ას-274-258-2011 22 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ქ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – რ. თ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. თ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ა. ქ-იას მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი ე. ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრედ აღიარება, ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-იას სახელზე გადაცემული 2009 წლის 16 თებერვლის ¹28 საკუთრების უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქ. ქუთაისში ... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის რ. თ-ძის საკუთრებად აღიარება და საჯარო რეესტრში მის სახელზე დარეგისტრირება შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონების ნახევარი, შინაურული ანდერძით დაუტოვა 2009 წლის 27 იანვარს გარდაცვლილმა ე. ქ-იამ. აღნიშნულ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გასვლამდე 2009 წლის 16 თებერვალს გაცემული ¹28 საკუთრების მოწმობით პრივატიზება განუხორციელებია ე. ქ-იას შვილს _ რუსეთში მცხოვრებ ა. ქ-იას, რომელმაც ბინის პრივატიზაციის განხორციელებისას, შინაურული ანდერძის შესახებ არ აცნობა ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და ა. ქ-ია ცდილობს ბინა გაასხვისოს ნათესავ _ ჯ. ბ-შვილზე, ხოლო შემდეგ კვლავ დაბრუნდეს რუსეთში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ანდერძის თანახმად, მას გააჩნია სადავო საცხოვრებელი ბინის 1/2½ ნაწილის პრივატიზებისა და მასზე საკუთრების მოპოვების უფლება, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით რ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ე. ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრედ, 2009 წლის 16 თებერვალს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ქუთაისში, ... ¹2/6-ში მდებარე ბინაზე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი და ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა რ. თ-ძე, რაც აღირიცხა საჯარო რეესტრში.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1364-ე, 1328-ე მუხლებით, “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹107 დადგენილებით, “კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პერზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით და მიუთითა, რომ რ. თ-ძის სახელზე დაწერილი ანდერძი აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას, რის გამოც რ. თ-ძე უნდა მიჩნეულიყო ე. ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრედ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ი. ქ-იას სახელზე გაცემული ბინის ორდერი, ოჯახის წევრებს, ე. და ა. ქ-იებს, აძლევდა სადავო ბინის პრივატიზაციის უფლებას, რაც შინაურული ანდერძით ე. ქ-იასაგან მემკვიდრეობით გადაეცა რ. თ-ძეს, შესაბამისად, საკუთრების მოწმობა არ უნდა გაცემულიყო ა. ქ-იას სახელზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-იამ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და რ. თ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და, საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ა.ქ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით რ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნის განცალკევებული განხილვის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მისი სასარჩელო მოთხოვნა ე. ქ-იას ადერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ა. ქ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც რ. თ-ძე ცნობილ იქნა ე. ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრედ.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნა, რომ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ 2007 წლის 21 იანვარსა და 2008 წლის 14 თებერვალს ე. ქ-იას მიერ დაწერილი და ხელმოწერილი შინაურული ანდერძები ნამდვილი იყო, რ. თ-ძეს აღნიშნული ანდერძის საფუძველზე, ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო, მათ შორის მამკვიდრებლის _ ე. ქ-იას, როგორც კანონიერი მოსარგებლის უფლება საცხოვრებელი ბინის 1/2 ნაწილის თავის სახელზე პრივატიზებისა. ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სასამართლომ რ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ე. ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ ე. ქ-იას ანდერძში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნამდვილი ნება არ გამოვლენილა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მითითებული მოსაზრების საწინააღმდეგო დამტკიცებული იყო კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სხვა მტკიცებულება კი, რაც უარყოფდა ან გააქარწყლებდა ამ ფაქტს და დაადასტურებდა აპელანტის მოსაზრების მართებულობას, მას არ წარმოუდგენია.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და, შესაბამისად, ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის თაობაზე რ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც რ.თ-ძე ცნობილ იქნა ე. ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრედ და აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:L
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმეში არსებული მასალები, სრულად და ობიექტურად არ შეუფასებია მტკიცებულებები, რის გამოც ზოგადი დასკვნების საფუძველზე, მიიღო მცდარი გადაწყვეტილება. ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო პალატას გაერკვია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა თუ არა სადავო ფაქტობრივი გარემოებები და შეესწავლა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, მას საერთოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია საქმისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება _ ჰქონდა თუ არა უფლება ე. ქ-იას მოპასუხე რ. თ-ძისათვის ანდერძით დაეტოვებინა ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე არაპრივატიზებული ბინა და აღნიშნული ქონება საერთოდ ეკუთვნოდა თუ არა გარდაცვალების მომენტისათვის მოანდერძეს. ამასთან, სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია რა ქონების მესაკუთრე იყო ანდერძის შედგენისას ე. ქ-ია და თავდაპირველად და ბოლოს შედგენილი ანდერძი ეხებოდა თუ არა სადავო ბინას, ასევე, არ გამოკვლეულა, რა ნება გამოავლინა ე. ქ-იამ.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა მოცემულ დავას არ აწესრიგებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნა, რომ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ 2007 წლის 21 იანვარსა და 2008 წლის 14 თებერვალს, ე. ქ-იას მიერ დაწერილი და ხელმოწერილი შინაურული ანდერძები ნამდვილი იყო, რ. თ-ძეს აღნიშნული ანდერძის საფუძველზე, ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო, მათ შორის მამკვიდრებლის, ე. ქ-იას, როგორც კანონიერი მოსარგებლის უფლება საცხოვრებელი ბინის 1/2 ნაწილის თავის სახელზე პრივატიზებისა. ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სასამართლომ რ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ე. ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ანდერძის ნამდვილობა, რომელსაც სადავოდ ხდიდა ა. ქ-ია. კონკრეტულ შემთხვევაში დავას წარმოადგენს ამ ანდერძით მემკვიდრისათვის (რ. თ-ძისათვის) დატოვებული ქონების ½ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დავას იწვევს მხოლოდ ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილი, კერძოდ, წარმოადგენდა თუ არა ზემოაღნიშნული ქონება მამკვიდრებლის საკუთრებას და, შესაბამისად, შედის თუ არა ეს ქონება სამკვიდრო მასაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
განსახილველი ნორმა უთითებს იმ უფლება-ვალდებულებებზე, რომლებიც შედიან სამკვიდრო მასაში და რომლებიც გადადის მემკვიდრეზე.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროში, ასევე შედის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (მოთხოვნები, უფლებები), რაც გააჩნდა მამკვიდრებელს სიკვდილის მომენტში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება, კერძოდ, მითითებული ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში - მისი მემკვიდრე.
ამდენად, განსახილველი წესის შესაბამისად, კანონიერ მოსარგებლედ მოიაზრება, ასევე კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე (ივარაუდება, როგორც კანონისმიერი, ასევე ანდერძისმიერი მემკვიდრე).
საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმას, რომ სადავო ანდერძების კანონიერება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც დადგინდა, რომ მამკვიდრებელმა გამოხატა ნება თავისი უძრავ-მოძრავი ქონების რ. თ-ძისათვის დატოვების შესახებ. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ რ. თ-ძემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ კასატორი არ უთითებს, ამდენად, აღნიშნული გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ რ. თ-ძემ ანდერძის საფუძველზე მოიპოვა კანონიერი მოსარგებლის უფლება, რაც მას აძლევს სადავო ფართის პრივატიზების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა, მისი, როგორც ე. ქ-იას ანდერძისმიერი მემკვიდრედ ცნობა, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მისი შინაარსი, რომელიც ეხება ქ. ქუთაისში, .... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2-ს, რომლის კანონიერ მოსარგებლეს კასატორთან ერთად წარმოადგენდა მამკვიდრებელი ე. ქ-ია.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა წილები და არ გაითვალისწინა კანონისმიერი მემკვიდრის (ა. ქ-იას) უფლება სავალდებულო წილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა, მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნები გამოყოფილია ცალკე წარმოებად, რაც შეჩერებულია სასამართლოს განჩინებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ამ მოთხოვნის განხილვა, მოსარჩელის შესაბამისი იურიდიული ინტერესის გათვალისწინების გარეშე, მიზანშეუწონელია, კერძოდ, რ. თ-ძე სარჩელით ითხოვს ე. ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრედ აღიარებას, ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-იას სახელზე გადაცემული 2009 წლის 16 თებერვლის ¹28 საკუთრების უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2-ის რ. თ-ძის საკუთრებად აღიარებასა და საჯარო რეესტრში მის სახელზე დარეგისტრირებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით რ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნის განცალკევებული განხილვის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მისი სასარჩელო მოთხოვნა ე. ქ-იას ადერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-იას სახელზე გადაცემული 2009 წლის 16 თებერვლის ¹28 საკუთრების უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის რ. თ-ძის საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში დადგენილ იქნა, რომ საქმე განხილულ იქნეს ადმინისტრაციული საქმის წარმოების წესით და მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდეს ე. ქ-იას ანდერძით მემკვიდრედ ცნობის ნაწილში გამოყოფილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნები ურთიერთდაკავშირებულია და გამომდინარეობენ ერთმანეთისგან. ამ მოთხოვნების განხილვისათვის აუცილებელია მისი საფუძვლების დიფერენციაცია და, შესაბამისად, მოსარჩელის უფლების განსაზღვრა, რაც წარმოადგენს ამ მოთხოვნათა საფუძვლების განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნების ცალ-ცალკე განხილვა ართულებს დავის გადაწყვეტას, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნები ე. ქ-იას ადერძისმიერ მემკვიდრედ ცნობისა და ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის რ. თ-ძის საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილებში ურთიერთდაკავშირებულია, გააჩნიათ ერთი და იგივე საფუძვლები და მათი ცალ-ცალკე განხილვა შეუძლებელია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 19.11.2009 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ე. ქ-იას მიერ 2007 წლის 21 იანვარს და 2008 წლის 14 თებერვალს დაწერილი და ხელმოწერილი შინაურული ანდერძები ნამდვილია. ამდენად, აღნიშნული ფაქტით დასტურდება, რომ რ. თ-ძე წარმოადგენს ე.ქ-იას ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ხოლო ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომლებიც უთითებენ ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილზე, როგორც სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებაზე, გამომდინარეობს რ. თ-ძის ორი მოთხოვნა: ე. ქ-იას ადერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა (იგულისხმება სადავო უძრავი ქონების ნაწილი) და ამავე ქონების (ქ. ქუთაისში, ... 2/6-ში მდებარე უძრავი ქონების) 1/2 ნაწილის რ. თ-ძის საკუთრებად რეგისტრაცია.
ამრიგად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის ძირითად მოთხოვნას, რომელსაც უკავშირდებიან და საიდანაც გამომდინარეობს დანარჩენი მოთხოვნები, წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობა (აღიარება), შესაბამისად, იმ ფაქტის დადგენა, რომ სადავო ქონება, იმ უფლებრივ მდგომარეობაში, რაც გააჩნდა მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტში, შედიოდა სამკვიდროს მასაში, იწვევს ამ ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილებას კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მითითებული ორივე მოთხოვნის გაერთიანებაზე და იმსჯელოს ამ მოთხოვნების საფუძვლიანობაზე, ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ქ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.