Facebook Twitter

საქმე # 110100119003111181

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №674აპ-20 ქ. თბილისი

ჯ–ი ს., 674აპ-20 9 მარტი , 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. ჯ–ს ბრალად ედებოდა:

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ......ის რაიონის სოფელ .......ში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ს. ჯ–მ განაწყენების ნიადაგზე ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის არეში მეუღლის დედას - მ. ფ–ს, რომელმაც ამ ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ...........ის რაიონის სოფელ ..........ში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ს. ჯ–მ, განაწყენების ნიადაგზე მეუღლის დედას - მ. ფ–ს ხელი დაარტყა ზურგის არეში. დაზარალებული შეეცადა გასცლოდა ს. ჯ–ს, თუმცა მან განაგრძო ძალადობა, კერძოდ, მ. ფ–ს ქვა ესროლა ხელის არეში. აღნიშნულ ფაქტს საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან უყურებდა ვ. ლ–ე, რის გამოც, განაწყენებულმა ს. ჯ–მ მეუღლის მამას - ვ. ლ–ეს ორჯერ დაარტყა ხელი მარჯვენა ყურის არეში. ს. ჯ–ის ქმედებებით მ. ფ–მ და ვ. ლ–ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენით ს. ჯ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ამავე განაჩენით გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ა. ჯ–ის, ბ. ჯ–ის, თ. ჯ–ის, მ. ჯ–ისა და ს. ჯ–ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: .........ის მუნიციპალიტეტში, სოფელი ......., ს/კ №.....).

გამართლებულ ს. ჯ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ს. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. 2020 წლის 21 ივლისს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. ზემოაღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ს. ჯ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

- პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, დაკითხული პირები არიან ირიბი მოწმეები და მათი ჩვენებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. სახელმწიფო ბრალმდებელი უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ ს. ჯ–ის საქმე მიეკუთვნება სწორედ იმ საგამონაკლისო შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას.

- უკანონოა სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, შეუძლებელია იმის დადგენა, დაზარალებულებმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და ფიზიკური ტკივილის არსებობა უნდა შემოწმდეს სუბიექტური და ობიექტური ტესტის მიხედვით.

- პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ: ამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს მსჯელობა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. დაზარალებულმა მ. ფ–მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, დაზარალებულმა ვ. ლ–ემ არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება (აღნიშნა, რომ ს. ჯ–ს მასა და მის მეუღლეზე ფიზიკურად არ უძალადია), ხოლო მოწმე ბ. ლ–მ განაცხადა, რომ არ იცის, რისთვის დააკავეს ს. ჯ–ი. რაც შეეხება სხვა მოწმეების ჩვენებებს, ისინი არის ირიბი ხასიათის, არცერთი მათგანი არ არის შემთხვევის თვითმხილველი და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულებისგან.

9. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N... გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №550აპ-19).

10. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის N.......... და N.......... დასკვნებს, აღნიშნულით დადასტურებულია მხოლოდ მ. ფ–სა და ვ. ლ–ს სხეულზე დაზიანებების არსებობა. ის ფაქტი, რომ ეს დაზიანებები დაზარალებულებს ს. ჯ–მ მიაყენა, სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ ვ. ლ–ს გამოკითხვას, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესწრებოდა გარეშე პირი - თ. დ–ი, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ოქმი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 5 თებერვალს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმე თ. დ–ი. ამ მოქმედებით ბრალდების მხარემ დაკარგა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - ნეიტრალური მოწმის ჩვენების სახით, რამაც გავლენა იქონია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს. ჯ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

15. სასამართლო ფიზიკური ტკივილის დადგენის ნაწილთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19), თუმცა აღნიშნულ საკითზე მსჯელობა განსახილველ შემთხვევაში არარელევანტურია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც ძალადობის ფაქტი, რასაც უნდა გამოეწვია ფიზიკური ტკივილი და შესაბამისად არც პირი ვისმა ქმედებამაც გამოიწვია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები.

16. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა (საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მათ შორის ოჯახური ძალადობის საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა), საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე