ას-717-676-2011 28 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ი-კსი”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ-ნი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ-ნი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ,,ი-კსს’’ დაევალა შპს ,,მ-ნი’’-სათვის მიყიდული ორი კონდიციონერის შეკეთება (საგარანტიო ტალონი ¹04984 და ¹04982) საკუთარი ხარჯებით; ამასთან, შეკეთება უნდა განხორციელებულიყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ,,მ-ნს’’ უფლება ეძლეოდა შეკეთება განეხორციელებინა თავად შპს ,,ი-კსი’’-საგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ი-კსმა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინებით შპს “ი-კსის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კონდიციონერების მწყობრიდან გამოსვლა და დაზიანება შპს ,,მ-ნი’’-ს დაუდევრობით არ გამოწვეულა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო ზემოაღნიშნულ დასკვნამდე მივიდა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2009 წლის 30 აპრილს შედგენილი დასკვნაზე დაყრდნობით და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების განმარტებით. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ნ. ბ-იას ჩვენებით ირკვევა, რომ როცა ფართზე არ ყოფნის კონდიციონერი (რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია), დაზიანება ხდება თანაბრად სამივე ხვიაზე, კონკრეტულ შემთხვევაში ფართის სიდიდეს ამ კონდიციონერებზე ზემოქმედება არ მოუხდენია. ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ის გარემოება, რომ კონდიციონერის დაზიანება გამოწვეულია ინტენსიური მუშაობის შედეგად, ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული არის სავარაუდო შედეგი, ამის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა ფართში სამი კონდიციონერი იყო და გაფუჭდა მხოლოდ ორი, ინტენსიური მუშაობის ბრალი რომ ყოფილიყო, მაშინ მესამეც გაფუჭდებოდა. სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებას, რომ ექსპერტმა ნ. ბ-იამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ვერ დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა დამმონტაჟებლის ბრალეულობას, თუმცა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საგარანტიო პერიოდში კონდიციონერის გაფუჭება არ უნდა მომხდარიყო და რომ აღნიშნულ პერიოდში კონდიციონერის გაფუჭება იყო ქარხნის ბრალი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლი და იმის გათვალისწინებით, რომ კონდიციონერები მწყობრიდან გამოვიდა საგარანტიო ვადაში, მიიჩნია, რომ სწორედ გამყიდველს _ შპს “ი-კსს” უნდა დაემტკიცებინა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მყიდველის ბრალეულობით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე და ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადასტურებულად, რომ კონდიციონერების მწყობრიდან გამოსვლა არ მომხდარა მოსარჩელის დაუდევრობით.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ მიიღო სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს “მ-ნს” მწყობრიდან გამოსული კონდიციონერები არ შეუძენია მოპასუხის მაღაზიათა ქსელში, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე შპს “ი-კსს” ამ ფაქტობრივ გარემოებაზე არ მიუთითებია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, აპელანტი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ იგი არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ შპს ,,მ-ნმა’’ კონდინციონერები შეიძინა შპს ,,გ-კსი’’-ს მაღაზიაში. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მწყობრიდან გამოსულ კონდიციონერებზე საგარანტიო ტალონები _ ¹04982 და ¹04984 გაცემულია სწორედ შპს ,,ი-სის’’ მიერ და დამოწმებულია მისივე ბეჭდით, რითაც უდავოდ დასტურდება, რომ კონდინციონერები ეკუთვნოდა მოპასუხეს (ს.ფ. 11, 12).
აპელანტის მოსაზრებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრო-საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე (მოცემულ შემთხვევაში კი კონდენციონერზე) აუცილებელი იყო ელექტროდამცველის დაყენება, რომელიც ტექნიკას იცავს დაბალი ან მაღალი ძაბვისაგან, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ კონდიციონერების დაზიანება არ მომხდარა დაბალი ან მაღალი ძაბვის გამო. ამდენად, ამ შემთხვევაში ელექტროდამცველის არსებობა-არარსებობის საკითხი არ იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა საგარანტიო ტალონში მითითებული საგარანტიო პირობა, როდესაც მოსარჩელე შპს ,,მ-ნმა’’ მოახდინა კონდინციონერების თვითმონტაჟი, მაშინ როდესაც, საგარანტიო პირობების თანახმად, ელექტრომოწყობილობა, რომელიც მოითხოვდა სპეციალურ ჩართვას (მონტაჟს) უნდა განხორციელებულიყო გარანტის გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ და უნდა ჰქონოდა სათანადო მონტაჟის ჩატარების შესახებ სპეციალური ბეჭედი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ის გარემოება, თუ ვის მიერ იქნა დამონტაჟებული კონდიციონერები, მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას არ წარმოადგენდა, გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტის განმარტებით, დამონტაჟებისას არ ყოფილა დაშვებული რაიმე სახის შეცდომა, ანუ დამონტაჟება არ წარმოადგენდა 2 კონდიციონერის _ საგარანტიო ტალონები ¹04982 და ¹04984 _ მწობრიდან გამოსვლის მიზეზს.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, პალატამ ასევე მიუთითა საგარანტიო ტალონებზე _ ¹04982 და ¹04984 (ს.ფ. 11; 12), სადაც გარანტიის გამცემი ორგანიზაციის ადგილას დასმულია ბეჭედი და მითითებულია იმ პიროვნების სახელი და ტელეფონის ნომერი, ვინც დაამონტაჟა მოწყობილობები და მოსარჩელეს გადასცა საგარანტიო ტალონები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ ვინმე ,,შ.’’ არ იყო არც გარანტის გამცემი ორგანიზაციისა და არც შპს ,,გ-კსის’’ წარმომადგენელი და დამონტაჟებაზე უფლებამოსილი პირი. ხოლო ის გარემოება, რომ შპს “ი-კსი” იყენებს “შ-ას” მომსახურებას ასევე დფასტურდება თვით ამ ორგანიზაციის თანამშრომელის მოწმე ვ. მ-შვილის ჩვენებით (იხ. ს.ფ. 60, ტ.1).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ი-კსის” დირექტორმა თ. ჭ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, ამასთან არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ კონდიციონერების მწყობრიდან გამოსვლა არ მომხდარა მოსარჩელის დაუდევრობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. შპს “ი-კსი იღებს ვალდებულებას შპს “მ-ნს” გადასცეს 2 (ორი) კონდიციონერის ძრავი (კომპრესორი) DAIKIN MOD.ჟთ 160BჩBVIL 2 (ორი) კონდიციონერის შესაკეთებლად, რომელთა საგარანტიო ტალონის ნომრებია ¹04984 და ¹04982. აღნიშნულის გადაცემა გაფორმდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. შპს “ი-კსის” მხრიდან აღნიშნულ აქტს დაამოწმებს საწყობის გამგე ჯ. G-შვილი, ხოლო შპს “მ-ნის” მხრიდან მინდობილი პირი რ. G-იანი;
2. შპს “მ-ნი” იღებს ვალდებულებას საკუთარი ხარჯებით შეაკეთოს 2 (ორი) კონდიციონერი საგარანტიო ტალონით ¹04984 და ¹04982;
3. შპს “მ-ნი” უარს აცხადებს შპს “ი-კზე” დაკისრებული 2010 წლის 24 ივნისის სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაზე, კერძოდ, 568 ლარზე;
4. დასახელებული პუნქტების შეუსრულებლობისათვის თითოეული დამრღვევი ვალდებულია არადამრღვევ პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი
5. 2008 წლის საქმეზე მხარეებს შორის შეწყდეს დავა.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
ა) შპს “ი-კსი იღებს ვალდებულებას შპს “მ-ნს” გადასცეს 2 (ორი) კონდიციონერის ძრავი (კომპრესორი) DAIKIN MOD.ჟთ 160BჩBVIL 2 (ორი) კონდიციონერის შესაკეთებლად, რომელთა საგარანტიო ტალონის ნომრებია ¹04984 და ¹04982.. აღნიშნულის გადაცემა გაფორმდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. შპს “ი-კსის” მხრიდან აღნიშNულს აქტს დაამოწმებს საწყობის გამგე ჯ. გ-შვილი, ხოლო შპს “მ-ნის” მხრიდან მინდობილი პირი რ. გ-იანი;
ბ) შპს “მ-ნი” იღებს ვალდებულებას საკუთარი ხარჯებით შეაკეთოს 2 (ორი) კონდიციონერი საგარანტიო ტალონით ¹04984 და ¹04982;
გ) შპს “მ-ნი” უარს აცხადებს შპს “ი-კზე” დაკისრებული 2010 წლის 24 ივნისის სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაზე, კერძოდ, 568 ლარზე;
დ) დასახელებული პუნქტების შეუსრულებლობისათვის თითოეული დამრღვევი ვალდებულია არადამრღვევ პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი;
ე) 2008 წლის საქმეზე მხარეებს შორის შეწყდეს დავა.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.