საქმე # 330100117001978416
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №470აპ-18 ქ. თბილისი
ტ–ი მ., 470აპ-18 23 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით მ. ტ–ს მიმართ წარდგენილ ეპიზოდებში და აღნიშნულ ნაწილებშიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას კანონშესაბამისი სასჯელის განსაზღვრით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ტ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით და სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. ტ–მ 2017 წლის 24 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ–ში, .....ის ქუჩა ..-ში მდებარე, მ. ზ–ს სარგებლობაში არსებულ, ნაქირავებ სასურსათო-სავაჭრო სარდაფში, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის ძლიერი დარტყმებითა და თავის არეში მინის ჭიქის ჩარტყმით, სცემა მასთან თანამცხოვრებ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ერთიან საოჯახო მეურნეობაში მყოფ მეგობარ ქალს - მ. ზ–ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ძალადობას არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მ. ზ–ი 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 24 მარტამდე არარეგისტრირებულ, ფაქტობრივად ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა და ცხოვრობდა მ. ტ–თან თ–ში, ......ის ქუჩა N..-ში მდებარე, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში. თანაცხოვრების მანძილზე მ. ტ–ი მას ეპყრობოდა სასტიკად, რაც გამოიხატებოდა ჩხუბსა და ფიზიკურ ცემაში. 2017 წლის 24 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ–ში, ............ის ქუჩა N..-ში მდებარე, მ. ზ–ს სარგებლობაში არსებულ, ნაქირავებ სასურსათო-სავაჭრო სარდაფში, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის ძლიერი დარტყმებითა და თავის არეში მინის ჭიქის ჩარტყმით, მ. ტ–მ სცემა და იძალადა მსხვერპლზე, რის შედეგადაც მ. ზ–ი მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე - ამ უკანასკნელმა თვითმკვლელობის მიზნით დალია დიდი ოდენობით, 20 აბამდე სამედიცინო დანიშნულების დამამშვიდებელი და წნევის დამწევი პრეპარატები, რის გამოც დაკარგა გონება და მხოლოდ ექიმების დროული ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
მ. ტ–ი 2003 წლის 1 ივნისიდან იმყოფება აღრიცხვაზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, B22.7 აივ/შიდსის მე-3 სტადიის დიაგნოზით და დღემდე დაავადებულია ამ ქრონიკული დაავადებით. აღრიცხვაზე აყვანისთანავე მას ექიმებისგან კატეგორიულად განემარტა და გაფრთხილდა, რომ სქესობრივი კავშირითა და სისხლის მეშვეობით შიდსი გადაედებოდა პარტნიორს. 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 24 მარტამდე მ. ტ–მ თ–ში, ....ის ქუჩა N..-ში მდებარე, თავის საცხოვრებელ ბინაში ფაქტობრივად ცოლ-ქმრული თანაცხოვრება დაიწყო და ისე, რომ არ შეატყობინა თავისი დაავადების შესახებ, აგრძელებდა თანაცხოვრებას, მათ შორის - სექსუალურ ურთიერთობას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ზ–ან,.
2017 წლის 11 აპრილს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მ. ზ–ს შეეყარა შიდსი და დაუდგინდა დიაგნოზი - ქრონიკული B20 აივინფექცია, პირველი სტადია. ამავე დღიდან იმყოფება აღრიცხვაზე და გადის სათანადო მკურნალობას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:
მ. ტ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
მ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 26 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით მ. ტ–ს მიმართ წარდგენილ ეპიზოდებში და აღნიშნულ ნაწილებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას კანონშესაბამისი სასჯელის განსაზღვრით.
მსჯავრდებულმა მ. ტ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილით მათთვის მინიჭებული უფლება და საქმეზე შემაჯამებელი გადაწვეტილების მიღებამდე პალატის წინაშე იშუამდგომლეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის გათხოვის (განუხილველად დატოვების) შესახებ, რაც საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. გარდა ამისა, დაცვის მხარემ ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად (მ. ტ–ს სასჯელი ამჟამად მოხდილი აქვს).
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა მ. ტ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას მ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში - სსკ-ის 115-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მ. ტ–ს მიერ განხორციელებული ქმედებები იმ დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, რომლებიც მიადგა მ. ზ–ს და რომლებიც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რიგ დაზიანებასთან მიმართებით, შეფასებულია როგორც სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო რიგ შემთხვევასთან მიმართებით – სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, ვერ შეფასდება როგორც სასტიკი მოპყრობა, ვინაიდან ამგვარ ქმედებებს, ჩვეულებრივ, არ შეეძლო გამოეწვია განსაკუთრებული ფიზიკური ტკივილი ან ზნეობრივი ტანჯვა. დაზარალებულმა მ. ზ–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი; პირდაპირი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ მ. ზ–მა თვითმკვლელობა სცადა სწორედ მ. ტ–ს მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის გამო. (მიუხედავად იმისა, რომ თავად მსჯავრდებული მ. ტ–ი არ უარყოფს მის მიერ მ. ზ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს).
10. თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით, განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენა პირს შეუძლია მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. პირდაპირი განზრახვა გულისხმობს, რომ დამნაშავის ქმედება (ანუ სასტიკი მოპყრობა) უნდა განხორციელდეს დაზარალებულის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მიზნით, ხოლო არაპირდაპირი განზრახვის დროს დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, არ სურს ეს შედეგი, მაგრამ, შეგნებულად უნდა უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, მათ შორის მ. ტ–ს განმარტებით დგინდება, რომ მეუღლეებს - მ. ზ–სა და მ. ტ–ს შორის იყო ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განახორციელა ფიზიკური ძალადობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება, რომ მ. ტ–ს ჰქონდა მ. ზ–ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის განზრახვა ან/და მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულმა ქმედებამ მიაღწია სისასტიკის იმ ზღვარს, რომელმაც გადააწყვეტინა დაზარალებულს ჩაედინა თვითმკვლელობა. რომლებიც მკაფიო ფორმით გამოკვეთდნენ თვითმკვლელობამდე მიყვანის მაპროვოცირებელ კონკრეტულ ნიშან(ებ)ს, საქმეზე უტყუარად დადგენილი არ არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ არის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულის ქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს შორის.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის ნაწილში მ. ტ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებით უტყუარად არ არის დადგენილი კონკრეტული გარემოებები თუ ვითარება, თუ ვისგან, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით, დროის რა პერიოდში და ა.შ. დაინფიცირდა დაზარალებული (წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რომ დაზარალებული დაინფიცირებულია შიდსით, თუმცა დაინფიცირება მოხდა თუ არა მსჯავრდებულის განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედებით, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით).
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე