საქმე # 160100119003354204
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№643აპ-20 ქ. თბილისი
მ. ლ., 643აპ-20 1 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ლ. და ს. მ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელები არ შეესაბამება ჩადენილი ქმედებების ხასიათს და იმის გათვალისწინებით, რომ არ არის ამოწურული დაზარალებულთან კონფლიქტი, მინიმალური სასჯელების განსაზღვრა და მათი პირობითად ჩათვლა, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენით ს. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი; ლ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2020 წლის 13 მარტის ჩათვლით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია: ს. მ-მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ლ. მ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ კ-ში, ო. ო-ს კუთვნილი ძროხების ს. მ-ს მიერ მწყემსვის დროს მათ დახოცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, ს. მ-მა მარჯვენა მუშტის მარცხენა თვალის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ო. ო-ს. ს. მ-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად ო. ო-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათიდან 18:30 საათამდე დროის შუალედში, მ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, სოფლის ცენტრში, ლ. მ-მა შურისძიების მოტივით, თავის ძმაზე - ს. მ. ძალადობით განაწყენებულმა, ფიწლის სახისა და მარცხენა მხრის არეში ორჯერ დარტყმით, ცხვირის ძვლის, ჰაიმორის წიაღის ზედა კედლის მოტეხილობების, მარცხენამხრივი ჰემოჰაიმორიტის, მარცხენა წარბის არეში ჭრილობისა და თავის არეში სისხლჩაქცევის სახით, ომარ ომაროვს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - ლ. და ს. მ-ების ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, ხელი შეუწყეს სწრაფ მართლმსაჯულებას) მხედველობაში მიღებით, სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რომელთა გამკაცრება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, არ არის აუცილებელი.
9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წინაშე დაზარარებულს არ განუცხადებია თანხმობა, რომ მსჯავრდებულებზე გავრცელდეს ამნისტია, მსჯავრდებულების - ლ. და ს. მ-ების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი