Facebook Twitter

საქმე # 330100119003067383

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №630აპ-20 ქ. თბილისი

თ–ა ი., 630აპ-20 2 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. თ–ს გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენით ი. თ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 2 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. თ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 31 მაისიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილისა და იმავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ი. თ–მ 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 13:15 საათზე, თბილისში, ე.წ. „......“ ბაზრობის ავტოსადგომზე გაჩერებული ვალერი მანკოს კუთვნილი, „VOLSWAGEN JETTA”-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით ..... ავტომანქანიდან სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მანქანის ვიდეორეგისტრატორს, რა დროსაც ავტომატურად ჩაიკეტა მანქანის კარი და ი. თ–ამ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. მან ჩაამტვრია საქარე მინა, გადმოძვრა ავტომანქანიდან და დატოვა შემთხვევის ადგილი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ი. თ–ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. თ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 2 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. თ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 31 მაისიდან.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N529აპ-20) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში ი. თ–ს ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ ვ. მ–სა და მოწმეების - რ. მ–ს, გ. ს–ს, ლ. ფ–სა და სხვათა ჩვენებები, შპს „გ–დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სატრანსპორტო ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. ამასთანავე, საკასაციო საჩივარი შეტანილია იმავე მოტივებით, რითაც მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ამომწურავად გასცა პასუხი საჩივარს; რაიმე ახალი გარემოება რომელიც არ იყო შეფასებული ან არასწორად იყო შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის მასალებით არ დგინდება.

8. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა ი. თ–მ ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის ჩადენაზე და ავტომანქანის ჩაკეტვამდე თავადვე გადაწყვიტა ვიდეორეგისტრატორის მანქანაში დატოვება, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად აღნიშნული გარემოება არ დასტურდება.

9. ბრალდების მხარის მიერ ცალკეული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით კასატორის პოზიციასთან მიმართებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა საკასაციო საჩივარში მითითებული თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვებაში და ვერ შეძლო იმ მტკიცებულების დამოუკიდებლად ან/და პროცესის მწარმოებელი ორგანოსთვის მიმართვის მიუხედავად მოპოვება, რაც დაადასტურებდა კასატორის მიერ მითითებულ ვერსიას. შესაბამისად, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული ვერსია არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ხოლო მამხილებელი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. თ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N504აპ-20).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე