ბს-1279-1082-კ-04 12 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბესიკ კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
1) საქართველოს გენერალური პროკურატური საკასაციო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაუსაბუთებელი ქონების ეკვივალენტი ფულადი თანხის დაკისრებაზე უარის თქმა;
2) სარჩელის საგანი: თანამდებობის პირის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 26 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურორმა გ. პ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ. ა.-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე მ. ა.-ის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით.
მოსარჩელის განმარტებით, საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რომ მ. ა.-ის მფლობელობაში, რომელიც იყო თანამდებობის პირი, არსებობდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სარჩელის აღძვრის საფუძველს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა თანამდებობის პირს და მას უკანონოდ ეკუთვნოდა შემდეგი ქონება: ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი, ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹42 ბინა, ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი”.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მ. ა.-ე 2000 წლიდან 2004წ. ივნისის ჩათვლით მუშაობდა ქ. ბათუმის მერიის მიერ ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით დაფუძნებული შპს “ს.-ს” დირექტორად, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 21818 ლარი. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის შემოსავლების შესახებ მოპოვებული მტკიცებულებები იძლეოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ოდენობის შემოსავალი ვერ უზრუნველყოფდა სარჩელში მითითებული ქონების მოპოვებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხის მფლობელობაში არსებული ქონების დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნობა, აღნიშნული ქონების მოპასუხისთვის ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
მოპასუხე მ. ა.-მ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ 1982წ. 15 იანვარს მან უსასყიდლოდ მიიღო ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹42 ბინა, რომლის პრივატიზება 1993 წელს მოახდინა კანონით დადგენილი წესით, ხოლო 1999წ. სექტემბერში შეიძინა ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი” 9000 ლარად. ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთი კი შეძენილი ჰქონდა 12500 ლარად.
მოპასუხის განმარტებით, სარჩელში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ მას 2000-2004წ. ივნისის ჩათვლით შპს “ს.-ში” აღებული ჰქონდა ხელფასი _ 21818 ლარი, ხოლო არ იყო დაფიქსირებული შპს “გ.-იდან” მიღებული დამატებითი შემოსავალი, რომელმაც 1999წ. იანვრიდან 2004წ. ივნისის ჩათვლით შეადგინა 176517 ლარი, ხოლო საერთო შემოსავალმა კი 1999წ. იანვრიდან 2004წ. ივნისის ჩათვლით _ 198335 ლარი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორ გ. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹42 ბინის ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემაზე; აღნიშნული ბინის დაუსაბუთებელი და უკანონო ფინანსებით გაუმჯობესების გამო, მოპასუხეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარი კომპენსაციის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ. ა.-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე, 12500 ლარად ღირებული 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი და 5000 ლარად ღირებული ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი”.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა.-მ რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ცნობა, რომლის თანახმად, მ. ა.-ს შპს “გ.-იდან” დივიდენდის სახით მიღებული ჰქონდა 56000 ლარი, რომელიც დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით 6000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აისახებოდა საგადასახადო ინსპექციის 2004წ. 4 აგვისტოს აქტში.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი” მან შეიძინა შპს “ს.-ში” დირექტორად მუშაობის პერიოდში, მაშინ, როდესაც აღნიშნულ თანამდებობაზე იგი მუშაობდა 2000 წლიდან 2004წ. ივნისის ჩათვლით, ხოლო ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი” საავტომობილო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ბარათის მიხედვით მ. ა.-მ შეიძინა 1999წ.8 სექტემბერს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ ხელფასისა და დივიდენდების სახით მიღებული შემოსავალი _ 176517 ლარი, რაც საკმარისი იყო სადავო ქონების შესაძენად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვ. ხ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით მ. ა.-ისთვის ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹42 ბინის დაუსაბუთებელი ფინანსური შემოსავლებით გაუმჯობესების ნაწილში.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ მიუთითა, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე დააკისრა მოპასუხეს სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 10000 ლარის გადახდა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ქონების შეძენის წყარო ან მისი კანონიერება, ან დასაბუთებულობა ნაწილობრივ დასტურდება, სახელმწიფოს უბრუნდება მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს. ამდენად, მ. ა.-ს მისი ქონების კანონიერება ან დასაბუთებულობა ნაწილობრივ მაინც უნდა დაესაბუთებინა, რათა სასამართლოს ემსჯელა, მოპასუხის ქონების რა ნაწილი უნდა დაბრუნებოდა სახელმწიფოს და გამოეყენებინა თუ არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ეკვივალენტი ფულადი თანხის დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი ორივე საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ მ. ა.-ის მოსაზრებას, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არასწორად დაადგინა, რომ ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი” მ. ა.-მ შეიძინა ქ. ბათუმის მერიის მიერ ასპროცენტიანი წილით დაფუძნებულ შპს “ს.-ში” დირექტორად მუშაობის პერიოდში. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ. ა.-ე შპს “ს.-ში” მუშაობდა 2000 წლიდან 2004წ. ივნისის ჩათვლით, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ბარათის მიხედვით ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი” მ. ა.-მ შეიძინა 1999წ. 8 სექტემბერს, ანუ მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ არ იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელე აჭარის ა/რ პროკურორ გ. პ.-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მ. ა.-ის მიმართ, მისი კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს-ბენცის” უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობის, მოპასუხე მ. ა.-ისთვის მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმება მოპასუხე მ. ა.-ის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს-ბენცის” უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი მოპასუხისთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოტივაცია ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მ. ა.-ის სახელზე რიცხული 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის მისთვის ჩამორთმევის თაობაზე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2003წ. 29 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გივი დიასამიძემ მ. ა.-ს 12500 ლარად მიჰყიდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ ისე ცნო უკანონოდ და დაუსაბუთებლად მ. ა.-ის კუთვნილი, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი, ისე ჩამოართვა მას და გადასცა სახელმწიფოს, რომ არ უმსჯელია აღნიშნულ ნაკვეთზე მდებარე მ. ა.-ის კუთვნილ ორსართულიან სახლზე მაშინ, როდესაც სკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა დაუსაბუთებლად ცნობილი და ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოტივაციას, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹42 ბინა, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული პრივატიზების ხელშეკრულებით გახდა მ. ა.-ის საკუთრება, გაუმჯობესდა შპს “ს.-ში” მუშაობის პერიოდში მ. ა.-ის დაუსაბუთებელი შემოსავლების ხარჯზე მიღებული თანხებით, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ შეაფასა 10000 ლარად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ა.-ის კუთვნილი ბინის დაუსაბუთებელი თანხებით გაუმჯობესების გამო, 10000 ლარის, როგორც კომპენსაციის, მოპასუხე მ. ა.-ისთვის დაკისრების ნაწილში სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე კასატორების _ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მ. ა.-ის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივრები სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც ორივე საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ა.-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე, 12500 ლარად ღირებული, 0,1 ჰა მიწის ნაკვეთისა და 5000 ლარად ღირებული ავტომანქანა “მერსედეს-ბენცის” მ. ა.-ისთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში;
4. ავტომანქანა “მერსედეს-ბენცის” მ. ა.-ისთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს აჭარის ა/რ პროკურორ გ. პ.-ის სარჩელი;
5. ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე, 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის მ. ა.-ისთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს;
6. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹42 ბინის მ. ა.-ისთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე აჭარის ა/რ პროკურორ გ. პ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მოპასუხე მ. ა.-ისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹42 ბინის დაუსაბუთებელი თანხებით გაუმჯობესების გამო, კომპენსაციის _ 10000 ლარის დაკისრების ნაწილში;
7. მ. ა.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 240 ლარის ოდენობით;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.