ას-401-381-2011 5 ივლისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
სხდომის მდივანი_ლ. ს-ძე
კასატორი _ სს ,,ბ. ჰ-გი’’
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ლ-ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –საბანკო კრედიტის შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,ბ. ჰ-მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ლ-იას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 29 ნოემბერს სააქციო საზოგადოება „პ. ბ-სა“ და მოქალაქე კ. ლ-იას შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ბანკმა კ. ლ-იას გამოუყო სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით – 4800 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 16%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო – ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.33%-ის ოდენობით. მსესხებლის ვალდებულებას შეადგენდა სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის გამსესხებლისთვის დაბრუნება. გადახდის გრაფიკით, ფულადი ვალდებულების შესრულება განაწილვადდა იმგვარად, რომ მსესხებელს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გარკვეული თანხა უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად. მსესხებლის მიერ ხელშეკრულების დანართში მითითებული გადახდის გრაფიკი დარღვეულ იქნა, კერძოდ მის მიერ 2009 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 488-ს. ამ ხნის განმავლობაში მის მიერ ბანკისთვის არ არის გადახდილი არც ძირი თანხა, არც მასზე დარიცხული პროცენტი და არც პირგასამტეხლო, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს ვალდებულების შესრულების ვადის ყოველი გადაცილებული დღისათვის. 2009 წლის 4 სექტემბერს სს „პ. ბ-მა“ შეიცვალა საქმიანობის საგანი, საფირმო სახელწოდება და მისი სამართალმემკვიდრე გახდა სს „პ. კ-ა“. ამავე წლის 30 სექტემბერს სს „პ. კ-ას“ გამოეყო ორი საზოგადოება: სს „ჯ- ს“ და „ბ. ჰ-ი“. 2009 წლის 3 ოქტომბერს სს „პ. კ-ასა“ და სს „ბ ჰ-ი“. 2009 წლის 3 ოქტომბერს სს „პ. კ-ასა“ და სს „ბ. ჰ-ს“ შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს სხვა მოთხოვნებთან ერთად გადაეცა კ. ლ-იას მიმართ 2008 წლის 29 ნოემბრის საბანკო კრედიტის ¹2007112902 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაც.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: აღებული კრედიტის დაფარვა ხდებოდა ეტაპობრივად და შესაბამისად დავალიანებას არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა, ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 12 დეკემბერს დაფარულ იქნა 154,08 ლარი, 2008 წლის 31 იანვარს 665,25 ლარი, 2008 წლის 29 თებერვალს 667,7 ლარი, 2008 წლის 31 მარტს 673,66 ლარი, ხოლო 2008 წლის 29 მაისს კი 280.01 ლარი. ანუ სრულად დაფარულ იქნა 2444,7 ლარი. აღნიშნული პერიოდის შემდეგ ვერ ახერხებდა გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდას, რადგან გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელეს უნდა გაეთვალისწინებინა შექმნილი გარემოება და გაეფორმებინა ახალი ხელშეკრულება, რაც უზრუნველყოფდა შეღავათიანი პირობების გათვალისწინებას და სესხის დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ბ. ჰ-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე კ. ლ-იას მოსარჩელის სს “ბ. ჰ-ს” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 3950,56 ლარის, პროცენტის – 732,2 ლარის, პირგასამტეხლოს _ 673,3 ლარის, სულ 5356,06 ლარის გადახდა. მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გადანაწილვადდა ერთ წლამდე და შესაბამისად გადასახდელი თანხის 5356,06 ლარის გათვალისწინებით მოპასუხე კ. ლ-იას მოსარჩელე სს “ბ. ჰ-ს” სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 12 თვის განმავლობაში ყოველთვიურად დაეკისრა 446,33 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 29 ნოემბერს სს “პ. ბ-სა” და ამავე საკრედიტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს კ. ლ-იას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულება დაიდო ორი წლის ვადით 2009 წლის 27 ნოემბრამდე. სესხის თანხა განისაზღვრა 4800 ლარის ოდენობით, სარგებელი წლიური 16 %-ით, ხოლო მსესხებლის სს “პ. ბ-დან” წასვლის შემთხვევაში კრედიტით სარგებლობის განაკვეთი განისაზღვრებოდა 24%-ით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სესხის შეთანხმებული გრაფიკით დაფარვას, მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. 2009 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება შეადგენს 5356 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის 3950,56 ლარი, პროცენტი_732,2 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო_673,3 ლარი. მოსარჩელე სს “ბლექს სი კაპიტალ ჰოლდინგი” წარმოადგენს სს “პ. ბ-ს” უფლებამონაცვლეს, კერძოდ: საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 4 სექტემბრის ბრძანების თანახმად სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: სს “პ. ბ-ს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს “პ. კ-ა”, საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით კვლავ დარეგისტრირდა ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში, რომლის თანახმად სს “პ. კ-ს” გამოეყო ორი სააქციო საზოგადოება სს “ჯ-ს” და სს “ბ. ჰ-ი”, 2009 წლის 3 ოქტომბერს კი დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს “პ. კ-მ” კ. ლ-იასთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმო სს “ბ. ჰ-ს”. მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს დაახლოებით 815 ლარს, სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დაყადაღებული ავტომანქანები არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ განმარტა, რომ ავტომანქანები მის მიერ გასხვისებულია მინდობილობებით, დღევანდელი მდგომარეობით არც ერთი დაყადაღებული ავტომანქანა არ იმყოფება მის მფლობელობაში, თუმცა ფორმალურად ისინი შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვერ ჩაითვლება დაყადაღებული ავტომანქანების მესაკუთრედ, ვინაიდან საკუთრების უფლება მოძრავ ნივთებთან მიმართებაში არ შეიძლება დადასტურდეს “მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ¹150 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული რეგისტრაციით. ამასთან, განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი ავტომანქანის ნასყიდობისათვის რაიმე სპეციალურ ფორმას არ ადგენს, საკმარისია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს მოძრავი ნივთი,
სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 623-ე, 400-ე და 416-ე მუხლების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 5356, 06 ლარის გადახდა, ამასთან მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით თანხის გადახდა უნდა გადაწილვადდეს ერთ წლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ბ. ჰ-მა’’.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სს ,,ბ. ჰ-ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და ზემოთხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით შემოიფარგლა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ბ. ჰ-მა’’ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლოს მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ კ. ლ-იასა და სს „პ. ბ-ს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მსესხებელს სესხად გამოეყო 4800 ლარი. მსესხებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულება დარღვეულია. კ. ლ-იას მიერ გამსესხებლის მიმართ დავალიანება შეადგენს 5356.06 ლარს. აღნიშნული წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებას. სასამართლომ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, ის რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღა დადებული ნივთი არ წარმოადგენს მის საკუთრებას და იგი გასხვისებულია ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულის შესახებ მითითებულ იქნა მოპასუხის მიერ მხოლოდ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას. საკუთრების უფლების გადაცემისათვის აუცილებლად უნდა მომხდარიყო ახალი მესაკუთრის რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც ნივთის გასხვისების ფაქტს ადასტურებს. წარმოდგენილი ცნობით, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დასტურდება, რომ აღნიშნული ავტომანქანების მესაკუთრე არის კ. ლ-ია, სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოება და მხარის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე დაადგინა აღნიშნული სადავო გარემოება. გადაწყვეტილებაში მითითება, იმაზე რომ ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლები, არასწორია, რადგან მიუხედავად მისი ფიზიკური თვისებებისა, იგი გათანაბრებულია უძრავ ნივთთან და ამიტომაც მასზე საკუთრების უფლების გადასვლა საჭიროებს სავალდებულო რეგისტრაციას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს დაკისრებული თანხა უნდა გადაეხადა ერთი წლის ვადაში, ანუ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 446.33 ლარი. სასამართლო ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად უთითებს მოპასუხის ქონებრივ მდგომარეობას, რაც არ შეესაბამება კანონს და უნდა გაუქმდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ მხარეთა თხოვნით ანუ აუცილებელი იყო ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის თხოვნა, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მოუთხოვია. გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში სასამართლო თავად აღნიშნავს, რომ მხარე სადავოდ არ ხდის მოთხოვნილი თანხის გაანგარიშებას, მხოლოდ ერთდროულად გადახდის შეუძლებლობაზე მიუთითებს. მოპასუხის ამგვარი უბრალო მითითება არ შეიძლება განხილულ იქნეს შუამდგომლობად. ბანკის თანხმობა არ შეიძლება მიღებულიყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. სესხის ხელშეკრულება დაიდო 2007 წლის 29 ნოემბერს და თანხა სრულად უნდა გადახდილიყო 2009 წლის 27 ნოემბერს. ამ პერიოდიდან ბანკის კუთვნილი კაპიტალის მოხმარება ხდება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც ზიანს აყენებს ბანკის ინტერესებს. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე შეუძლებელია მოსარჩელის თანხმობის მიღება ამ საკითხზე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კ. ლ-იას მიერ სასამართლოში არ იქნა წარდგენილი ცნობა შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ და სხვა მსგავსი მტკიცებულება, რომელიც გამოყენებული იქნებოდა სასამართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანისას და დაადასტურებდა, მოპასუხის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მთელი რიგი ძირითადი პრინციპები, რომლებიც არსებითი ხასიათისაა და რაზედაც ეფუძნება სამართალწარმოება.
2011 წლის 5 ივლისს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
სს ,,ბ. ჰ-ი’’ ვალდებულებას კისრულობს ამოიღოს კ. ლ-ია კრედიტ-ინფოს,,შავი სიიდან”.
კ. ლ-ია ვალდებულებას იღებს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა 5356,06 ლარი (ხუთი ათას სამას ორმოცდა დექვსმეტი ლარი და ექვსი თეთრი) გადაიხადოს 8 (რვა) თვის განმავლობაში. გადახდა იწარმოებს ყოველთვიურად, თვეში 669,05 ლარის (ექვსას სამოცდაცხრა ლარისა და ხუთი თეთრის) ოდენობით.
თანხის გადახდა დაიწყება 2011 წლის ივლისიდან გრაფიკის შესაბამისად, თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველი თვის 30 რიცხვამდე.
თანხის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი სს ,,ბ. ჰ-ი” უფლებამოსილია დაუყონებლივ აღსასრულებლად მიაქციოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოახდინოს ყადაღადადებული ავტოტრანსპორტო საშუალებათა იძულებითი წესით რეალიზაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ, სს ,,ბ. ჰ-ს’’ დაუბრუნდეს ,,დ. ჯ-ს“ მიერ 2011 წლის 29 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის ნახევარი) _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს ,,ბ. ჰ-ი” წარმომადგენელი ნ. ლ-ია და კ. ლ-ია შეთახმდნენ შემდეგზე:
1. სს ,,ბ. ჰ-ი” ვალდებულებას კისრულობს ამოიღოს კ. ლ-ია კრედიტ-ინფოს ,,შავი სიიდან”.
2. კ. ლ-ია ვალდებულებას იღებს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა 5356,06 ლარი (ხუთი ათას სამას ორმოცდა თექვსმეტი ლარი და ექვსი თეთრი) გადაიხადოს 8 (რვა) თვის განმავლობაში. გადახდა იწარმოებს ყოველთვიურად, თვეში 669,05 ლარის (ექვსას სამოცდაცხრა ლარისა და ხუთი თეთრის) ოდენობით.
3. თანხის გადახდა დაიწყება 2011 წლის ივლისიდან გრაფიკის შესაბამისად. თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველთვის 30 რიცხვამდე.
4. თანხის გრაფიკით გადახდის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი სს ,,ბ. ჰ-ი’’ უფლებამოსილია დაუყონებლივ აღსასრულებლად მიაქციოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოახდინოს ყადაღადადებული ავტოტრანსპორტო საშუალებათა იძულებითი წესით რეალიზაცია.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება სს ,,ბ. ჰ-ი”-ს სარჩელისა გამო კ. ლ-იას მიმართ საბანკო კრედიტის შესრულების თაობაზე.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები;
სს ,,ბ. ჰ-ს” დაუბრუნდეს ,,დ. ჯ-ს“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის ნახევარი ) 150 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.