ას-707-666-2011 22 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს … ბანკი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ძე, გ. ა-ძე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ... ბანკი სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და გ. ა-ძეების მიმართ და მოითხოვა ს/ს “ ... ბანკი “ და მ. ა-ძესა და გ. ა-ძეს შორის 2008 წლის 1 აპრილის გენერალური ხელეკრულებისა და 2008 წლის 4 აპრილს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, მოპასუხეებისათვის ს/ს “ ... ბანკი “ სასარგებლოდ 322 492,32 აშშ დოლარის დაკისრება და დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: 1) ქ. თბილისი ... გამზ ¹16, სართული ¹3, ბინა ¹6, 2) მცხეთის რაიონი სოფ. ... , 3) მცხეთის რაიონი სოფ. ... , იძულებით აუქციონზე რეალიზაცია შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, 2008 წლის პირველ აპრილს ს/ს “ ... ბანკი “ და მ. ა-ძესა და გ. ა-ძეს შორის გაფორმდა “კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ” გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაედოთ კონკრეტული ხელშეკრულებები კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ იმ საბაზისო პირობებით, რომელიც გათვალისწინებული იყო ხსენებულ ხელშეკრულებაში. ამ ხელშეკრულების პირველი პუნქტით დადგინდა, რომ მსესხებელს უფლება ჰქონდა ეკისრა ვალდებულებები ზღვრული თანხის ფარგლებში, კერძოდ, მაქსიმუმ 1 000 000 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი კონვენტირებადი ვალუტით, ხოლო ამავე ხელშეკრულების 3.1. მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტებით და ოვერდარფტებით სარგებლობისას, მსესხებელი ვალდებული იყო ბანკისათვის გადაეხადა საპროცენტო სარგებელი კრედიტის 0,1 პროცენტიდან 4 პროცენტამდე ყოველთვიურად, ხოლო მე-9 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 4 აპრილამდე დრო. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებას წამოადგენს იპოთეკის ხელშეკრულებები. 2008 წლის 4 აპრილს ს/ს “ ... ბანკი “, მ. ა-ძესა და გ. ა-ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 272 000 აშშ დოლარით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 144 თვით და სრული დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის 4 აპრილამდე. კრედიტის სარგებლობისათვის მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა ბანკისათვის სარგებელი 14,5% ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, ს/ს “ ... ბანკი “ მიერ კეთილსინდისიერად შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო 2009 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით მ. ა-ძესა და გ. ა-ძის დავალიანება შეადგენს 322 492,32 აშშ დოლარს, საიდანაც 265 319,63 აშშ დოლარი შეადგენს ძირითად თანხას, 22 544,65 აშშ დოლარი დარიცხულ პროცენტს, 34 628,04 პირგასამტეხლოს, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა დასახელებული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და თავიანთ შესაგებელში განმარტეს, რომ 2008 წლის 4 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 და მე-10 მუხლები ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლისა და სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობებს, კერძოდ, ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა არსებობს, თუ მსესხებელი დაარღვევს გადახდის გრაფიკს ზედიზედ ორჯერ და ბანკის მიერ მიცემულ ვადაში არ გადაიხდის არსებულ დავალლიანებს. 8.4 პუნქტით ასეთი დამატებითი ვადა არის ორი კვირა. ამ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ს/ს “ ... ბანკი “ 2009 წლის 27 ივლისის შეტყობინება, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხეებს სთხოვს არსებული საკრედიტო დავალიანების დაუყონებლივ დაფარვას, დამატებითი 2-კვირიანი ვადის დაწესების გარეშე. შესაგებელში, ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხეებმა სესხი აიღეს უძრავი ქონების შესაძენად თუმცა, ასევე საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს საქართველოში განვითარდა საომარი მოქმედებები, რასაც დაერთო გლობალური ფინანსური კრიზისი, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო უძრავი ქონების ბაზარი. ამდენად, მოპასუხეების ბიზნესი გახდა წამგებიანი და ამ სფეროში განხორციელებულ ინვესტიციებს საფრთხე შეუქმნა. ამდენად, მოპასუხეები ითხოვენს არსებული ხელშკერულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სს ... ბანკი სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს ... ბანკი, მ. ა-ძესა და გ. ა-ძეს შორის 2008 წლის 1 აპრილის “კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ” გენერალური ხელშეკრულება და 2008 წლის 4 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება, გ. ა-ძესა და მ. ა-ძეს სს ... ბანკი სასარგებლოდ, დაეკისრათ 322 492,32 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 265 319,63 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 22 544,65 აშშ დოლარი _ დარიცხული პროცენტი, ხოლო 34 628,04 აშშ დოლარი _ პირგასამტეხლო, დავალიანების გადასახდევინებლად იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:
ბინა მდებარე თბილისში, ... გამზ ¹16, მე-3 სართული, ბინა ¹6, ფართი 250.40 კვ.მ, საკადასტრო კოდი _ ... სარეგისტრაციო ზონა თბილისი კოდი 1, სექტორი – საბურთალო, კოდი 10, კვარტალი ¹14, ნაკვეთი ¹15/021, კოდი 01/06, დაზუსტებული ფართობი 1609.00 კვ.მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი – 15;
უძრავი ქონება მდებარე მცხეთის რაიონის სოფ ... , სარეგისტრაციო ¹... ; სარეგისტრაციო ზონა – ... კოდი 72, სექტორი ... , კოდი 06, კვარტალის ¹10, ნაკვეთი ¹033, დაზუსტებული ფართობი 0,579 ჰექტარი, უფლება _ საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო;
უძრავი ქონება მდებარე მცხეთის რაიონის სოფ ... , სარეგისტრაციო ¹... , სარეგისტრაციო ზონა – ... კოდი 72, სექტორი ... , კოდი 06, კვარტალი ¹10, ნაკვეთი ¹030, დაზუსტებული ფართობი 0,400 ჰექტარი, უფლება _ საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და გ. ა-ძეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მ. და გ. ა-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 06 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს ... ბანკი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია Aშემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 01 აპრილს სს ... ბანკი, მ. ა-ძესა და გ. ა-ძეს შორის გაფორმდა “კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ” გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების შესახებ კონკრეტული ხელშეკრულებების დადებისათვის საბაზისო პირობებზე. ხელშეკრულებით მსესხებლებს წარმოეშვათ უფლება, ეკისრათ ვალდებულებები ზღვრული თანხის ფარგლებში, კერძოდ, მსეხებელთა ჯამური ვალდებულება ბანკის წინაშე განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით (ტომი I, ს.ფ. 15-18);
2008 წლის 01 აპრილის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, იგივე მხარეებს შორის 2010 წლის 04 აპრილს გაფორმდა საკრედიტო ხელშკრულება, რომლითაც ბანკს წარმოეშვა კრედიტის გაცემის ვალდებულება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში, ხოლო მსესხებლებმა აიღეს ვალდებულება კრედიტის დაბრუნებასა და სარგებლის გადახდაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. კრედიტის ოდენობად განისაზღვრა 272 000 აშშ დოლარი, სარგებლის ოდენობად _ წლიურად 14,5%. ხელშეკრულების 10.1 პუნქტით, კრედიტისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 144 თვე (პერიოდი 2020 წლის 04 აპრილამდე) (ტომი I, ს.ფ. 19-22);
2008 წლის 01 აპრილის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებლების ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფას წარმოადგენდა: 1) მ. ა-ძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში, ... გამზ. ¹16-6, 2) მ. ა-ძის კუთვნილი 5791 კვ.მ მიწის ნაკვეთი ¹033 მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ ... , 3) მ. ა-ძის კუთვნილი 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ¹030 მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ ... (ტომი I, ს.ფ. 15-18);
2008 წლის 04 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი მსესხებლების მიერ სრულად იქნა ათვისებული 2008 წლის 05-08 აპრილს (ტომი I, ს.ფ. 29-30, 27-28);
კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევისათვის 2009 წლის 27 ივლისისათვის მ. და გ. ა-ძეების დავალიანებამ შეადგინა სულ 291312,53 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 265319,63 აშშ დოლარი, სარგებელი _ 20994,97 აშშ დოლარი, ხოლო საურავი _ 4997,93 აშშ დოლარი (ტომი I, ს.ფ. 23-26, 29-30, 37);
2008 წლის 04 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების მე-8 მუხლის 4.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შემთხვევა, როცა მსესხებლები დაარღვევენ კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს ზედიზედ ორჯერ მაინც და სრულად არ დაფარავენ მიმდინარე დავალიანებას ბანკის მიერ დამატებით მიცემულ ორკვირიან ვადაში (ტომი I, ს.ფ. 19-22);
სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანკის მხრიდან მსესხებლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაფრთხილებისა და ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი იყო სს ... ბანკი 27.07.09 წერილი, რომლის თანახმად, ბანკი მოვალეს ატყობინებდა, რომ უზრუნველეყო ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა შემდეგი ქმედებები: 1. საკრედიტო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა; 2. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 12%-ის ოდენობით საურავის დარიცხვა, ბანკის ინტერესების დასაცავად საქმის გადაცემა სასამართლოში, მაგრამ, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, აღნიშნული წერილი ბანკის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ ნების გამოვლენად ვერ ჩაითვლებოდა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებების შესაბამისად, ბანკის მხრიდან მსესხებლები ზეპირი ფორმით არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი არსებულ დარღვევებზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გარემოება უარყვეს მოპასუხეებმა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ბანკის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დადგენილად ცნობის საფუძველი სათანადო მტკიცებულების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების მიხედვით, მხარეთა შორის დაიდო გრძელვადიანი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გრაფიკი დარღვეულ იქნა მსესხებელთა მიერ.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2008 წლის 04 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების მე-8 მუხლის 4.1 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შემთხვევა, როცა მსესხებლები დაარღვევენ კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს ზედიზედ ორჯერ მაინც და სრულად არ დაფარავენ მიმდინარე დავალიანებას ბანკის მიერ დამატებით მიცემულ ორკვირიან ვადაში, რაც ცხადყოფდა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და წესი.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია დამატებითი ვადის დაწესების, როგორც უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის, ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორის მიერ, რაც კრედიტორს ართმევდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, არსებული დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებული იყო, რის გამოც იგი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ... ბანკი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბანკის მხრიდან მსესხებლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაფრთხილებისა და ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა, ვინაიდან კასატორის მითითებით, სარჩელზე დართულია დოკუმენტი _ იურიდიული შეტყობინება (2009 წლის 27 ივლისით დათარიღებული) და მისი ადრესატისათვის ჩაბარების დოკუმენტი 00350 გეო ექსპრეს კურიერის მიერ, რაც ცხადყოფს, რომ პალატის მსჯელობა მასზე, რომ საქმეში არ მოიპოვება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან, კასატორის განმარტებით, დავის დაწყებამდე ბანკმა 2009 წლის 13 აგვისტოს სარჩელით მიმართა არბიტრაჟს დავის გადასაწყვეტად და ვინაიდან მოვალეები არ დაეთანხმნენ დავის არბიტრაჟის მიერ განხილვას, სარჩელი დარჩა განუხილევლად. საარბიტრაჟო სარჩელი და მასალები ჩაჰბარდათ მოპასუხეებს და წარმოადგინეს კიდეც წერილობითი შესაგებელი, სადაც თავად მხარეები უთითებდნენ, რომ ბანკმა 2009 წლის 27 ივლისის იურიდიული შეტყობინებით აცნობა, რომ ვალდებულების დაუყოვნებლივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმართავდა სასამართლოს თავისი ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, აღნიშნული შესაგებლით მხარეებმა აღიარეს რომ დასახელებული შეტყობინება ჩაბარებული ჰქონდათ, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით სს ... ბანკი უარი უთხრა დავალიანების თანხისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ ჰქონია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით სს ... ბანკი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ... ბანკი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს ... ბანკი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ... ბანკი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.