Facebook Twitter

ას-567-535-2011 14 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. მ-ური (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ური (მოსარჩელე), თ-ის მ. გამგეობა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ დოკუმენტის სიყალბის დადგენა, საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ-ის მ. გამგეობისა და მესამე პირის _ ა. მ-ურის მიმართ ა. მ-ურის მიწის მიღება-ჩაბარების ¹... აქტისა და მის საფუძველზე საკომლო წიგნში 0,12 ჰა მიწის შესახებ ჩანაწერის სიყალბის დადგენის, ასევე თ-ის მ. გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული მართვის ორგანოს 2010 წლის 14 იანვრის ¹13 ცნობის სიყალბის დადგენის მოთხოვნით.

მოპასუხე თ-ის მ. გამგეობამ სარჩელი ცნო, ხოლო მესამე პირმა განმარტა, რომ მისი უფლება 0,12 ჰა მიწის ნაკვეთზე სოფლის რწმუნებულის ცნობის საფუძველზე რეგისტრირებულია თელავის სარეგისტრაციო სამსახურში და არ წარმოადგენს სიყალბეს, ასევე არ არის ყალბი ¹... მიღება-ჩაბარების აქტი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ურის სარჩელი თ-ის მ. გამგეობისა და მესამე პირის _ ა. მ-ურის მიმართ დაკმაყოფილდა, ყალბად იქნა აღიარებული 1995 წლის ¹... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, მის საფუძველზე საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერი 0,12ჰა ნაკვეთის თაობაზე და თ-ის მ. გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 (2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. მ-ურმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. მ-ურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დადგინდა 1995 წლის ¹... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, გაუქმდა აღნიშნული აქტის საფუძველზე საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერი 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის აღრიცხვის თაობაზე, გაუქმდა თ-ის მ. გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 (2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობა, დანარჩენ ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. მ-ური და მისი ოჯახი სარგებლობს თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით, რომელსაც ესაზღვრება ა. მ-ურის კუთვნილი ნაკვეთი. აღნიშნულ ნაკვეთებს შორის მდებარე 0,12 ჰა ნაკვეთი იმყოფებოდა გ. მ-ურისა და გ. ო-შვილის საერთო სარგებლობაში და წარმოადგენს გ. მ-ურის ნაკვეთამდე მისასვლელ აუცილებელ გზას. დასახელებული გარემოებები დასტურდება მოსარჩელის განმარტებით, თელავის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით, ასევე გ. ო-შვილისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე 1998 წლის მიღება-ჩაბარების აქტით.

¹6 საკომლო წიგნის 2001 წლის ჩანაწერების შესაბამისად, ა. მ-ურის სახელზე რეგისტრირებულია 0,22 ჰა და 0,12 ჰა მიწის ნაკვეთები.

ა. მ-ურის სახელზე სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ეფუძნება ძველი საკომლო წიგნის ჩანაწერებსა და 1995 წლის ¹... მიწის მიღება-ჩაბარების აქტს.

ა. მ-ურის ¹6 საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე თ-ის მ. გამგეობის ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2009 წლის 14 იანვარს გაიცა ¹13 ცნობა, რომელიც მიუთითებს ა. მ-ურის სახელზე სადავო 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტს.

მიწის მიღება-ჩაბარების შესახებ 1995 წლის ¹... აქტი შეიცავს უსაფუძვლო მონაცემს ა. მ-ურისათვის 0,12 ჰა ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც ცნობილ იქნა ყალბად თელავის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებული გარემოებების დადასტურებისათვის საკმარისად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებანი და წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რომელთა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი დოკუმენტები მოპასუხისა და მესამე პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა, უფრო მეტიც, მოპასუხე თ-ის მ. გამგეობამ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი ცნო, ხოლო აპელანტმა ა. მ-ურმა ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლო სხდომაზე დაადასტურა. გარდა ამისა, ა. მ-ურმა სააპელაციო საჩივრით სადავოდ მიიჩნია ზემოაღნიშნული სარჩელის განხილვის საპროცესო სამართლებრივი საკითხები, კერძოდ, გ. მ-ურის სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძვლები და ამავე სასარჩელო მოთხოვნით, ნაცვლად აღიარებითი სარჩელისა, მიკუთვნებითი სარჩელის წარდგენის წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების თანახმად, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი 2009 წლის 4 დეკემბრის დადგენილება განიხილება, როგორც კონკრეტული გარემოებების ამსახველი წერილობითი მტკიცებულება და მასში ასახულ დასკვნებსა თუ დადგენილ გარემოებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის პრეიუდიციული ძალა არ ენიჭება, თუმცა, მიუხედავად მტკიცებულების არაპრეიუდიციული მნიშვნელობისა, იგი ერთ-ერთ მტკიცებულებად განიხილება და სასამართლო იმ შემთხვევაში ეყრდნობა, თუ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნება სხვა, აღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტების საწინააღმდეგო, გამაქარწყლებელი მტკიცებულებები. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აპელანტმა ა. მ-ურმა არათუ გააქარწყლა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, არამედ აღნიშნული ფაქტები სააპელაციო კრიტიკის საგნადაც კი არ აქცია და სარჩელის განხილვის მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი წინამძღვრები გახადა სადავოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაბუთებულობა სამართლებრივად დამოკიდებულია მოსარჩელის იურიდიული ინტერესის მართებულობაზე. იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებით მისი მიღწევის შესაძლებლობა. ასეთი ტიპის სარჩელის დაკმაყოფილებას რეალური იურიდიული შედეგი, სამართლებრივი სარგებელი უნდა მოჰქონდეს მხარისათვის. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა შეფასდეს მის მიმართ არსებული იურიდიული ინტერესის მართებულობა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი ა. მ-ურის უძრავ ქონებაზე _ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე უფლების განმსაზღვრელი დოკუმენტი _ 1995 წლის ¹... მიღება-ჩაბარების აქტი და მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი საკომლო წიგნში და ამავე ჩანაწერის საფუძველზე 2009 წლის 14 იანვარს გაცემული ¹13 ცნობა. იქიდან გამომდინარე, რომ სადავოდ გამხდარი დოკუმენტების საფუძველზე მოპასუხე იძენს უფლებას საერთო სარგებლობის ნაკვეთზე და ამგვარად ილახება მოსარჩელის ამ ნაკვეთით სარგებლობის უფლება, უფლების დამდგენი დოკუმენტების სიყალბის აღიარებისა და მისი გაუქმების მიმართ მოსარჩელეს გააჩნია დასაბუთებული იურიდიული ინტერესი, რის გამოც სარჩელი, არსებითად, მართლზომიერად დაკმაყოფილდა.

პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტის სიყალბეს განაპირობებს მასში ისეთი მონაცემის ასახვა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომელიც წარმოებულია მართლზომიერად, კანონის საფუძველზე, არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს ყალბად, თუნდაც, მის საფუძვლად არსებული დოკუმენტი ყალბად იქნეს აღიარებული. ამგვარი შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დოკუმენტის მომზადებისას მისი შემდგენელი პირის სუბიექტური დამოკიდებულება დოკუმენტში ასახული მონაცემების სისწორის მიმართ. სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტი, თუ დარღვეული არ არის წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტი, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ნამდვილად ითვლება. საწინააღმდეგოს დადასტურება ანუ დოკუმენტის სიყალბის დადგენა არ იწვევს მის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტების ყალბად აღიარებას. ყალბად აღიარებული დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი დოკუმენტით არ უნდა დადგეს იურიდიული შედეგი, რის გამოც, აღნიშნული დოკუმენტი არა ყალბად, არამედ გაუქმებულად უნდა იქნეს მიჩნეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად დააკმაყოფილა სარჩელი 1995 წლის ¹... აქტის ყალბად აღიარების მოთხოვნის ნაწილში, რაც შეეხება ყალბად აღირებული დოკუმენტის საფუძველზე განხორცილებულ საკომლო წიგნის ჩანაწერსა და მასზე გაცემულ ცნობას, არ არსებობს მათი ყალბად აღიარების საფუძველი, არამედ ისინი უნდა გაუქმდეს შესაბამისი საფუძვლის ყალბად აღიარების გამო.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ გ. მ-ურის სარჩელი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ვინაიდან ამავე დავაზე ერთხელ უკვე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის საფუძვლით. დაუშვებლობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე სარჩელით მიმართვა სასამართლოსათვის დასაშვებია, თუ აღმოიფხვრება სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები. გარდა ამისა, ა. მ-ურის სარჩელზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა, რაც არ გამორიცხავს, ამავე სარჩელზე სამოქალაქო წესით სასამართლო სამართალწარმოების განხორციელებას სამოქალაქო სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმ საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებზე დაყრდნობითაც თელავის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა. დოკუმენტის სიყალბის დადგენა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძველს. თუ მხარე მიიჩნევს, რომ მისი უფლება და კანონით დაცული ინტერესი შელახულია ყალბი დოკუმენტით, მას უფლება აქვს, მოითხოვოს დოკუმენტის სიყალბის დადგენა შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება, თუ რის საფუძველზე მოხდა მოსარჩელის უფლების ხელყოფა. თუ ამგვარი ხელყოფის საფუძველი დოკუმენტის სიყალბეა, უფლების აღდგენაც სწორედ აღნიშნული დოკუმენტის ყალბად აღიარებით უნდა იქნეს მიღწეული. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის მითითება, რომ აღიარებითი სარჩელის საფუძველზე საქმის განხილვით დაირღვა მისი, როგორც მესამე პირის, საპროცესო სამართლებრივი უფლებები, მით უმეტეს, რომ ეს არის ის ერთადერთი გარემოება, რასაც აპელანტი თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. მ-ურის წარმომადგენელმა თ. მ-ელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. და ა. მ-ურების ნაკვეთებს შორის მდებარე 0.12 ჰა ნაკვეთი იმყოფებოდა გ. მ-ურისა და გ. ო-შვილის საერთო სარგებლობაში და წარმოადგენს გ. მ-ურის ნაკვეთამდე მისასვლელ აუცილებელ გზას. თელავის რაიონის სოფელ ...ში ა. მ-ურის სახელზე მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ეფუძნება ძველი საკომლო წიგნების ჩანაწერებსა და 1995 წლის ¹... მიწის მიღება-ჩაბარების აქტს.

2010 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც გ. მ-ურმა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში, უკვე არსებობდა თელავის რაიონული პროკურატურის 2010 წლის 7 მაისის დადგენილება გ. მ-ურის შვილის _ მ. მ-ურის განცხადების გამო წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე ა. მ-ურის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე.

წინასწარ გამოძიებას საფუძვლად დაედო გ. მ-ურის შვილის _ მ. მ-ურის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ა. მ-ურმა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის გამოიყენა ყალბი დოკუმენტი, შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში საჯარო რეესტრი და უკანონოდ მოახდინა სხვისი მიწის ნაკვეთის თავის სახელზე რეგისტრაცია. ასეთ ყალბ დოკუმენტად კი მ. მ-ურს მიაჩნდა წინამდებარე გადაწყვეტილების დავის საგანი _ სოფელ ...ის ტერიტორიული ორგანოდან მიღებული ¹13 ცნობა.

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე. ტ-შვილის 2010 წლის 7 მაისის დადგენილებით სადავო ცნობა გაიცა ¹6 საკომლო წიგნისა და საგადასახადო სიის საფუძველზე. თელავის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრები ა. მ-ურის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 2010 წლის 25 იანვარს მოხდა კანონიერად. ¹13 ცნობაში სწორად არის მითითებული ყველა ის ნაკვეთი, რომელიც ა. მ-ურის კანონიერ მფლობელობაშია და მან მართებულად მოახდინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ამ ცნობის საფუძველზე, რადგან, თავის მხრივ, ცნობას საფუძვლად დაედო საგადასახადო სიების ჩანაწერი.

ამდენად, სარჩელის აღძვრისას გ. მ-ურმა იცოდა თელავის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 4 დეკემბრის დადგენილების საწინააღმდეგოდ 2010 წლის 7 მაისის დადგენილების, ასევე ამ დადგენილების ძალაში დატოვების თაობაზე თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 ივნისის დადგენილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2010 წლის 5 ივლისის დადგენილების არსებობა, თუმცა შეგნებულად დამალა იგი სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. ა. მ-ურმა კი მისი არსებობის შესახებ არც იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა საქმეზე სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა 1995 წლის ¹... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, გააუქმა საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერი 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის აღრიცხვის თაობაზე და გააუქმა თ-ის მ. გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009(2010) წლის 14 იანვრის ¹13 ცნობა.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, Hჰქონდა თუ არა გ. მ-ურს მოცემული დავის განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი. მითითებული ნორმის თანახმად, დავა შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ 2009 წლის 14 იანვარს გაცემული ¹13 ცნობის საფუძველზე მოპასუხე იძენს უფლებას საერთო სარგებლობის ნაკვეთზე, რითაც ილახება მოსარჩელის ამ ნაკვეთით სარგებლობის უფლება. აღნიშნული გარემოება სასამართლომ მიიჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტების სიყალბის აღიარების და მისი გაუქმების მიმართ იურიდიული ინტერესის დამადასტურებელ გარემოებად. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან მითითებული ცნობის გაუქმების შემთხვევაშიც ვერ იძენს მოსარჩელე ვერანაირ უფლებას საერთო სარგებლობის გზაზე, რადგან სადავო მიწის ნაკვეთი რჩება ა.ი მ-ურის საკუთრებაში. საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნა მოსარჩელეს დაყენებული არ აქვს. უფრო მეტიც, გ. მ-ურს არც მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა მოუთხოვია. ასეთ პირობებში კი შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებანი მივიჩნიოთ მხარის იურიდიულ ინტერესად განსახილველი საქმის მიმართ. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი _ ა. მ-ურის საკუთრების უფლების გაუქმება სადავო მიწის ნაკვეთზე _ არ მიიღწევა მოცემული სარჩელით.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან მიმართებაში, რომ ვინაიდან, ამავე დავაზე ერთხელ უკვე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის საფუძვლით, გ. მ-ურის სარჩელი აღარ უნდა განხილულიყო სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტა არ გამორიცხავს ამავე სარჩელზე სამოქალაქო წესით სამართალწარმოების განხორციელებას სამოქალაქო სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში.

საკასაციო პალატა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს ასეთი სახის მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. საქმის სამოქალაქო წესით განხილვა შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო დავის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი განსახილველი დავა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ დავას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულია, რომ განსახილველი სარჩელის მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით – აღიარებულ იქნეს, რომ საკომლო ჩანაწერი ა. მ-ძის სახელზე არის ყალბი 0,12 ჰექტარის ნაწილში. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას აღნიშნული საქმის განსჯადობა სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე, 22-24-ე მუხლების საფუძველზე შეწყვიტა საქმის წარმოება, რადგან მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი არ შეიძლებოდა განხილულიყო როგორც აღიარებითი სარჩელი. ამასთან, პალატის აზრით, მხარეს შეეძლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მოეთხოვა სარეგისტრაციო ჩანაწერისა და მის საფუძველზე არსებული დოკუმენტების ბათილად ცნობა.

სამოქალაქო სასამართლოს მიერ გ. მ-ურის სარჩელის განხილვისას ზემოთ მითითებულ საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერია დამატებული. შესაბამისად გაუგებარია, ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც შეიძინა დავამ სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათი. იგივე შეიძლება ითქვას თ-ის მ. გამგეობის სოფელ ...ის ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 წლის 14 იანვრის ცნობის გაუქმების თაობაზეც. აღნიშნულიც ცალსახად ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე დავაა და მისი განხილვის უფლებამოსილება სწორედ ამ პალატის პრეროგატივაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. იმავდროულად პალატა თვლის, რომ მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების უფლებამოსილება სამოქალაქო პალატას არ გააჩნია და დავა განსახილველად უნდა გადაეცეს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. მ-ურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.