Facebook Twitter

ას-556-525-2011 11 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ნ. და კ. კ-შვილები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ქ-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი _ ნასყიდობისა და საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების შეძენის ოქმისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საიჯარო ქირის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ქ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და კ. კ-შვილების მიმართ ნასყიდობისა და საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების შეძენის ოქმისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების, ნ. კ-შვილის და კ. კ-შვილის მიერ შპს “ქ-ის” კუთვნილი შენობა-ნაგებობების გამოთავისუფლებისა და ნ.კ-შვილის მიერ დარჩენილი საიჯარო ქირის გადახდის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის განმარტების თანახმად, შპს “ქ-ის” ბალანსზე რიცხული ქონების მიღება-ჩაბარება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ მოხერხდა, ვინაიდან შპს “ქ-ის” ქონების ნაწილი _ საცხოვრებელი სახლი, პროდუქტების შესანახი საწყობი, საშრობი ფარდული, 25-ტონიანი სასწორი, 1-ტონიანი და 500 კგ-იანი, კარადა-მაცივარი, მარცვალ-მტვირთი, მარცვალ-მწმენდი, 2,3 ჰა სამეურნეო ეზო, რომელიც მდებარეობს სოფელ ... ტერიტორიაზე, აღმოჩნდა კ. კ-შვილისა და ნ.კ-შვილის საკუთრებაში, მოძიებული მასალებით კი დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული ქონება არის შპს “ქ-ის” საკუთრება და საჯარო რეესტრის რეგისტრაცია უნდა გამოცხადდეს ბათილად.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით:

სადავო ქონება, რომელიც მათ შეიძინეს, ირიცხებოდა და შეადგენდა სასოფლო-სამეურნეო საწარმო კოოპერატივ “...” საკუთრებას და არა ... თემის საკრებულოს ბალანსზე რიცხულ ქონებას, აღნიშნულ ქონებას, კანონმდებლობის სრული მოთხოვნათა დაცვით, საკუთრების უფლებით ფლობენ 13 წელიწადია, შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან გასულია როგორც უძრავ ნივთებზე მოთხოვნის წარდგენის 6 წელი, ისე მოძრავ ნივთებზე მოთხოვნის წარდგენის 3 წელი.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ქ-ის” სარჩელი ნასყიდობის და საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე, უძრავი ქონების შეძენის ოქმისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებაზე, ნ. კ-შვილისა და კ. კ-შვილის მიერ შპს “ქ-ის” კუთვნილი ქონებისა და შენობა-ნაგებობების გამოთავისუფლებაზე, ასევე დარჩენილი საიჯარო ქირის გადახდაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს “ქ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს “ქ-ის” დირექტორმა სარჩელით მოითხოვა 2000 წლის 26 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებულია დედოფლისწყაროს რაიონოს სოფელ ... სს საწარმო “...” სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე ჯ. გ-შვილსა და კ. კ-შვილს შორის. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს: სასუქი საშლელი პტ1-, კულტივატორი კრმ-5,6, ლაფეტი პპვ-3, საწამლი აპარატი ოპვ, სათესი ესზე-3, მარცვლის საღერღი, სასწორი 25 ტ, ცისტერნა 50ტ, 1948 წელს ალიზით აშენებული საწყობი ზომით 40X6-240 კვ.მ, საშრობი ფარდული ზომით 50X6-300 კვ.მ, 2005 წლის 11 მარტის ¹178/05 საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გაფორმებული დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობასა და ნ. კ-შვილს შორის 7.3 ჰა მიწის ნაკვეთზე და 2007 წლის 5 ივლისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹... ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც ნ. კ-შვილს საკუთრებაში გადაეცა 7,3 ჰა მიწის ნაკვეთი; ნ. კ-შვილისაგან შპს “ქ-ის” კუთვნილი მოძრავი ქონების _ მარცვალ-მტვირთის, მარცვალ-მწმენდის, 25-ტონიანი სასწორის, 1-ტონიანი სასწორის, 500 კგ-იანი სასწორისა და კარადა-მაცივრის გამოთხოვა; ნ. და კ. კ-შვილების უკანონო მფლობელობიდან შპს “ქ-ის” კუთვნილი შენობა-ნაგებობის გამოთხოვა; 2008 წლის 30 აპრილის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ. კ-შვილისათვის დარჩენილი საიჯარო ქირის _ 1440 ლარის დაკისრება. აღნიშნული ხელშეკრულებით, ნ. კ-შვილს გადაეცა თავწყაროზე არსებული პროდუქტების შესანახი საწყობები ერთი წლის ვადით.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი იყო ხანდაზმული, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999 წლიდან, მან კი სასამართლოს მიმართა 2009 წლის 24 ნოემბერს და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია. კერძოდ, სარჩელში სადავოს წარმოადგენს 2000 წლის 26 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, 2005 წლის 11 მარტის ¹... საიჯარო ხელშეკრულება და 2007 წლის 5 ივლისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹... ოქმი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებებით შეილახა მისი საკუთრების უფლება, შესაბამისად, დასკვნა, რომ მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 1999 წლიდან, მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან საკუთრების უფლება არ წყდება უძრავი ნივთის მფლობელობიდან გასვლით და იმისათვის, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყოს, პირის საკუთრების უფლება უნდა შეილახოს, რაც მოცემულ შემთხვევაში უკავშირდება სადავო გარიგებებს. სადავო გარიგებები კი გაფორმებულია 1999 წლის შემდგომ და უფლების დარღვევამდე მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

პალატის მოსაზრებით, ნ. და კ. კ-შვილების უკანონო მფლობელობიდან უძრავი და მოძრავი ქონების (მარცვალ-მტვირთი, მარცვალ-მწმენდი, 25-ტონიანი სასწორი, 1-ტონიანი სასწორი, 500 კგ-იანი სასწორი, კარადა-მაცივარი, შენობა-ნაგებობები) გამოთხოვის ნაწილში სარჩელზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში გამოკვლევას ექვემდებარება სადავო ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების საკითხი. დარჩენილი საიჯარო ქირის _ 1440 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება ემყარება იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და მოთხოვნის საფუძველი არ არსებობდა. სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2008 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს გადაეცა პროდუქტების შესანახი საწყობები ერთი წლის ვადით. საიჯარო ქირა განისაზღვრა 160 ლარით, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხდა ყოველი თვის დასაწყისიდან 10 დღის ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამოკვლევას ექვემდებარება საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის ფაქტი, რაც არ იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და კ. კ-შვილებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია, მიღებულია საპროცესო ნორმის დარღვევის შედეგად და ექვემდებარება გაუქმებას, რადგანაც პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება დაამყარა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ხანდაზმულობის ინსტიტუტი, ასევე მცდარია გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე და მითითება საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის ფაქტის დადგენაზე.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დებულებები არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის მოთხოვნებს არ ემყარება, ვინაიდან სადავო ქონება აუქციონზე სხვადასხვა დროს ნასყიდობების ხელშეკრულებით აქვთ შეძენილი კასატორებს, კანონმდებლობით დადგენილია უძრავ ნივთებთან დაკავშირებული მოთხოვნის ხანნდაზმულობის ვადები და იგი განსაზღვრულია 6 წლით, ხოლო მოძრავ ნივთებზე _ 3 წლით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სავსებით სწორად ეთქვა მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილბაზე, ასეთ დროს გადამწყვეტია სარჩელის უსაფუძვლობა, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სისწორეს, მას თავადვე შეეძლო უცვლელად დაეტოვებინა სამართლებრივი შედეგი და შეეცვალა გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება. კასატორთა განმარტებით, შპს “ქ-ს” სადავო ქონებისადმი იურიდიული ინტერესი საერთოდ არ გააჩნია, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუსაბუთებია, რომ ის ქონების მესაკუთრეა, ადრე მოქმედი სამართლის ნორმის შესაბამისად, არ წარმოუდგენია სანორატო წესით დადასტურებული დოკუმენტი და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მხოლოდ ბალანსზე ქონების აღრიცხვა და ბალანსიდან ამ ქონების ბალანსზე გადატანა სამართლებრივად საკუთრების უფლებას არ წარმოშობს.

საჯარო რეესტრის დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 აპრილის პასუხით დასტურდება, რომ შპს “ქ-ს” საკუთრებაში ქონება არ გააჩნია, შესაბამისად, შპს “ქ-ის” მითითება, რომ ის ვერ ახერხებს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვას, უსაფუძვლოა, ამასთან, კასატორების სახელზე, სადავო ქონება რეგისტრირებულია ზემოხსენებულ რეესტრში, მისი მონაცემები სადავოდ არავის გაუხდია, რომლის მიმართაც სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია ვრცელდება.

უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹... ოქმის ბათილად ცნობის ნაწილშიც. აღნიშნული ოქმის ნომერი 1620-ია და არა 162, ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავო ოქმის არსებობისა და 7.3 ჰა მიწის ნაკვეთის ნ.კ-შვილის, ხოლო 700 კვ.მ საწყობის, საშრობისა და საცხოვრებელი სახლის კ.კ-შვილის საკუთრებაში ყოფნის თაობაზე შპს “ქ-ისათვის” ცნობილი იყო 2008 წლის 4 ივნისიდან. პრივატიზების სამმართველოს ოქმის თანახმად, ამ ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში. მხარეს კი სადავო ოქმი ამ ვადის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით არ გაუსაჩივრებია რაც ამ ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობაზე მეტყველებს.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საიჯარო ქირის დავალიანების გამოკვლევის თაობაზე, რადგანაც სასამართლოს აღნიშნული შეეძლო თვითონვე გამოერკვია, ამასთან, შეფასება უნდა მისცემოდა იმ გარემოებას, რომ, საჯარო რეესტრის წერილობითი პასუხის თანახმად, 2008 წლის 22 აპრილის მდგომარეობით შპს “ქ-ის” საკუთრებაში ქონება არ ირიცხება, შესაბამისად, 2008 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა.

კასატორთა განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა განჩინებაში უაკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, კერძოდ, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება ამ ნაწილში, ვინაიდან მოსარჩელეს თუნდაც რაიმე უმნიშვნელო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო ქონებაზე შპს “ქ-ის” საკუთრებას, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და ასეთზე არც მიუთითებია, შესაბამისად, ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არარსებული ფაქტის კვლევისკენაა მიმართული. სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა იმ ფაქტისთვისაც, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელი არასათანადო პირის მიერაა აღძრული და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო სასამართლოს თვითონ უნდა მიეღო ახალი გადაწყვეტილება, ამდენად, კასატორთა განმარტებით, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით ნ. და კ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. და კ. კ-შვილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. და კ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს: ნ. კ-შვილსა და კ. კ-შვილს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით შალვა ქურდაძის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. და კ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორებს: ნ. კ-შვილსა (პირადი ¹...) და კ. კ-შვილს (პირადი ¹...) დაუბრუნდეთ შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” შ. ქ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.