Facebook Twitter

¹ბს-1278-853(კ-05) 22 მარტი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2001 წლის 19 სექტემბერს ლ. ჩ-მა ყვარლის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების მიმართ სარჩელი აღძრა და მის მიერ მიღებული 2001 წლის 27 აგვისტოს ¹48 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1999 წლის 20 სექტემბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ ყოფილი სახაზინო საწარმო ,,ქ-ის” ადმინისტრაციულ შენობაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის დაწყებამდე მოსარჩელემ ეჭვქვეშ დააყენა აუქციონზე გატანილი გასაყიდი ობიექტის საწყისი ღირებულება, მაგრამ საპრივატიზებო კომისიამ არ მიიღო პრეტენზია იმ მოტივით, რომ აღნიშნულზე იმსჯელებდნენ აუქციონის შემდეგ. აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე და როდესაც საპრივატიზებო კომისიას კვლავ წარუდგინა პრეტენზია ობიექტის საწყისი ღირებულების არასწორი გაანგარიშებისათვის, კომისიამ არ გაითვალისწინა მისი პრეტენზია და ობიექტი შესთავაზა აუქციონით დადგენილი ფასით – 30 000 აშშ დოლარად. აღნიშნულზე მოსარჩელემ სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი, კერძოდ, გააუქმა აუქციონზე გატანილი ობიექტის პრივატიზების შედეგები ფასის ნაწილში, ხოლო მყიდველად დატოვა მოსარჩელე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა ობიექტის საწყისი ფასის გაანგარიშება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მოპასუხემ სხვადასხვა მიზეზის გამო გააჭიანურა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, მიემართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის, რომელმაც მისი განცხადების საფუძველზე გამოყო კომისია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელშეკრულებო ფასი მაინც 6623 დოლარამდე გაიზარდა, ნაცვლად 3249 აშშ დოლარისა. ამის შემდეგ, მოსარჩელემ კვლავ მიმართა მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, რომლებმაც გამოიტანეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს შეესრულებინა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, მან კი 2001 წლის 27 აგვისტოს გამოსცა ბრძანება ¹48, რომლითაც, მოსარჩელის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, გააუქმა ყოფილი სახაზინო საწარმო ,,ქ-ის” ადმინისტრაციული შენობის პრივატიზების შედეგები.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება ¹48, როგორც ადმინისტრაციული აქტი, მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, მასში არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადები და ორგანო, სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება, იგი არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული, რომელი კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე გამოიცა და როგორც დაინტერესებული მხარე, მოსარჩელე არ იყო მიწვეული იმ ორგანოში, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოსარჩელისა და მასთან მყოფი პირების გამოსახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ თვითნებურად დაიკავა სადავო ობიექტი, არ გადაიხადა მისი ღირებულება, ხელი არ მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელიც არ დამოწმებულა სანოტარო წესით და არ მოუპოვებია სადავო ობიექტზე საკუთრების უფლება, რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციულ აქტს, იგი მომზადებულ და გამოცემულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის 2001 წლის 28 აგვისტოს ¹48 ბრძანება. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულ განყოფილებას სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ლ. ჩ-ი მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო შენობიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ჩ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემასა და აპელანტისა და მასთან მყოფი პირების სადავო შენობიდან გამოსახლებას შეეხებოდა.

აპელანტის განმარტებით, აუცილებელი არ იყო მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოეცა, რადგან აღნიშნული წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებდა, რისი დასტურიც მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება იყო, რომ იგი ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. რაც შეეხება სადავო შენობიდან გამოსახლებას, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ნასყიდობის ხელშეკრულება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოწინააღმდეგე მხარემ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ, სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, 2005 წლის 1 ივნისის სასამართლო სხდომაზე, ლ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეწყდა სააპელაციო საჩივრის წარმოება ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ლ. ჩ-ის მიერ აღძრულ სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტი ითხოვდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გაუქმებას, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონების მესაკუთრეს, ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, ლ. ჩ-ი წარმოადგენდა და მას, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ქონების ფლობისა და სარგებლობის სრული უფლება ჰქონდა და მისი გამოსახლების საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 10 ოქტომბრის ¹49 განკარგულების კანონიერება, სახელმწიფო ქონების მართვის ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის 2002 წლის 3 ივლისის ¹43 ბრძანების არსებობის პირობებში, მოცემული სარჩელის დავის საგანში არ შედიოდა და, მხარეთა განმარტებით, აღნიშნულზე მხარეებს დამოუკიდებელი სარჩელები ჰქონდათ აღძრული.

ხსენებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა შუამდგომლობა წარადგინა სასამართლოში, საკასაციო საჩივარზე უარი თქვა და საკასაციო წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობას და თვლის, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საკასაციო საჩივრის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის – ადმინისტრაციული ორგანოს ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლოს ნიშანდობლივად მიაჩნია მხარეებისათვის განმარტება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე თვლის, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს, მითუმეტეს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.