ას-278-262-2011 11 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. კ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. კ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ე-შვილისა და ა. გ-ძის მიმართ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი იურიდიული კომპანია შპს ,,....” 2008 წლის 23 ივნისის ¹... გადაწყვეტილებით რ. ე-შვილისათვის კ. კ-იას სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ანაზღაურება მოხდა ა. გ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული ქ. თბილისში, .... დასახლების პირველი მიკრორაიონის მე-.... კორპუსში მდებარე 46.00 კვ.მ ფართის მქონე იპოთეკით დატვირთული ¹.... ბინის აუქციონზე რეალიზაციის გზით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ კ.კ-იას ვალი აქვს რ.ე-შვილს და არა ა.გ-ძეს. ამ უკანასკნელს იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინა კი არ შეუძენია, არამედ გადავიდა მის საკუთრებაში, ვინაიდან ვერ გადაიხადა ვალი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით კ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი იურიდიული კომპანია შპს ,,....” 2008 წლის 23 ივნისის ¹... გადაწყვეტილებით კ. კ-იას სასარგებლოდ რ. ე-შვილისათვის დაკისრებული თანხის ანაზღაურება მოხდა ქ.თბილისში, .... დასახლების პირველი მიკრორაიონის მე-.... კორპუსში მდებარე 46.00 კვ.მ ფართის მქონე ა. გ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული იპოთეკით დატვირთული ¹.... ბინის აუქციონზე რეალიზაციის გზით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 233-ე მუხლით და დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ეცნობა აპელანტ ა. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ა-ძეს, ხოლო თავდაპირველ მოპასუხე რ. ე-შვილს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ აპელანტს უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, ხოლო სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია, ამასთან, რადგან მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა.გ-ძემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს აპელანტისათვის არ უცნობებია სხდომის დღე, რის გამოც ვერ მოახერხა სხდომაზე გამოცხადება, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეზე მორიგების შესაძლებლობა, მოპასუხე რ.ე-შვილი აცხადებდა თანხმობას, თანხა გადაეხადა და სასამართლომ მას არ მისცა თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. რ.ე-შვილმა სასამართლოს აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ საქმე განიხილა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ა.გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ამავე პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 387-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ საქმის ზეპირ განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობისას, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 23 სექტემბერს სასამართლოს სხდომა გადაიდო 2010 წლის 7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, რის შესახებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, აცნობეს სხდომაზე გამოცხადებულ პირებს _ აპელანტის წარმომადგენელ ნ. ა-ძეს და მოწინააღმდეგე მხარეს. აღნიშნულის თაობაზე ჩამოერთვათ ხელწერილი და გაფრთხილდნენ არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის შესაბამისი შედეგების თაობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით და განმარტა, რომ, ვინაიდან 2010 წლის 7 ოქტომბრის სხდომის დღის თაობაზე სათანადო წესით ეცნობა ა. გ-ძის წარმომადგენელს, სასამართლო უწყება უშუალოდ მხარისათვისაც ჩაბარებულად ითვლება. ამრიგად, არ არსებობდა ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მეორე მოპასუხემ _ რ.ე-შვილმა სასამართლოს აცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე, ამასთან იგი მზადყოფნას აცხადებდა დავის მორიგებით დასრულებისათვის, რადგანაც რ.ე-შვილის განცხადებას სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინების თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ა. გ-ძის გამოუცხადებლობის გამო. პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, პროცესის მონაწილე ყველა პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მითითება პროცესის სხვა მონაწილის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ასეთ გარემოებას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.გ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, მხარე სასამართლო სხდომის თაობაზე არ გააფრთხილა დადგენილი წესით, ამასთან სასამართლოს ეცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი და ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, საქმის განხილვა გადაედო სხვა დროისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ საკასაციო სასამართლო უარს ეტყვის კასატორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) სამართლებრივი დასაბუთებიდან არ ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით.
განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. გ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 23 სექტემბერს, 10:30 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულ სხდომაზე მონაწილეობას იღებდა აპელანტის წარმომადგენელი ნ. ა-ძე, რომლის უფლებამოსილებაც განსაზღვრულია საქმეში წარმოდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით. აღნიშნული რწმუნებულების მოქმედების ვადად მითითებულია 2011 წლის 10 აგვისტო.
საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, მარწმუნებელი ა.გ-ძე ნ.ა-ძეს უფლებას ანიჭებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში განახორციელოს მარწმუნებლის ინტერესების დაცვა და ნ.ა-ძის უფლებამოსილება, ამავე კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, არ არის შეწყვეტილი მარწმუნებელ ა.გ-ძის მიერ.
სადავოს არ წარმოადგენს არც ის გარემოება, რომ 2010 წლის 23 სექტემბრის სხდომა თავდაპირველი მოპასუხის _ რ.ე-შვილის კანონით დადგენილი წესით გაუფრთხილოებლობის გამო გადაიდო ამავე წლის 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, რის თაობაზეც აპელანტის წარმომადგენელს ჩამოერთვა ხელწერილი, ხოლო თავდაპირველ მოპასუხე რ.ე-შვილს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (იხ. ტ... ს.ფ. ...).
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2010 წლის 7 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი ა. გ-ძე, მისი წარმომადგენელი ნ. ა-ძე და თავდაპირველი მოპასუხე რ. ე-შვილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს სხდომის 2010 წლის 7 ოქტომბერს გადადების თაობაზე ა. გ-ძის რწმუნებულის ინფორმირება, სამოქალაქო საპროპცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიურად, სწორედ აპელანტის ინფორმირებად მიიჩნევა და არ წარმოადგენს მისთვის სასამართლო შეტყობინების განმეორებით გაგზავნის წინაპირობას. თავის მხრივ, აღნიშნული გამორიცხავს კასატორის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას, რომ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს რომ, სამოქალაქო სამართალწარმოების სუბიექტები ვალდებული არიან, შეჯიბრებითობის ფარგლებში უტყუარად დაადასტურონ მათი მოთხოვნის მართებულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მხარის პოზიციას ვერ გაიზიარებს.
განსახილველ შემთხვევაში ა.გ-ძის საკასაციო პრეტენზია შეეხება იმ ფაქტსაც, რომ მან სასამართლოს აცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი და სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს, რადგანაც იგი საქმის მასალებით არ დასტურდება, კერძოდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც ზემოაღნიშნული ფაქტი დადასტურდებოდა.
რაც შეეხება ა.გ-ძის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, ა.გ-ძე დამატებით განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე რ.ე-შვილი აწარმოებდა მოლაპარაკებას კრედიტორთან და აპირებდა დავის მორიგებით დასრულებას, რისი შესაძლებლობაც მას არ მიეცა.
საკასაციო პალატა ვერც ამ არგუმენტს გაითვალისწინებს, რადგანაც რ.ე-შვილი მოპასუხედ დასახელებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში, მას სააპელაციო წესით გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და არც ა.გ-ძის სააპელაციო საჩივარში ყოფილა მხარედ მითითებული, რის გამოც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას მისი მონაწილეობა სავალდებულო არც იყო, მას, როგორც მხარეს, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული არგუმენტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს, ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რ.ე-შვილი მოდავე მხარედ იქნებოდა მიჩნეული სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, ა.გ-ძის მიერ წამოყენებული შედავება რ.ე-შვილის პრეტენზიის საფუძვლად შეიძლება მიჩნეულიყო და არა ამჟამინდელი კასატორის.
რაც შეეხება მორიგების უფლებას, პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მხარეს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც აძლევს შესაძლებლობას, დავა დაასრულოს მორიგებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით მოხდა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტმა საჩივრის შეტანისას ვერ დადასტურა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, რის გამოც სავსებით მართებულად დარჩა ძალაში ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარემ ვერ დაადასტურა ვერც კანონით პირდაპირ გათვალისწნიებული გარემოებების არსებობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი), ასევე სხვა საპატიო მიზეზი რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას ა.გ-ძის გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 241-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინება. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.