Facebook Twitter

ას-539-510-2011 22 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. და გ. შ-ძეები

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის უძრავ ქონებაზე 2001 წლის 9 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება შედეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, გ. შ-ძემ ქ. ქუთაისში, ... 6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე, რომელიც 2001 წლის 9 ნოემბერს გააჩუქა თავის შვილიშვილზე _ ნ. შ-ძეზე. გ. შ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და მატერიალური სიდუხჭირის გამო, ვინაიდან იგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და აღარ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა, ხოლო მოპასუხე არავითარ მატერიალურ დახმარებას არ უწევს, მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მით უფრო, რომ მოსარჩელის განმარტებით, ნ. შ-ძე ფლობს საკმაო რაოდენობით უძრავ-მოძრავ ქონებას და სადავო საჩუქრის მოსარჩელისათვის დაბრუნება მას მატერიალურ მდგომარეობას არ გაუუარესებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს 2010 წლის 21 იანვარს გ. შ-ძის გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე და 2010 წლის 20 სექტემბერს დადგინდა გ. შ-ძის უფლებამონაცვლეები: ი., გ. და ნ. შ-ძეები.

მოსარჩელის უფლებამონაცვლეებმა _ ი. და გ. შ-ძეებმა მოითხოვეს 2001 წლის 9 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გ. შ-ძე და მის კმაყოფაზე მყოფი პირები _ ი. და გ.შ-ძეები ნივთის გაჩუქების შემდეგ აღმოჩნდნენ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. რაც შეეხება ნ. შ-ძეს _ მან განმარტა, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო დადებული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

მოპასუხე გ. შ-ძემ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობები. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულება გაუქმებას ექვემდებარება ერთი წლის განმავლობაში იმ გარემოების შეტყობიდან, რომელიც მხარეს ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. განსახილველ შემთხვევაში კი, თუ იგი მატერიალურად არ ეხმარებოდა მოსარჩელეს, მაშინ 2001 წლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება სარჩელის შეტანის დრომდე რატომ არ წარადგინა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მას არანაირი სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში აღმოჩნდება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. შ-ძის უფლებამონაცვლეების: ი. და გ. შ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და გ. შ-ძეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. და გ. შ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, გ. შ-ძის უფლებამონაცვლეების: ი. და გ. შ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. შ-ძის საკუთრებიდან გამოთხოვილ იქნა ქ. ქუთაისში, ... 6-ში მდებარე უძრავი ქონება და საჯარო რეესტრში აღირიცხა გ. შ-ძის საკუთრებად.

სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. შ-ძის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ... 6-ში.

2001 წლის 09 ნოემბერს გ. შ-ძესა და ნ. შ-ძეს შორის სანოტარო წესის დაცვით გაფორმდა უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ¹6_ში ჩუქების ხელშეკრულება და ზემოაღნიშნული ქონება დარეგისტრირდა ნ. შ-ძის საკუთრებად;

გ. შ-ძე, რომელიც გარდაიცვალა 2010 წლის 21 იანვარს, 2009 წლის 22 ივნისიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ღებულობდა შემწეობას 78 ლარის ოდენობით;

2009 წლის 30 ივლისს გ. შ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ნ. შ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა ჩუქების გაუქმება, გაჩუქებული ნივთის დაბრუნება და საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღრიცხვა.

გ. შ-ძეს გაჩუქებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო კოდექისს 530-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრაქტიკულად, გ. შ-ძე დარჩა საცხოვრებლის გარეშე, ადამიანის უფლება საცხოვრებელზე კი არის მინიმალური საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება. გარდა ამისა, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ გ. შ-ძე დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და გახდა საარსებო შემწობის მიმღები პირი. იგი, ასევე, დაავადდა ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზით, გულის ქრონიკული უკმარისობით, სახსრების დეფორმაციით, ალგიური სინდრომით და გახდა მწოლიარე ავადმყოფი. მაშინ, როცა ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს ის დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა - ხელშეკრულება დაიდო სანოტარო ბიუროში, სადაც გამოცხადდნენ მხარეები და პირადად მოაწერეს ხელი ხელშეკრულების ტექსტს.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ ცხადყო, რომ სადავო ქონების გაჩუქების შემდეგ, გამჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მას აღარ შეეძლო თავისი თავის რჩენა და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა აუცილებელი იყო მისი მინიმალური საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ გაჩუქებული ქონების უკან გამოთხოვით მოპასუხე – ნ. შ-ძე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ ნ. შ-ძეს გარდა ნაჩუქარი ქონებისა გააჩნდა სხვა უძრავი ქონებაც. ასევე, მისი მეუღლის – ლ. მ-შვილი (შ-ძის) საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ... ¹177/1-ში და ... გამზ 35/13 –ში, ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნ. შ-ძეს სადავო სახლში არასდროს უცხოვრია და მასში დღემდე ცხოვრობენ აპელანტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნაჩუქარი ქონების გამოთხოვით ნ. შ-ძე მძიმე მდგომარეობაში არ ჩადგებოდა, შესაბამისად, აპელანტთა მოთხოვნა ნაჩუქარი ქონების დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.

ნ. შ-ძის პოზიცია იმის შესახებ, რომ აპელანტებს არ გააჩნდათ მოთხოვნის უფლება, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მჩუქებელმა – გ. შ-ძემ სიცოცხლეშივე გამოავლინა ნება ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნებისა.

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის უფლება შეადგენდა სამკვიდროს ნაწილს და გ. შ-ძის სამკვიდროს მიღებით ეს უფლებები მიიღეს აპელანტებმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატმ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკამყოფილებულიყო, კერძოდ, ნ. შ-ძის საკუთრებიდან უნდა გამოთხოვილიყო ქ. ქუთაისში, ... ¹6-ში მდებარე უძრავი ქონება და ეს ქონება საჯარო რეესტრში უნდა აღირიცხულიყო გ. შ-ძის საკუთრებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ გ. შ-ძე დარჩა საცხოვრებლის გარეშე და გაუუარესდა საყოფაცხოვრებო პირობები როგორც თავად, ისე მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. აღნიშნული რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან გ. შ-ძე ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტიდან _ 2001 წლიდან გარდაცვალებამდე _ 2010 წლის 21 იანვრამდე ცხოვრობდა თავისივე გაჩუქებულ სახლში და მისთვის საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები არავის შეუზღუდავს და ამ ხნის განმავლობაში სურვილიც კი არ გამოუხატავას გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნებაზე.

კასატორის აზრით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ გ. შ-ძის დაავადებებზე ხელშეკრულების დადების შემდეგ და არ მიიჩნია საგულისხმოდ ის გარემოება, რომ სარჩელი შეტანილი იყო გ. შ-ძის წარმომადგენლის მიერ, რომლის რწმუნებულება დადასტურებულია 2009 წლის 4 ივლისს, ხოლო ცნობა გ. შ-ძის დაავადებების შესახებ გაიცა 2009 წლის პირველ ივლისს, რწმუნებულების გაცმამდე სამი დღით ადრე. ამას გარდა რწმუნებულებაში მითითებულია, რომ მხოლოდ გალინა შალამბერიძის ნების გამოვლენაა შემოწმებული და არა ქმედუნარიანობა, რისთვისაც სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიკვლია ისინი, მაშინ როდესაც მიიჩნია, რომ გ. შ-ძის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ შვილი და შვილიშვილი, ვინაიდან აღნიშნული შეუძლებელი იყო მოსარჩელის ღრმად მოხუცებულობის (94 წლის) გამო. ამასთან, იგი იყო პენსიონერი და არანაირ შემწეობას გარდა პენსიისა არ იღებდა, მას იღებდა მხოლოდ ი. შ-ძე და ისიც მოეხსნა 2010 წლის პირველი იანვრიდან.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ ნ. შ-ძეს სხვა უძრავ-მოძრავი ქონებაც გააჩნდა და ნაჩუქარი ნივთის უკან დაბრუნება მჩუქებლისათვის, მის ეკონომიკურ მდგომარეობას არ გააუარესებდა, მაშინ, როცა მის სახელზე მხოლოდ ნაჩუქარი ნივთია აღრიცხული.

კასატორის აზრით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, არამართებულად გამოიყენა ამავე კოდექსის 1328-ე მუხლი, საერთოდ უგულებელყო 52-ე, 58-ე, 129-ე და 1330-ე მუხლები და არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის პრაქტიკული სახის რეკომენდაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ნ. შ-ძე თმობს საკუთრების უფლებას ი. და გ. შ-ძეების სასარგებლოდ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისში, ... ¹177-ში (ყოფილი ქუჩა _ ... ¹7, ყოფილი ქუჩა _ ... ¹7), აღნიშნული უძრავი ქონების მახასიათებლებია: ზონა _ ქუთაისი 03, სექტორი: ვაკისუბანი 05, კვარტალი 01, ნაკვეთი 101, კოდი 01/001, ნაკვეთის წინა ნომერი 1, სართული I, ბინა ¹1, ფართი 50.17 კვ.მ, საკადასტრო კოდე ¹..., უფლებრივად უნაკლო;

2. სანაცვლოდ, ი. და გ. შ-ძეები უარს ამბობენ გააგრძელონ დავა ნ. შ-ძის მიმართ სამოქალაქო საქმეზე (¹ას-539-5102-2011, დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება), ასევე აღარასოდეს განაცხადებენ პრეტენზიას ნებისმიერი საფუძვლით, ქ. ქუთაისში, ... ¹6-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. მახასიათებლები: ზონა ქუთაისი 03, სექტორი მუზეუმი 04, კვარტალი 06, ნაკვეთი 071, ნაკვეთის წინა ნომერი 06, შენობა-ნაგებობის ფართი 103.59 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹...;

3. ამავე მორიგების აქტით, გ. და ი. შ-ძეები თანხმდებიან, რომ ნ. შ-ძისაგან მათზე თანასაკუთრებით გადმოსაცემ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, .... ¹177-ში (ყოფილი ქუჩა _ .. ¹7, ყოფილი ქუჩა _ ... ¹7), აღნიშნული უძრავი ქონების მახასიათებლებია: ზონა _ ქუთაისი 03, სექტორი: ვაკისუბანი 05, კვარტალი 01, ნაკვეთი 101, კოდი .. , ნაკვეთის წინა ნომერი 1, სართული I, ბინა ¹1, ფართი 50.17 კვ.მ, საკადასტრო კოდე ¹... _ გ. შ-ძე თავის წილ საკუთრებას თმობს ი. შ-ძის სასარგებლოდ;

4. აღნიშნული მორიგების აქტის აღსრულებამდე გ. და ი. შ-ძეებს უფლება ეძლევათ ისარგებლონ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინით, მდებარე: ქ. ქუთაისში, ... ¹177-ში;

5. მხარეები მოითხოვენ, სასამართლომ განჩინებით დაავალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია უძრავი ქონების მესაკუთრეთა რეესტრში, ასევე გააუქმოს ნ. შ-ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისში, ... ¹6-ში ყადაღა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

6. ასევე დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ქუთაისში, .... ¹6-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მესაკუთრე ნ. შ-ძის განცხადების საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრში მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების დარეგისტრირება.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორ _ ნ. შ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

ა) ნ. შ-ძე თმობს საკუთრების უფლებას ი. და გ. შ-ძეების სასარგებლოდ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისში, … ¹177-ში (ყოფილი ქუჩა _ ... ¹7, ყოფილი ქუჩა _ ... ¹7), აღნიშნული უძრავი ქონების მახასიათებლებია: ზონა _ ქუთაისი 03, სექტორი: ვაკისუბანი 05, კვარტალი 01, ნაკვეთი 101, კოდი ... , ნაკვეთის წინა ნომერი 1, სართული I, ბინა ¹1, ფართი 50.17 კვ.მ, საკადასტრო კოდე ¹... , უფლებრივად უნაკლო;

ბ) სანაცვლოდ, ი. და გ. შ-ძეები უარს ამბობენ გააგრძელონ დავა ნ. შ-ძის მიმართ სამოქალაქო საქმეზე (¹ას--- -5102-2011, დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება), ასევე აღარასოდეს განაცხადებენ პრეტენზიას ნებისმიერი საფუძვლით, ქ. ქუთაისში, ... . ¹6-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. მახასიათებლები: ზონა ქუთაისი 03, სექტორი მუზეუმი 04, კვარტალი 06, ნაკვეთი 071, ნაკვეთის წინა ნომერი 06, შენობა-ნაგებობის ფართი 103.59 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹ ... ;

გ) გ. და ი. შ-ძეები თანხმდებიან, რომ ნ. შ-ძისაგან მათზე თანასაკუთრებით გადმოსაცემ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ¹177-ში (ყოფილი ქუჩა _ ... ¹7, ყოფილი ქუჩა _ ... ¹7), აღნიშნული უძრავი ქონების მახასიათებლებია: ზონა _ ქუთაისი 03, სექტორი: ვაკისუბანი 05, კვარტალი 01, ნაკვეთი 101, კოდი ... , ნაკვეთის წინა ნომერი 1, სართული I, ბინა ¹1, ფართი 50.17 კვ.მ, საკადასტრო კოდე ¹ ... _ გ. შ-ძე თავის წილ საკუთრებას თმობს ი. შ-ძის სასარგებლოდ;

დ) აღნიშნული მორიგების აქტის აღსრულებამდე გ. და ი. შ-ძეებს უფლება ეძლევათ ისარგებლონ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინით, მდებარე: ქ. ქუთაისში, ... ¹177-ში

2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია უძრავი ქონების მესაკუთრეთა რეესტრში;

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა მოეხსნას ნ. შ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას ( მდებარე: ქ. ქუთაისში, ... ¹6-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. მახასიათებლები: ზონა ქუთაისი 03, სექტორი მუზეუმი 04, კვარტალი 06, ნაკვეთი 071, ნაკვეთის წინა ნომერი 06, შენობა-ნაგებობის ფართი 103.59 კვ.მ);

4. დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ქუთაისში, ... ¹9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოახდინოს სამოქალაქო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების დარეგისტრირება;

5. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

7. ნ. შ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 30 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - ¹300773150;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.