ას-54-46-2011 25 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (განმცხადებელი)_ გ. ი-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ი-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 21 მარტის განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ი-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ი-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ი-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით გ. ი-ძეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ი-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
გ. ი-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ „თავის დროზე არ იქნა შევსებული ხარვეზი“. მის მიერ მოძიებულ იქნა მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ საფოსტო გზავნილი არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, რადგან საფოსტო გზავნილზე არის მარტვილის საფოსტო დამღა, რაც გამორიცხავს 31 იანვარს გზავნილის ჩაბარებას ამასვე ადასტურებს ლანჩხუთის ფოსტის ... ¹23 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოდან ლანჩხუთის ფოსტაში 2011 წლის 31 იანვარს ლანჩხუთის რაიონი სოფ. ...-ში გ. ი-ძის სახელზე შემოვიდა შეკვეთილი წერილი, ¹185 შეტყობინება გაიგზავნა მარტვილის რაიონში, რომელზედაც გარკვევით არის აღნიშნული მარტვილის საფოსტო კალენდარული დამღა და ბარათი შევსებულია მარტვილის ფოსტის ოპერატორის მიერ, თანაც ჩაბარების თარიღად ოპერატორის მიერ მითითებულია 2010 წლის 31 იანვარი. რაც შეეხება ¹185 წერილს, ის გ. ი-ძეს ჩაჰბარდა 11 თებერვალს. აღნიშნული არგუმენტები კი, რაც განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება, ცხადყოფს, რომ არასწორად იქნა დატოვებული მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გ. ი-ძის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით კასატორ გ. ი-ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 387.50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ი-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან კასატორს 2011 წლის 31 იანვარს ჩაჰბარდა ხარვეზის განჩინება, ამიტომ კასატორისათვის ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 1 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 3 თებერვალს.
განმცხადებელი გ. ი-ძე მოითხოვს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება გახდეს დამთავრებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის მიმღებ სუბიექტს გ.ი-ძეს, არ Aჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება, წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის ლანჩხუთის ფილიალის მიერ გაცემული ცნობა და საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, სადაც მიმღებ პირად მითითებულია ვ. გ-ია და ასევე ბარათზე აღბეჭდილია მარტვილის საფოსტო დამღა, რაც გამორიცხავს ლანჩხუთის რაიონი სოფელ აკეთში კასატორ გ. ი-ძისათვის სასამართლო გაზავნილის ჩაბარებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არაუფლებამოსილი პირისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ვერ ჩაითვლება ადრესატისათვის (ამ შემთხვევაში კასატორისათვის) ჩაბარებად და, აქედან გამომდინარე, ხარვეზის შევსების ვადის ათვლის დასაწყისიც არ შეიძლება დაუკავშირდეს ასეთ ჩაბარებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი არსებობს, რის გამოც განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს, აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის ლანჩხუთის ფილიალის წერილით ირკვევა, რომ გ. ი-ძეს ¹185 წერილი ჩაჰბარდა 2011 წლის 11 თებერვალს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 12 თებერვალს და ამოიწურა 2011 წლის 14 თებერალს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა კასატორმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და 387.50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 16 თებერვალს (ს.ფ. 188-190), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში ხარვეზი შევსებულია ვადის დარღვევით შესაბამისად, გ. ი-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.
გ. ი-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 387 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 425-ე მუხლებით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ი-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება.
გ. ი-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
გ. ი-ძის დაუბრუნდეს ა. ბ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 387 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.