძეს, რაზეც არსებობს აუდიოჩანაწერი. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2007 წლის 10 მაისის სესხის ხელწერილით 3000 ლარის სარგებლობისათვის გათვალისწინებული 10% არ არის შეუსაბამოდ მაღალი, არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ ძირითად პრინციპებს. სასამართლო არ მიუთითებს, ვალდებულებითი სამართლის რომელ ნორმებს ეყრდნობა. დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნა. პროცენტი ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის გონივრულ ზღვრულ ოდენობას უნდა შეესაბამებოდეს. ამ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო მხოლოდ 3%.

ვინაიდან, ი. ძ-შვილმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე მარინა თ-ძის მოთხოვნის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის ¹ას-264-248-2011 განჩინებით ამ ნაწილში საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ _ სესხზე დადგენილი პროცენტის გაუქმების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2007 წლის 10 მაისს ხელწერილის თანახმად, ი. ძ-შვილმა ისესხა 3000 ლარი ფ. თ-ძის ოფისიდან 10%-ით. თანხის დაბრუნების ვალდებულების შესრულების პერიოდად განისაზღვრა 2008 წლის 10 ივნისი. ი. ძ-შვილის მიერ სესხის ხელშეკრულებით ფ. თ-ძის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა და მის მიერ გადახდილია მხოლოდ სამი თვის პროცენტი 900 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს და Eეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-ე და 625-ე მუხლების საფუძველზე ი. ძ-შვილისთვის ფ. თ-ძის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის _ 3000 ლარის დაკისრების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს სესხზე დადგენილი პროცენტის ოდენობა, კერძოდ:

დადგენილია, რომ სადავო 2007 წლის 10 მაისის სესხის ხელშეკრულების დადებისას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი, შეიცავდა დათქმას, რომ ხელშეკრულების მხარეების მიერ დადგენილი პროცენტი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ გონივრულ ზღვრულ ოდენობას. სესხზე გონივრული ოდენობის პროცენტის განსაზღვრის ნაწილში საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით (იხ. ¹ას-1083-1321-05 2006 წ. 20 ივლისი, ¹ას-192-614-06 2006 წ. 13 სექტემბერი, ას-1184-1428-05 30 მაისი, ¹ას-1199-1443-05 10 მარტი, 2006 წ. ¹ას-797-1163-06 18 ივნისი, 2007 წ. ¹ას-538-21-06 5 თებერვალი, 2007 წელი) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობის შესაბამისად, ფულად ვალზე პროცენტი 2.4%–დან 3%-მდე განისაზღვრებოდა.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის (2007 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია. ამავე კოდექსის 54-ე მუხლით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ხოლო 62-ე მუხლით გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. კანონსაწინააღმდეგო გარიგებები მიეკუთვნება უცილოდ ბათილ გარიგებებს, შესაბამისად, მხარეთა შეთანხმება სესხზე ყოველთვიური 10%-იდან 7%-ის ნაწილში ბათილია, ვინაიდან სესხის ხელშეკრულების დადებისას 2007 წლის 10 მაისს მხარეების მიერ დადგენილი პროცენტი არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გონივრულ ზღვრულ ოდენობას. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სესხზე პროცენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 3%-ით ანუ თვეში 30 ლარით, რაც შეადგენს (27X30) 810 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი სესხზე შეუსაბამო პროცენტის განსაზღვრის ნაწილში საფუძვლიანია და გასაჩივრებული განჩინება სესხზე ვადაგადაცილებული 27 თვის პროცენტის _ 8100 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს; ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ძ-შვილს ფ. თ-ძის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ძირითადი დავალიანების _3000 ლარის პროცენტის _ 810 ლარის, სულ _3 810 ლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფ. თ-ძეს უნდა დაეკისროს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის 365 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ი. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება ფ. თ-ძის სარჩელის სესხზე პროცენტის 8100 ლარის დაკისრების დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ი. ძ-შვილს დაეკისროს ფ. თ-ძის სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების _3000 ლარზე პროცენტის 810 ლარის, სულ 3 810 ლარის გადახდა. ფ. თ-ძის სარჩელი სესხზე პროცენტის _ 7290 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

ფ. თ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 365 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.